მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, რომელსაც ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობასა და პირადი ინფორმაციის ხელყოფაში ადანაშაულებენ, ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.
თემურ აბაზოვი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს, მას შემდეგ, რაც სტუდია მონიტორის საგამოძიებო მასალა გავრცელდა. მასალაში ასახული იყო, რომ მოქალაქე, რომელმაც საქართველოს ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს აგინა და ძალადობის მსხვერპლი გახდა.
პროკურატურა აცხადებს, რომ ამ პირს აბაზოვმა სახეში შეაფურთხა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე. თავდაპირველად გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე დაიწყო. მოგვიანებით ბრალდებას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტითა და სოციალური ქსელებით გავრცელება დაემატა.
10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ აბაზოვმა სამსახურში განაცდურის სახით 32 000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა, რაზეც მარნეულის მერიისგან უარი მიიღო. აბაზოვი ბრალს არ აღიარებს.














