მუსიკის თანხლებით მუშაობის დადებითი და უარყოფით მხარეები
მუშაობის დროს, ოფისის თანამშრომლები ხშირად იკეთებენ ყურსასმენებს და უსმენენ მუსიკას, რათა თავი დააღწიონ კოლეგების სატელეფონო საუბრებს და ხმამაღალ დიალოგებს. უწყობს თუ არა მუსიკა ხელს ყურადღების მობილიზაციას? – მეცნიერები დიდი ხანია კამათობენ ამ საკითხზე და ათწლეულების მანძილზე ატარებენ სპეციალურ გამოკვლევებს.
1970-იან წლებში ჩატარებულმა კვლევებმა დაამტკიცეს, რომ მუსიკა ხელს უწყობს პროდუქტიულობის გაზრდას, თუმცა ამ შემთხვევაში ექსპერიმენტის მონაწილეები ქარხნის მუშები იყვნენ, რომელთაც მუსიკა რუტინული სამუშაოს შესრულებაში დაეხმარა. მოგვიანებით, ექსპერიმენტში ქირურგები ჩართეს და ისევ დადებითი შედეგი მიიღეს, რადგან ექიმებისთვის მუსიკა კონცენტრაციის საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა.
1980-იანი წლების ექსპერიმენტებში მოხალისეებს 1-დან 10-მდე დათვლა მუსიკის თანხლებით ან მის გარეშე შესთავაზეს და აღმოჩნდა, რომ სიჩუმეში ადამიანები უკეთ ითვლიან. მოგვიანებით დადგინდა, რომ სიმღერა (ანუ მუსიკა და ტექსტი) ხელს უშლის ინტელექტუალური სამუშაოს შესრულებას, რადგან ადამიანს ყურადღება ეფანტება და ძალაუნებურად უსმენს სიმღერის ტექსტს.
„როცა ადამიანი უსმენს სიმღერას, ის ვეღარ ახერხებს სხვა ტექსტზე კონცენტრირებას“, – ამტკიცებს ფსიქოლოგი ნიკ პერჰამი. თუმცა, ბევრი მაინც მუსიკის თანხლებით მუშაობს, რადგან გარკვეული დისკომფორტის მიუხედავად, ოფისის არასასიამოვნო ხმაურის ნაცვლად მაინც სასიამოვნო მუსიკის მოსმენა ურჩევნია.
ფსიქოლოგები გვირჩევენ: „თუ არ შეგიძლიათ მუსიკის გარეშე ცხოვრება, ორ საათში ერთხელ შეისვენეთ 15 წუთით და მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას“, როგორც ამბობენ, მუსიკალური პაუზა, ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას.