ამერიკელ ბიჭს და მის მეგობარ გოგონას ტაილანდში სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. მათ ტაილანდის ტერიტორიულ წყლებში სახლის მშენებლობაში ედებათ ბრალი.
ჩად ელვარტოვსკი და მისი მეგობარი გოგონა სუპრანი ტეპდეტი იძულებულნი არიან დიამალონ. ტაილანდის სამხედრო–საზღვაო ძალები თვლიან, რომ ისინი ქვეყნის სუვერენიტეტს ემუქრებიან.
კონფლიქტის მიზეზი გახდა სახლი, რომელიც წყვილმა წყლის ზედაპირზე 20 მეტრიან პლატფორმაზე ააშენა. “ტაილანდის სამხედრო–საზღვაო ძალებმა აღმოაჩინეს ბეტონის ნაგებობა, რომელიც პრაქტიკულად ზღვაში ტივტივებს, თუმცა მასზე იმ მომენტში არავინ იყო“ – უყვება სააგენტო ფრანს პრესს პოლიციის პოლკოვნიკი ნიკორნ სომსუკი.
ტაილანდის ხელისუფლების აზრით ის პხუკეტის სანაპიროდან 19 კილომეტრში, ანუ 12 საზღვაო მილის მანძილზე იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ტერიტორიულ წყლებშია. თავად ელვარტოვსკი ამტკიცებს, რომ სახლი ნაპირიდან ბევრად შორს, 13 მილის მანძილზე მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ხელისუფლების იურისდიქციაში ვერ ხვდება.
სამხედროები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ, რათა მოქმედების შემდგომი ალგორითმი ჩამოაყალიბონ. სამხედრო–საზღვაო ძალებში აცხადებენ, რომ ამერიკელ წყვილს მშენებლობის დაწყებამდე ხელისუფლების ნებართვა არ მიუღია. თუ წყვილს ქვეყნის სუვერენიტეტში დამნაშავედ ცნობენ, მათ სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.
ელვარტოვსკი აშშ–ს არმიაში ინჟინერ–პროგრამისტად მუშაობდა, შემდეგ კი ბიტკოინებში თანხის ინვესტირება დაიწყო. წყვილი ე.წ. ზღვისპირა მოძრაობის წევრია, რომელიც საერთაშორისო წყლებში სახლების მშენებლობის ინიციატორი და ხელშემწყობია. ეს სახლები ტერიტორიულად არცერთი ქვეყნის იურისდიქციაში არ ხვდება.
წყვილი ასევე მოძრაობა Ocean Builders–ის წევრია. ეს არის მეწარმეთა ჯგუფი, რომლებიც ასეთი სახლების მშენებლობას აფინანსებენ.სადაო სახლი ერთი თვის წინ აშენდა, თუმცა სანაპირო დაცვამ ის მხოლოდ ამ კვირაში აღმოაჩინა.
მოძრაობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წყვილს სახლი დამოუკიდებლად არ აუშენებია და ფაქტიურად მხოლოდ მისი არენდატორები არიან.
“მათ რამდენიმე კვირა გაატარეს სანაპიროზე და ამის დამტკიცება დოკუმენტურად შეუძლიათ. ისინი პროექტში ჩართულნი არ ყოფილან.“
თავად ელვარტოვსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამჟამად მეგობარ გოგონასთან ერთად უსაფრთხო ადგილზე იმყოფება.
რამდენად გავრცელებულია მსგავსი მშენებლობა
საერთაშორისო წყლებში აშენებული სახლების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა არსებობს მსგავსი ნაგებობების რამდენიმე ცნობილი მაგალითი, რომლებიც ე.წ. მიკროსახელმწიფოების ინიციატივით აშენდა.
მიკროსახელმწიფოები ადამიანთა თვითგამოცხადებული გაერთიანებაა, რომლებიც სხვა ქვეყნები მთავრობების მიერ არ არის აღიარებული.
ერთ–ერთი ასეთი სახელმწიფოა Sealand, რომელიც ჩრდილოეთის ზღვაში მიტოვებულ ნავთობის პლატფორმაზე აშენდა. მას საკუთარი დროშა, ვალუტა და საფეხბურთო გუნდიც კი ყავს.
რამდენიმე არაღიარებული და არაოფიციალური მიკროსახელმწიფო არსებობს ავსტრალიის სიახლოვესაც. მათ შორის არის Hutt River Province, პეტრასგან 500 კილომეტრის მანძილზე ჩრდილოეთით მდებარე სახელმწიფო, რომელსაც ასევე თავისი ვალუტა და დროშა აქვს.
ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე მიკროსახელმწიფო Akhzivland –ში კი უკვე 50 წელია სულ ორი მაცხოვრებელი იყო შარშანდლამდე, სანამ ამ მიკროსახელმწიფოს დამაარსებელი და პრეზიდენტი ელი ავივი არ გარდაიცვალა.