„ქართული ოცნების“ იერიში არმაზ ახვლედიანის მიერ დაფუძნებულ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაზე. ბახმაროში ჩატარებული სემინარის გამო, რომელიც ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭრით გაიმართა, ოპოზიციონერ პოლიტიკოსსაც და დონორსაც კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებენ. ირაკლი კობახიძემ დღეს საკითხის მოკვლევა და სამართლებრივი რეაგირება დააანონსა.
„საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ყველამ უნდა სცეს პატივი. ჩვენ ბოლომდე დავინტერესდებით, რასთან გვაქვს საქმე. თუ საბოლოოდ დადგინდება – და აშკარად ჩანს, რომ სავარაუდოდ, ამასთან გვაქვს საქმე – რომ დარღვეულია “გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმდებლობა, რა თქმა უნდა, ამაზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება გვექნება“- თქვა კობახიძემ.
შალვა პაპუაშვილმა კი ამ თემას უფრო ვრცელი კომენტარი მიუძღვნა და პირდაპირ დაასახელა მთავარი სამიზნეები – არმაზ ახვლედიანთან ერთად ღონისძიების დონორი. ის ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და დამფინანსებელს სემინარის მსმენელთა „ტვინის გამორეცხვაში“ ადანაშაულებს, ახვლედიანს რადიკალს უწოდებს და ამბობს, რომ ევროსაბჭოს წარმომადგენლობას კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი.
„ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური შინაარსის მქონე პროექტი და სემინარი. სხვათა შორის, წლების წინ ასეთ სემინარებზე მეც გახლდით და, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური პროექტი. რაკი ეს პოლიტიკური პროექტია, ისმის კითხვა – ვინ აფინანსებს? აფინანსებს ევროსაბჭო, არ ვიცი, მარტო თუ სხვებთან ერთად, და თუ აფინანსებს, მაშინ მთავრობის თანხმობა უნდა ჰქონდეს. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური პროექტი, რომელსაც არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის“ სიით შემოვიდა – არის რადიკალი პოლიტიკოსი და აფინანსებენ რადიკალი პოლიტიკოსის პოლიტიკურ პროექტს იმისთვის, რომ შემდეგ ადამიანებს თავიანთი იდეოლოგიურ-პოლიტიკური მოსაზრებებით ტვინი გამოურეცხონ.
არმაზ ახვლედიანი წინა მოწვევის პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის“ სიით იყო. “ნაციონალური მოძრაობა“ ანტიკონსტიტუციური პარტიაა, რომელსაც გასაგებია, რა მიზნებიც აქვს და რამდენჯერ სცადა ხელისუფლების არადემოკრატიული გზით ხელში ჩაგდება. როდესაც ასეთ პოლიტიკოსს პოლიტიკურ პროექტს უფინანსებ, ეს არის პირდაპირ პოლიტიკური დაფინანსება და უნდა გაირკვეს, ჰქონდა თუ არა თანხმობა.სავარაუდოდ, არის ორი შესაძლო ვარიანტი – ეს არის გრანტი, რომელიც არმაზ ახვლედიანის ორგანიზაციას მიეცა, რასაც შესაბამისი თანხმობა სჭირდებოდა და თანხმობა არა აქვს, რაც არის კანონდარღვევა. მეორე – საინტერესოა, თუ ეს იქნება კანონის გვერდის ავლის მოფიქრებული სქემა იმისთვის, რომ სანქციებს გვერდი აუარონ, რაც ასევე კანონდარღვევა იქნება. ევროსაბჭოს წარმომადგენლობას პასუხი აქვს გასაცემი ამ ძალიან მძიმე ბრალდებაზე. არსებობს ეჭვი, რომ პოლიტიკური პროექტის დაფინანსება ქართველი ხალხისა და მისი კანონების გვერდის ავლით ხდება.
თუ ჩემი ისტორია გაინტერესებთ, რაც ბატონმა არმაზმა ძალიან კარგად იცის, ამ პროექტის ღონისძიებაზე 2007 წელს გახლდით, როდესაც 7 ნოემბერი მოხდა. ყველას ძალიან კარგად ახსოვს, 7 ნოემბრის შემდეგ ექსპერტები, რომლებიც ბატონ არმაზს ჰყავდა მოყვანილი – მათ შორის ზოგიერთი დღეს “ენჯეოში“ რომ არის და ჭკუას გვარიგებს – აი ეს ექსპერტები როგორ იცავდნენ “ნაციონალურ მოძრაობას“, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას და მე იქ რას ვეუბნებოდი. მაშინაც ეს იყო იდეოლოგიური – მაშინ მშვენივრად ჩანდა, რა იყო ე.წ. ექსპერტების და მომხსენებლების პოზიციები, როცა მომხდარი იყო 7 ნოემბერი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მას კითხეს, თუ ასეთი ცუდი იყო თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის პროექტი, რატომ იღებდა მაშინ მონაწილეობას, რაზეც პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „იქ, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ და არსებობდა შესაძლებლობა, გეთქვა ის, რისი შელამაზებაც ზოგიერთებს სურდა“.
არმაზ ახვლედიანის მიერ დაფუძნებულ თბილისის პოლიტიკურ სკოლას არსებობის 27-წლიანი ისტორია აქვს. ის ევროპის საბჭოს ეგიდით ფუნქციონირებს. წლების განმავლობაში ამ სკოლასთან კავშირი „ქართული ოცნების“ არაერთ მოქმედ თუ ყოფილ ლიდერს ჰქონია, რაც დღეს, თავად შალვა პაპუაშვილმაც საჯაროდ დაადასტურა. როგორც ირკვევა, ის საერთოდაც, ამ სკოლის კურსდამთავრებულია, ისევე როგორც ამჟამინდელი ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი სოზარ სუბარი. თეა წულუკიანი კი ახვლედიანის სკოლაში მიწვეული ექსპერტი იყო. თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის კურსდამთავრებულია „ტვ იმედის“ წამყვანი ნოე სულაბერიძეც.
არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის სემინარის თემა თავდაპირველად სწორედ „ტვ იმედმა“ წამოწია, რომელიც დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა ბახმაროში გამართულ სემინარს სახელმწიფოს თანხმობა, რაზეც მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ „გრანტების შესახებ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, უცხოური გრანტის გამცემს ანუ დონორს, საქართველოს მთავრობისთვის თანხმობის გაცემის მიზნით არ მოუმართავს. შესაბამისად, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილება არ მიუღია“.
ბახმაროში გამართულ სემინარს, სტუმრის სტატუსით, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკიც ესწრებოდა.


