საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საზოგადოება და მედია გააფრთხილა, რომ რუსეთის მხრიდან ევროპისა და საფრანგეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული თავდასხმების საფრთხე გაძლიერდა.
BBC-ს თანახმად, ელისეს სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე მაკრონმა განაცხადა, რომ ამ საფრთხის საპასუხოდ მან გასცა ბრძანება კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და თავდაცვის ინდუსტრიის ობიექტების დაცვის გეგმის შემუშავების თაობაზე. მაკრონი ამბობს, რომ საფრანგეთი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმების სამიზნე გახდა, რაც „არ დარჩება პასუხის გარეშე“.
ევროპელი ლიდერების მზარდი რაოდენობა აცხადებს, რომ რუსეთი შესაძლოა ამზადებდეს თავდასხმებს, რათა გამოსცადოს მათი ერთგულება უკრაინის მხარდაჭერისადმი.
მაკრონმა ახსენა გასულ თვეში გერმანიაში, ლაიფციგის აეროპორტზე განხორციელებული დრონით თავდასხმა, რომელშიც რუსეთი დაადანაშაულეს და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის სიტყვები, რომელიც ვარაუდობდა, რომ რუსეთი გეგმავდა დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს პოლონეთსა და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის სხვა ქვეყნებზე.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი არ გეგმავს ევროპაზე თავდასხმას, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააფრთხილა ევროპული ქვეყნები უკრაინაში ჯარების გაგზავნის თაობაზე, რაც რუსეთის მიერ აღქმული იქნება როგორც ომის გამოცხადება.
„თუ ევროპა თავს დაესხმება რუსეთს, ეს იქნება სრულიად განსხვავებული ომი და ის იქნება ძალიან მოკლე“, – თქვა მან.
მაკრონი ასევე შეეხო ენერგეტიკულ სიტუაციას და აღნიშნა, რომ მთავრობას დაევალა კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და თავდაცვის ინდუსტრიისა და ტექნოლოგიების „ყველაზე მგრძნობიარე“ ობიექტების დაცვა დრონებისა და კიბერთავდასხმებისგან. მან ასევე გამოაცხადა, რომ საფრანგეთი მოიწვევს G7-ის შეხვედრას ენერგეტიკის თემის განსახილველად და ევროკომისიასთან გაზის მარაგების საკითხს წამოჭრის.


