ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ ოფიციალური საჩივარი შეიტანოს.
საკანონმდებლო ორგანოში გამართულ კენჭისყრაზე ინიციატივას მხარი 102 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 47 წინააღმდეგი წავიდა.
დეპუტატ ქუინი რაჟკოვსკის მიერ წარდგენილ ოფიციალურ დოკუმენტში ნიდერლანდების პარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიულ კანონმდებლობასა და პოლიციურ ძალადობას იყენებს, ქვეყანა კი რუსულ ავტორიტარულ მოდელს უახლოვდება.
„პალატა, მოისმინა რა მსჯელობა:
აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიულ კანონმდებლობასა და პოლიციურ ძალადობას იყენებს;
მიიჩნევს, რომ ეს მოვლენები იმ ტენდენციის ნაწილია, რომლის შედეგადაც საქართველო რუსულ მოდელს უახლოვდება;
აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, ამგვარი ქმედებების დასასჯელად სახელმწიფოთაშორისი საჩივრის უფლება გამოიყენონ;
მოუწოდებს მთავრობას, თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს წინააღმდეგ საჩივარი შეიტანოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“ – წერია რეზოლუციაში.
ევროკონვენციის 33-ე მუხლი ითვალისწინებს უნიკალურ სამართლებრივ ინსტრუმენტს — სახელმწიფოთაშორის დავას, რომლის დროსაც სავალდებულო პირობას არ წარმოადგენს, რომ მომჩივანი ქვეყანა უშუალოდ იყოს დაზარალებული.
კენჭისყრამდე, ნიდერლანდების მინისტრთა კაბინეტმა აღნიშნულ პროექტს უარყოფითი რეკომენდაცია მისცა, თუმცა დეპუტატებმა სამთავრობო პოზიცია უგულებელყვეს და რეზოლუცია მაინც დაამტკიცეს.


