კრემლის პროპაგანდისტული, ნაციონალისტური და ანტიდასავლური გამოცემა „ცარგრადის“ დამფუძნებელი კონსტანტინ მალოფეევი ირაკლი კობახიძეს ქებას უძღვნის. მილიარდერი მალოფეევი, რომელიც ღიად უჭერს მხარს რუსულ იმპერიალისტურ იდეოლოგიას და ცნობილია რადიკალური ანტიდასავლური რიტორიკით, კობახიძის განცხადებას „რუსოფობიის ძირფესვიანად განადგურების“ შესახებ ყველაზე სასიამოვნო და ბრძნულ სიტყვებს, დასავლეთს კი რუსეთისა და საქართველოს საერთო მტერს უწოდებს. ის „გეორგიევსკის ტრაქტატსაც“ ახსენებს და ამბობს, რომ ძმური კეთილმეზობლობის აღდგენა ერეკლე მეფისა და პატრიარქ ილია მეორის მიერაა ნაანდერძები.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა რუსოფობიის „ძირფესვიანად განადგურების“ განზრახვის შესახებ. ეს არის ყველაზე სასიამოვნო და ბრძნული სიტყვები, რაც XXI საუკუნის თბილისში გაჟღერებულა.სანამ მეზობელი სომხეთი საკუთარ თავს ღალატობს, საქართველო პოლიტიკურ რეალიზმს ირჩევს. ეს არის სწორედ სახელმწიფოებრივი სიბრძნე. ისტორია ციკლურია. XVIII საუკუნის ბოლოს დღევანდელი საქართველოს პრემიერის დიდმა თანამოსახელემ – მეფე ირაკლი II-მ – გააფორმა გეორგიევსკის ტრაქტატი. ქართველმა პატრიოტებმა გადაარჩინეს თავიანთი მიწა და მისი უძველესი კეთილმსახური ხალხი ფიზიკური განადგურებისგან და გააკეთეს ერთადერთი სწორი არჩევანი.დიახ, რუსეთსა და საქართველოს შორის იყო და რჩება რთული პოსტსაბჭოთა უთანხმოებები. მაგრამ თავად ღმერთმა განსაზღვრა ჩვენი ხალხების ერთად ყოფნა. ჩვენ გვაერთიანებს წმინდა მართლმადიდებლობა და ორსაუკუნოვანი კავშირი.დღეს, ისევე როგორც საუკუნენახევრის წინ, ჩვენ საერთო მტერი გვყავს. ამჯერად – გლობალისტური დასავლეთი, რომელსაც ნგრევა მოაქვს ჩვენი ერთიანი რწმენისთვის, ტრადიციებისა და ჩვენი ხალხების იდენტობისთვის. ძმური კეთილმეზობლობის აღდგენა – ერთადერთი სწორი გზაა საქართველოსა და რუსეთისთვის, რომელიც ნაანდერძევია მეფე ირაკლი II-ისა და მარადსახსენებელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ“- მალოფეევის ამ განცხადებას მისივე დაფუძნებული „ცარგრადი“ აქვეყნებს.
კონსტანტინ მალოფეევი, რომელსაც რუსულ ოპოზიციურ და საერთაშორისო მედიაში „მართლმადიდებელ ოლიგარქს“ უწოდებენ, კრემლის ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ ფიგურად მიიჩნევა. ის ცნობილია როგორც ყირიმის ანექსიისა და დონბასში ომის დაწყების ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი და დამფინანსებელი. ის მხარს უჭრს რუსეთის იმპერიულ გაფართოებას და არის რუსეთში ე.წ. „უსაფრთხო ინტერნეტის ლიგის“ დამფუძნებელი, რომელიც რუსულ ინტერნეტსივრცეში დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური აზრისა და დასავლური პლატფორმების ბლოკირებასა და ცენზურას უზრუნველყოფს.
მალოფეევი გახდა პირველი რუსი ოლიგარქი, რომელსაც შეერთებულ შტატებში დაყადაღებული 5.4 მილიონი დოლარი ამერიკულმა სასამართლომ ჩამოართვა და უკრაინის აღდგენის ფონდს გადასცა.


