ანჯელინა ჯოლი კინოკარიერაში პაუზას იღებს

ანჯელინა ჯოლი ლოს ანჟელესს ტოვებს, კინოკარიერაში პაუზას იღებს და ბავშვებთან ერთად ნიუ–იორკში გადადის საცხოვრებლად. მის გეგმებში ბროდვეიზე თეატრის  მსახიობის ამპლუის მოსინჯვაც შედის.
ასეთი მკვეთრი ცვლილებები განქორწინების ხანგრძლივი პროცესის შემდეგ მსახიობის სურვილს უკავშირდება, ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.
ჯოლი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ აღიქვამენ ჰოლივუდში ბრედ პიტთან განქორწინების გამო. მსახიობის მეგობარი ყვება, რომ ჯოლი წყვილის საერთო ნაცნობების და კოლეგების მხრიდან უარყოფით დამოკიდებულებას გრძნობს. ახალი როლების მიღება კი სულ უფრო უჭირს.
მსახიობი ნიუ–იორკში გადასვლას კარგ გადაწყვეტილებად იმის გამოც თვლის, რომ მისი უფროსი შვილი, მედოკსი ნიუ–იორკის უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს.

ჯოლის მეგობარი ამბობს, რომ ნიუ–იორკში გადასვლის შემდეგ პიტს ბავშვების ნახვა უფრო გაუძნელდება. თუმცა ანჯელინას კომპრომისის მოძებნა მოუწევს: სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად მან მამის და შვილების შეხვედრებს ხელი არ უნდა შეუშალოს.
პიტის და ჯოლის განქორწინების პროცესი სამი წელი გრძელდებოდა. გასული წლის დეკემბერში მათ მიაღწიეს შეთანხმებას ბავშვების ერთობლივი მეურვეობის შესახებ. წყვილს სამი აყვანილი შვილი ყავს, გარდა ამისა სამი ერთობლივი, ბიოლოგიური შვილი.
ბოლო დროს ანჯელინა ხშირად სეირნობს ლოს ანჟელესის ქუჩებში და მაღაზიებში ბავშვებთან ერთად და ხშირად ხვდება პაპარაცების ობიექტივში.