ევროკავშირი გახსნის თავის ფართო ეკონომიკას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გაწევრიანების როგში დგანან, თუმცა იმ პირობით, თუკი ისინი დათანხმდებიან ბლოკთან ერთად დგომას მტრული სახელმწიფოებისა და ინდუსტრიული კონკურენტების წინააღმდეგ – ნათქვამია ევროკომისიის წინადადების პროექტში, რომელიც POLITICO-მ მოიპოვა.
კანდიდატ ქვეყნებს — რომელთაგან ზოგიერთი ათწლეულების განმავლობაში ელოდება ევროკავშირის წევრობას — შესთავაზებენ უპრეცედენტო „ეტაპობრივ ინტეგრაციას“ ერთიან ბაზარზე, მათ შორის შეუფერხებელ ვაჭრობასა და კვლევით პროგრამებზე წვდომას, სანამ მათი განაცხადები დამუშავების პროცესშია, ნათქვამია გეგმის პროექტში.
მას ზედამხედველობას უწევდა ურსულა ფონ დერ ლაიენის მთავარი მრჩეველი ალექსანდრ ადამი — საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ყოფილი თანაშემწე.
როგორც POLITICO წერს, ადამის ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში, უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთსა და მონტენეგროს შესთავაზებენ „საგზაო რუკებს“, რომლებიც მიზნად ისახავს მომავალ წლებში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას. სხვებისთვის, როგორებიცაა ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სერბეთი და თურქეთი, პროცესი გაჭიანურდა — გაჩნდა შიში, რომ ისინი ჩამოშორდებიან პროცესს ან უფრო მეტად მიიზიდებიან რუსეთის ან ჩინეთისკენ.
კომისიის გეგმის მიხედვით, კანდიდატი ქვეყნებისთვის შეთავაზებული ეკონომიკური სარგებელი დამოკიდებული იქნება მათ მიერ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიზნების მხარდაჭერაზე, ხოლო ერთიან ბაზარზე წვდომა დამოკიდებული იქნება იმაზე, რომ მათ არ გაუზიარონ ძირითადი ტექნოლოგიები მტრულ სახელმწიფოებსა და სავაჭრო კონკურენტებს.
მიმოხილვის მიხედვით, კანდიდატი ქვეყნების საბოლოო მიზანი უნდა იყოს ევროკავშირის სრული წევრობა. „თუმცა გაწევრიანებას დრო სჭირდება: კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა გაიარონ მკაცრი, დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და განახორციელონ შორსმიმავალი და გრძელვადიანი რეფორმები. ეს დრო სრულად უნდა იქნას გამოყენებული სტრატეგიულად, რათა კავშირი მომზადდეს უფრო დიდი წევრობისთვის და გაღრმავდეს ეტაპობრივი ინტეგრაცია საერთო ინტერესის სფეროებში“— ნათქვამია დოკუმენტში.
თუმცა, სარგებელი დამოკიდებული იქნება იმაზე, რომ ქვეყნებმა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში „წვდომა უნდა შეჩერდეს ან გაუქმდეს, როდესაც ეს გამართლებულია“, — წერია მიმოხილვაში.
ევროკავშირი ასევე შეიცვლება უფრო ფართო წევრობის მისაღებად, რაც ბევრად სცილდება მდიდარი დასავლეთ ევროპული დემოკრატიების კლუბს, როგორადაც ის თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული. ბლოკს შეუძლია შეცვალოს თავისი წესები, რათა ნაკლებად მოწყვლადი იყოს ცალკეული წევრების ახირებების მიმართ, ევროკავშირის კანონმდებლობის ფუნდამენტური მუხლების გახსნისა და ბლოკის მასშტაბით ეროვნული რეფერენდუმების პოტენციური პროვოცირების გარეშე – ასკვნის მიმოხილვა,
განხილულ ვარიანტებს შორისაა ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მეტი გადაწყვეტილება იქნას მიღებული წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობით.
„კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრა უკვე ზოგადი წესია ხელშეკრულებების მიხედვით, მაგრამ ერთსულოვნება რჩება რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროში. წევრობის ზრდასთან ერთად, შეფერხების ან ბლოკირების რისკი სავარაუდოდ გაიზრდება“, — ნათქვამია ტექსტში.
მუხლები, რომლებიც იძლევა გადაწყვეტილებების უმრავლესობის კენჭისყრით მიღების საშუალებას ერთსულოვნების ნაცვლად, შეიძლება გამოყენებულ იქნას სანქციების მიღების, ადამიანის უფლებათა კრიზისებზე რეაგირებისა და კონფლიქტის ზონებში სამოქალაქო მისიების განლაგების გასამარტივებლად, ნათქვამია მიმოხილვაში. თუმცა, ეს მუხლები თავდაპირველად მოითხოვს წევრი ქვეყნების ერთსულოვან მხარდაჭერას გასააქტიურებლად.
ევროკავშირის ლიდერებს მთელი ბლოკიდან სთხოვენ მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში იმის შესახებ, თუ როგორ შემოიყვანონ ახალი წევრები ბლოკში — და რა შესთავაზონ მათ, ვინც ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმშია. ორდღიანი სამიტი ბრიუსელში15 ოქტომბრიდან დაიწყება.


