ზაზა სარალიძე პროკურატურის შენობის ეზოში იმყოფება და მთავარ პროკურორთან შეხვედრას მოითხოვს. ზაზა სარალიძესთან ერთად ადგილზე იმყოფებიან მალხაზ მაჩალიკაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი.
ალეკო ცქიტიშვილის განმარტებით, მას პროკურატურისგან აინტერესებს პასუხი საქმეზე, რომლის გამოსაძიებლად “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” მიმართა მას შემდეგ, არც გასულ წელს, პარლამენტთან შვილმოკლული მამების აქციის მონაწილეებს სამართალდამცავებმა შეუზღუდეს კარვების გაშლის კანონიერი უფლება.
ცქიტიშვილის განცხადებით, ამ საქმის გამოძიება მნიშვნელოვანია, რადგან პირდაპირ უკავშირდება კარვის გაშლისთვის ხელისშეშლის დროს ზაზა სარალიძის დაპირისპირებას სამართალდამცავებთან, რომლის გამოც ბრალი წაუყენეს და პატიმრობა ემუქრება. ალეკო ცქიტიშვილის თქმით, “ადამიანის უფლებათა ცენტრი” პროკურატურისგან განსხვავებით თვლის, რომ ზაზა სარალიძე არა დამნაშავე, არამედ დაზარალებულია.










