ქეითი ზაქარია თეთრი სახლის პრესმდივნის პოსტს ტოვებს. მას ეს თანამდებობა ერთ კვირაზე ნაკლები ხნის განმავლობაში ეკავა, თუმცა მედიამ მისი დებიუტი თავიდანვე წარუმატებლად შეაფასა, პარასკევს კი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას საჯაროდ ურჩია, საქმიანობის შეცვლაზე დაფიქრებულიყო.
ზაქარია, რომელიც მუშაობას ორშაბათს შეუდგა, პირველი ოფიციალური ბრიფინგის შემდეგ კრიტიკის ტალღის წინაშე აღმოჩნდა — მისი გამოსვლა ბევრმა წარუმატებლად მიიჩნია. გარდა ამისა, მას ადანაშაულებენ, რომ თავს იურისტად ასაღებდა.
„მე ვუთხარი: „ქეითი, იცი, თუ არ გინდა, ამის კეთება არ გევალება. შენს ადგილას კიდევ ერთხელ დავფიქრდებოდი““, — უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს პარასკევს, საპრეზიდენტო ვერტმფრენ Marine One-თან საუბრისას.
ამასთან, პრეზიდენტს თავისი პრესმდივნის გადადგომა პირდაპირ არ უხსენებია, როგორც უკვე მომხდარი ფაქტი.
თუმცა მალევე თეთრმა სახლმა მედიას დაუდასტურა, რომ ქეითი ზაქარია პრესმდივნის თანამდებობიდან სხვა სამუშაოზე „გადადის“. ჯერჯერობით უცნობია, როდიდან შეწყვეტს ის მოვალეობების შესრულებას და რას გააკეთებს მომავალში.
როგორც BBC-ის კორესპონდენტი ბერნდ დებუსმანი უმცროსი იუწყება, რომელიც დონალდ ტრამპს ჯორჯიის შტატში ვიზიტისას ახლავს, ზაქარია საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე უკვე აღარ იმყოფება.
ენტონი სკარამუჩი, რომელიც ტრამპმა 2017 წელს, თანამდებობაზე მუშაობის დაწყებიდან სულ რაღაც 11 დღეში, თეთრი სახლის პრესმდივნის პოსტიდან გაათავისუფლა, ქეითი ზაქარიას შესახებ ცნობას სოციალურ ქსელ X-ში უკვე გამოეხმაურა: „რეკორდები იმისთვის მყარდება, რომ მოხსნან. თუმცა სხვისი წარუმატებლობა არ მახარებს“.
წარუმატებელი დებიუტი
ზაქარია მწვავე კრიტიკის წინაშე აღმოჩნდა სამშაბათს, პრესმდივნის რანგში თავისი პირველი გამოსვლის შემდეგ. ბრიფინგი 15 წუთზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში მან ჟურნალისტების მხოლოდ სამ კითხვას უპასუხა.
ეჭვები მისმა იურიდიულმა კვალიფიკაციამაც გამოიწვია. ტრამპმა ზაქარია „ადვოკატად“ წარადგინა, თავადაც თავს იურისტად წარადგენდა. თუმცა მედიამ მალევე აღმოაჩინა, რომ ის არცერთ შტატში არ არის რეგისტრირებული ლიცენზირებულ ადვოკატად, ხუთშაბათს კი თავად აღიარა, რომ ლიცენზიის მისაღები გამოცდა ვერ ჩააბარა. ლიცენზიის არქონა მას უფლებას არ აძლევს, თავი ადვოკატად წარადგინოს.
ზაქარიამ კალიფორნიაში, პეპერდაინის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა დაამთავრა.
მთელი კვირის განმავლობაში ზაქარიას კრიტიკისგან თავის დაცვა და მედიის უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემა უწევდა — როგორც საკუთარი კვალიფიკაციის, ისე ახალ თანამდებობაზე მუშაობისთვის მზადყოფნის შესახებ.
ვინ არის ქეითი ზაქარია
42 წლის ქეითი ზაქარია დონალდ ტრამპის ორი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში მისი მეექვსე პრესმდივანი გახდა. მან ამ პოსტზე დეკრეტულ შვებულებაში გასული კეროლაინ ლევიტი შეცვალა.
მანამდე ის რეგულარულად ჩნდებოდა კონსერვატიული ტელეარხების, Newsmax-ისა და Fox News-ის ეთერში პოლიტიკური კომენტატორის რანგში.
LinkedIn-ზე მისი პროფილის თანახმად, ზაქარია მანამდე მცირე ხნით მუშაობდა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის (DHS) პრესმდივნად, ასევე — ტრამპის სოციალური ქსელის, Truth Social-ის კომუნიკაციების მრჩევლად.
კარიერის დასაწყისში ზაქარია სტაჟირებას გადიოდა რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ კომიტეტში, 2006 წელს კი, ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობის დროს — თეთრი სახლის პოლიტიკურ საკითხთა განყოფილებაში.
პარასკევს ტრამპმა ზაქარიას „ერთგული“ და „MAGA-ს მოძრაობის მტკიცე მხარდამჭერი და მონაწილე“ უწოდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მან დასძინა, რომ ზაქარია „ყოველთვის ურყევად უჭერდა მას მხარს“.


