ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის ინტერესების ლობირებაში დასდეს ბრალი

დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს მის სიძესა და უფროს მრჩეველს, ჯარედ კუშნერს, წვდომა ჰქონდა საბანკო ანგარიშზე, რომელზეც თანხებს საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერი მოჰამედ ბინ ზაიდი რიცხავდნენ. ამის შესახებ ჟურნალისტი მეთიუ კოული კუშნერის შესახებ დაწერილ წიგნში წერს. თავად კუშნერმა ბრალდებებს „შეშლილი“ უწოდა.

საიდუმლო ფონდის ისტორია, რომელშიც საამიროებისა და საუდის არაბეთის ლიდერები თანხებს რიცხავდნენ და რომელზეც კუშნერს წვდომა ჰქონდა, მეთიუ კოულმა დეტალურად აღწერა წიგნში „პრინცები და ქურდები: ჯარედ კუშნერისა და მოჰამედ ბინ ზაიდის საიდუმლო შეთქმულება ახლო აღმოსავლეთის გარდასაქმნელად“.

Vanity Fair-ში წიგნის ერთ-ერთი თავის გამოქვეყნების შემდეგ ჯარედ კუშნერმა გამოძიებას „აღმაშფოთებელი მონაგონი“, ასევე „ფანტაზიის, მხატვრული გამონაგონისა და მიკერძოებული პროპაგანდის ნაზავი“ უწოდა.

რუსი ჰაკერი და გატეხილი ტელეფონი

კოული თავის წიგნში წერს, რომ 2017 წლის ბოლოს ნიდერლანდების სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურმა (MIVD) რუსი ჰაკერი, რუსეთის სამხედრო დაზვერვის — ГРУ-ს თანამშრომელი დააკავა. მას არჩევანი შესთავაზეს: ან დიდ ბრიტანეთს გადასცემდნენ, სადაც ჯაშუშობის ბრალდებით პატიმრობა ელოდა, ან ნიდერლანდების დაზვერვასთან ითანამშრომლებდა. რუსმა ჰაკერმა მეორე ვარიანტი აირჩია.

შემდეგ, კოულის წყაროების მტკიცებით, ნიდერლანდების დაზვერვამ დისტანციურ სერვერზე შენახულ ზოგიერთ ფაილზე წვდომა მოიპოვა. მათ შორის ჯარედ კუშნერის iPhone-ის ეკრანის სურათები აღმოჩნდა.

თავდაპირველად ნიდერლანდების სპეცსამსახურები რუსეთთან კავშირების კვალს ეძებდნენ. მათ კუშნერის ტელეფონის გატეხვის მექანიზმი შეისწავლეს, ამ მოდელის მოწყვლადობა აღმოაჩინეს და საბოლოოდ ტელეფონის ეკრანზე წვდომა მოიპოვეს. მეთიუ კოულის მტკიცებით, ყოველ ჯერზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ტელეფონს იყენებდა, ეკრანის გამოსახულება ნიდერლანდების სპეცსამსახურებთან ინახებოდა.

კერძოდ, მათ აღმოაჩინეს, რომ კუშნერი ტელეფონით საამიროებში არსებულ საბანკო ანგარიშზე შედიოდა. იმ დროისთვის ამ ანგარიშზე აზერბაიჯანის ერთ-ერთი ბანკიდან ასობით მილიონი დოლარი იყო ჩარიცხული. თავდაპირველად ნიდერლანდების დაზვერვამ ივარაუდა, რომ ანგარიში სწორედ აზერბაიჯანის მთავრობას უკავშირდებოდა.

ერთობლივი საბანკო ანგარიში

2017 წლის 20 იანვარს, ინაუგურაციისთანავე, დონალდ ტრამპმა ჯარედ კუშნერი თავის უფროს მრჩევლად დანიშნა. ცნობილ დეველოპერსა და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის სიძეს საგარეო პოლიტიკის გამოცდილება არ ჰქონდა, თუმცა ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს თავისი სარგებლიანობა დაამტკიცა.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ კუშნერი ახლო აღმოსავლეთში მისი სპეციალური წარმომადგენელი გახდებოდა და პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოგვარებაზე იმუშავებდა.

ტრამპის პირველი ვადის დასაწყისში მის ადმინისტრაციასთან აქტიურ მოლაპარაკებებს ახლო აღმოსავლეთის ორი ყველაზე გავლენიანი პირი აწარმოებდა: საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი და საამიროების ფაქტობრივი მმართველი მოჰამედ ბინ ზაიდი. კერძოდ, ისინი სთავაზობდნენ აშშ-სა და მექსიკას შორის იმ კედლის მშენებლობის დაფინანსებას, რომლის აგებასაც ტრამპი დაჰპირდა ამომრჩევლებს, და ამ მიზნით საიდუმლო ფონდის შექმნას. კოულის ცნობით, ამ იდეას ისინი კუშნერთან განიხილავდნენ, თუმცა შემდეგ პროექტი შეჩერდა.

ავტორის მტკიცებით, ამის ნაცვლად ახლო აღმოსავლეთის ორმა ლიდერმა კუშნერთან დაკავშირებულ ორ საბანკო ანგარიშზე ჯამში დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი შეიტანა.

კოულის წიგნის გამოქვეყნებულ თავში დეტალურადაა აღწერილი, როგორ იმართებოდა ეს ორი ანგარიში.

პირველი ანგარიში საამიროების უმსხვილეს ბანკში, First Abu Dhabi Bank-ში იყო გახსნილი. ბანკს მოჰამედ ბინ ზაიდის ძმა, ტაჰნუნ ბინ ზაიდი ხელმძღვანელობს, რომელსაც ბანკის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. მეთიუ კოულის მტკიცებით, 2017 წლიდან საუდის არაბეთმა და საამიროებმა ამ ანგარიშზე დაახლოებით 750 მილიონი დოლარი გადარიცხეს.

ანგარიში „საგარეო პოლიტიკის ფონდად“ უნდა გამოეყენებინათ. თანხებს კუშნერი და მოჰამედ ბინ ზაიდი აკონტროლებდნენ და ნაწილობრივ მართავდნენ. იმ პერიოდში ისინი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოსაგვარებლად ფართომასშტაბიანი შეთანხმების მიღწევას ცდილობდნენ.

თანხები ამ ანგარიშზე აზერბაიჯანული ბანკის გავლით ირიცხებოდა. კოული აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანული ბანკები გამჭვირვალობის მაღალი დონით არ გამოირჩევიან და ხშირად ახლო აღმოსავლეთიდან მილიონობით დოლარის გადარიცხვისთვის „შუალედურ პუნქტად“ გამოიყენება.

კუშნერი ანგარიშის მფლობელი არ ყოფილა, თუმცა მასზე წვდომა ჰქონდა.

მეორე ანგარიში, რომელზეც მოჰამედ ბინ ზაიდი თანხებს რიცხავდა, ისრაელში იყო გახსნილი. მეთიუ კოულის მტკიცებით, 2018 წლის გაზაფხულისთვის მემკვიდრე პრინცმა აზერბაიჯანის გავლით ისრაელში კუშნერისთვის დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი გადარიცხა.

კოულის წყაროების ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამ ოპერაციების შესახებ იცოდა და კუშნერს პირადად შესთავაზა თანხის ისრაელის ბანკში, სახელმწიფო ანგარიშზე განთავსება. წიგნის ავტორის მტკიცებით, ანგარიშის შესახებ ინფორმირებული იყო ისრაელში აშშ-ის ელჩი დევიდ ფრიდმანიც. თავად ფრიდმანი ამას უარყოფს, აზუსტებს კოული.

„ჯარედი დიპლომატიაში შემოვლით გზებს ეძებდა“, — ციტირებს კოული წყაროს, რომელიც კუშნერსა და საამიროებს შორის გარიგებას იცნობდა. ავტორის განმარტებით, ეს პირი საამიროებისა და ისრაელის მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს საიდუმლო ფინანსურ შეთანხმებაზე, რომელშიც კუშნერი, საამიროები და, სულ მცირე, საწყის ეტაპზე, საუდის არაბეთი მონაწილეობდნენ.

„ჯარედი მოჰამედ ბინ ზაიდს დაჰპირდა, რომ თუ ისინი ფონდში მონაწილეობას მიიღებდნენ, ტრამპთან მათ ინტერესებს წინ წასწევდა. მას ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება სურდა, რათა ბიზნესი განვითარებულიყო“, — განმარტავს წყარო.

ამ პირის თქმით, საიდუმლო ფონდი — არაფორმალური დიპლომატიური მიზნებისთვის გაერთიანებული თანხები — სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების მთავრობებში კორუფციის საკმაოდ გავრცელებული ფორმაა.

„საამიროები და საუდელები ამას წელიწადში ერთხელ აკეთებენ. ერთი ან ორი მილიარდი მათთვის არაფერია და თუ ამით სასურველ შედეგს იღებენ, მიაჩნიათ, რომ ფული კარგად დახარჯეს“.

რაში ადანაშაულებენ კუშნერს?

გამოქვეყნებული თავის ბოლოს მეთიუ კოული აჯამებს საკითხებს, რომლებმაც, მისი შეფასებით, ამ ისტორიის შემდეგ ჯარედ კუშნერის მიმართ პრეტენზიები შეიძლება წარმოშვას:

  • კუშნერი, როგორც პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი, ოფიციალურად საჯარო მოხელე იყო. მისი თანამდებობა მოითხოვდა როგორც ეთიკური ნორმების შესაბამისად ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნებას, ისე ყოველწლიურად საჯარო და კონფიდენციალური ფინანსური დეკლარაციების წარდგენას. ვინაიდან მას საიდუმლო სახელმწიფო ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდა, ვალდებული იყო გაემჟღავნებინა ინფორმაცია ყველა საბანკო ანგარიშის შესახებ, რომლის ბენეფიციარიც იყო ან რომელზეც ხელმოწერის უფლება ჰქონდა.
  • ფედერალური რეგულაციებისა და საგადასახადო სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად, კუშნერი ვალდებული იყო ანგარიშზე საკუთარი წვდომა გაემჟღავნებინა. კოულის შეფასებით, თუ საამიროების ბანკში არსებულ ანგარიშზე მისი წვდომა აშშ-ის მთავრობისთვის ცნობილი და მის მიერ დამტკიცებული არ ყოფილა და არც მის საგადასახადო დეკლარაციაში ასახულა, ეს აშშ-ის კანონმდებლობას არღვევს.
  • კოულის მტკიცებით, მოჰამედ ბინ ზაიდი და მოჰამედ ბინ სალმანი, ფაქტობრივად, კუშნერს აშშ-ის მთავრობაზე გავლენის მოხდენისთვის უხდიდნენ. ავტორის შეფასებით, აშშ-ის პოლიტიკაზე ზემოქმედების ნებისმიერი მცდელობა იმ უცხო ქვეყნის მთავრობის დავალებით, რომელმაც მას თანხა გადასცა, კუშნერს უცხო სახელმწიფოს აგენტად აქცევდა. კოული წერს, რომ აშშ-ის კანონი უცხო სახელმწიფოს ინტერესების ლობისტ მოქალაქეებს ავალდებულებს, იუსტიციის დეპარტამენტს აცნობონ საკუთარი საქმიანობისა და იმ ქვეყნის შესახებ, რომლის სახელითაც მუშაობენ.

კუშნერისა და მისი ადვოკატების რეაქცია

Vanity Fair-ში წიგნის თავის გამოქვეყნებიდან მალევე ჯარედ კუშნერმა მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა.

„ავტორის მტკიცებები სრულიად შეშლილია — მსგავსი არაფერი მომხდარა. ჩვენ თითოეული მათგანი ოფიციალურად უარვყავით, თუმცა ავტორმა მათ დასადასტურებლად უმცირესი მტკიცებულებაც კი ვერ წარმოადგინა. არ წარმოუდგენიათ არც საბანკო ამონაწერები, არც ფულადი გადარიცხვების ჩანაწერები, არც ანგარიშების ნომრები და არც ტრანზაქციების თარიღები — მოკლედ, არანაირი გადამოწმებადი მონაცემი, რომელიც ამ დაუჯერებელ ბრალდებებს გაამყარებდა“, — დაწერა კუშნერმა სოციალურ ქსელ X-ში.

ჯერედ კუშნერი და ივანკა ტრამპი

„იმ პერიოდში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გულდასმით შესწავლილი ადამიანი ვიყავი: ჩემკენ იყო მიმართული მედიის ყურადღება, ჩემთან დაკავშირებით კონგრესში მრავალი გამოძიება მიმდინარეობდა, ასევე ტარდებოდა გამოძიება სპეციალური პროკურორის ხელმძღვანელობით. გამოძიებას ნებაყოფლობით ვთანამშრომლობდი და ჩვენებები მივეცი, რომელთა საერთო ხანგრძლივობამ 30 საათს გადააჭარბა. მაშინ არცერთი ეს ბრალდება არ გაჟღერებულა — უბრალოდ იმიტომ, რომ აღწერილი მოვლენები არასოდეს მომხდარა. ეს აღმაშფოთებელი მონაგონია, რომელსაც „ჟურნალისტურ გამოძიებად“ წარმოაჩენენ. ჟურნალისტიკასთან ამას არაფერი აქვს საერთო. ეს არის ფანტაზიის, მხატვრული გამონაგონისა და მიკერძოებული პროპაგანდის ნაზავი, შექმნილი ადამიანის მიერ, რომელიც ან ფსიქიკურად არაჯანსაღია, ან ბოროტი განზრახვით მოქმედებს“, — დაწერა კუშნერმა.

კუშნერის ადვოკატებიც უარყოფენ მათი კლიენტის რაიმე უკანონო მაქინაციაში მონაწილეობას. წიგნის ავტორმა კომენტარისთვის კუშნერის წარმომადგენელს მიმართა. წარმომადგენლის განცხადებით, ჯარედ კუშნერს პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობის პერიოდში უკანონო ქმედებები არ ჩაუდენია; წარმოდგენა არ აქვს ნახსენები ანგარიშების შესახებ; უცხო ქვეყნების მთავრობებთან ურთიერთობისას კი კანონის ყველა მოთხოვნას იცავდა.

გარდა ამისა, წიგნში მოყვანილ ადვოკატის ერთ-ერთ კომენტარში ნათქვამია, რომ კუშნერს „უცხო ქვეყნების ლიდერებთან ან თანამდებობის პირებთან არ დაუდია არცერთი შეთანხმება და არ მიუღწევია ისეთი შეთანხმებისთვის, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტთან არ იქნებოდა შეთანხმებული და შეერთებული შტატების საუკეთესო ინტერესებს არ შეესაბამებოდა“.

პოპულარული

მიგრანტებმა საფრანგეთი ხელში ჩაიგდეს – უნდა ჩაკეტონ საზღვრები – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს.„მიგრანტებმა...

ომს არ ვაგებთ, მაგრამ რუსეთის გამო ხალხს ვკარგავთ – ზელენსკი

"ომს არ ვაგებთ, მაგრამ რუსეთის გამო ხალხს ვკარგავთ "-...

ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უკრაინას მხარდაჭერის გაგრძელება აღუთქვა

ევროკავშირი არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ომის...

რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება სოციუმის დიდ ჯგუფს – ჯაფარიძე

რამდენიმე პარტია კი არ იკრძალება, დე-ფაქტო პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება...

ეტყობა, ჩემი შვილის ტელეფონში ისეთი კომპრომატია, რომ შეძრავს ამ ქვეყანას – ფეიქრიშვილის დედა

გლდანის ციხეში მყოფი დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა "პირველებთან"...

“გახარიას პარტია კეკლუცობს და გვაჩვენებს თავს, ვითომ “მე კარგი მონა ვარ” – ზურაბიშვილი

""გახარიას პარტია კეკლუცობს და გვაჩვენებს თავს, ვითომ "მე კარგი...

ქეითი ზაქარია წარუმატებელი დებიუტის შემდეგ თეთრი სახლის პრესმდივნის პოსტს ტოვებს

ქეითი ზაქარია თეთრი სახლის პრესმდივნის პოსტს ტოვებს. მას ეს...

გიორგი კირვალიძე იზოლატორის დატოვებისას ისევ დააკავეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული, სპორტსმენი გიორგი კირვალიძე 7-დღიანი ადმინისტრაციული...

ყველა ამბავი

პოლონეთში ანტიპუტინისტი რუსი მხატვრის მკვლელობის საქმეზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში მხატვარ სკრეპეცკის მკვლელობის საქმეზე მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს. ის საქართველოს მოქალაქეა.მედიის ინფორმაციით, ის სემიონ სკრეპეცკის უთვალთვალებდა.პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს...

სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში – ხოშტარია

"სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში" - „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია...

მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

სუს-ის ინფორმაციით 2024 წლის 16 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური...

დაკავებული ჟურნალისტის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. დაკავებულის და ამბობს, რომ წაიღეს ტელეფონი და კომპიუტერი. ის ძმის დაკავებასა და...

ტრამპს შეუძლია ძალიან მარტივად დასვას პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან: ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოდკასტში The Diary of a CEO სტივენ ბარტლეტთან ინტერვიუს დროს, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივებსა და...

გიორგი ფეიქრიშვილს გაეწია სამედიცინო დახმარება, ახლა საკანშია გადაყვანილი – პენიტენციური

"გიორგი ფეიქრიშვილს გაეწია სამედიცინო დახმარება, ახლა საკანშია გადაყვანილი " - სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმარ გიორგი ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას...

მოსამართლეები იქცევიან როგორც „ქართული ოცნების“ აქტივისტები – წითლიძე

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები იქცევიან როგორც „ქართული ოცნების” აქტივისტები და არა ისე, როგორც მოსამართლეები, რომლებიც პასუხისმგებლები და ანგარიშვალდებულები არიან მხოლოდ...

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე: დღე II

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების სარჩელის განხილვა გრძელდება.დღევანდელი სხდომა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას გამოსვლით დაიწყო,...

 აშშ-ისგან დახმარება რომ არ ყოფილიყო, ახლა უკრაინა არ იქნებოდა – რუბიო

აშშ-ისგან დახმარება რომ არ ყოფილიყო, უკრაინა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, აღარ იარსებებდა, - ამის შესახებ  ინდოეთში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა...

დავით ფეიქრიშვილმა ინფორმაცია მოგვაწოდა სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებზე – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, დღეს, 22 ოქტომბერს, მათმა წარმომადგენლებმა კლინიკა ვივამედში მოინახულეს დავით ფეიქრიშვილი."მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს მსჯავრდებულ...

შემაშფოთებელია უცხოელების განცხადებები საკონსტიტუციოსთან დაკავშირებით – პაპუაშვილი

"შემაშფოთებელია უცხოელების განცხადებები საკონსტიტუციოსთან დაკავშირებით" - აცხადებს ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. "შემაშფოთებელია, ბოლო დღეებში, ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის...

თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო გაუფორმდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

მუქარის ბრალდებით დაკავებულ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და  სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.ელიზბარაშვილს 9 თვე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც...