კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული სამედიცინო ექსპერიმენტის მონაწილეები შემთხვევით “გაახალგაზრდავდნენ“ მათთვის ექსპერიმენტის ფარგლებში დანიშნული პრეპარატების შედეგად. ანუ მათი ბიოლოგიური ასაკი შემცირდა, რომელიც დნმ–ს სპეციალური მარკერებით განისაზღვრება.
ამის შესახებ სამეცნიერო ჟურნალი Nature წერს, რომელიც ექსპერიმენტის შედეგებს იმის მინიშნებად თვლის, რომ ორგანიზმის “ბიოლოგიური ასაკის შემობრუნება“ შესაძლებელია.
ამავე დროს ჟურნალიც და კვლევის ავტორებიც ხაზს უსვამენ, რომ ეს არ ყოფილა მაშტაბური კვლევა და არც საკონტროლო ჯგუფი ყოლია.
საქმე იმაშია, რომ მეცნიერები თვითონ არ ელოდნენ მსგავს შედეგებს და ამ შედეგის მიღწევის ამოცანაც არ ქონიათ. მათ უბრალოდ იმის გარკვევა უნდოდათ, რა გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე და იმუნურ სისტემაზე ერთდროულად სამი საკმაოდ ფართოდ გამოყენებადი პრეპარატის მიღება.
თუმცა პრეპარატების ერთწლიანი მიღების შემდეგ გაირკვა, რომ კვლევაში მონაწილე მოხალისეები საშუალოდ 2.5 წლით “გაახალგაზრდავდნენ“. გარდა ამისა, აღდგენა შეინიშნებოდა მათ იმუნურ სისტემაში.
“მე ველოდი რომ ბიოლოგიური საათის შენელება მოხდებოდა, თუმცა არ ველოდი რომ ის უკან დატრიალდებოოდა. ეს ყველაფერი საკმაოდ ფუტურისტულად გამოიყურება“ –განუცხადა სამეცნიერო ჟურნალს კვლევის ერთ–ერთმა ავტომა, გენეტიკის პროფესორმა სტივ ხორვატმა.
შემთხვევითი აღმოჩენა:
ადამიანის ბიოლოგიურ ასაკს ე.წ. ეპიგენური საათი განსაზღვრავს. ეს არის დნმ–ს მარკერების ნაკრები, რომელიც დაბერებასთან ერთად იცვლება. ის ორგანიზმის ფუნქციონალურ მდგომარეობას ასახავს და შეიძლება რეალურ ასაკს უსწრებდეს, ან ჩამორჩებოდეს.
დაბერების ბიომარკერები ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ აღმოაჩინეს. მას შემდეგ ბევრი მეცნიერი ცდილობს მოიგონოს ბიოლოგიური საათის შენელების ხერხი, რათა ახალგაზრდობა გაახანგრძლივოს.
თუმცა სტენფორდის სამედიცინო ცენტრის ექსპერიმენტი სრულიად სხვა მიზანს ისახავდა. თავიდან ლოს ანჯელესელმა იმუნოლოგმა გრეგორი ფახმა გადაწყვიტა შეემოწმებინა, რამდენად უსაფრთხოა ზრდის ჰორმონის– სომატოტროპინის გამოყენება თიმუსის ჯირკვლის ქსოვილების აღდგენისთვის.
ეს პატარა ორგანო ადამიანის გულმკერდის ზედა მხარეს არის განლაგებული და მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმუნურ სისტემაში, თუმცა ასაკთან ერთად ის ზომაში მცირდება და ცხიმოვანი ქსოვილით იფარება.
ზოგიერთმა კვლევამ, რომლებიც ძირითადად ცხოველებზე ჩატარდა აჩვენა, რომ ზრდის ჰორმანი თიმუსის ჯირკვლის რეგენერაციას ეხმარება, მაგრამ ამავე დროს ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტის განვითარებას. ამიტომაც სომატოტროპინის ინექციებთან ერთად ექსპერიმენტის მონაწილეებს ორი ფართოდ გავრცელებული ანტიდიაბეტური პრეპარატი – პრასტერონი და მეტფორმინი დაუნიშნეს.
სულ კვლევაში ცხრა მოხალისე მონაწილეობდა – ყველა თეთრკანიანი მამაკაცი51–დან 65 წლამდე ასაკში, რომლებსაც ერთი წლის განმავლობაში რეგულარულად უღებდნენ სისხლის ანალიზს, ასევე მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარეს კვლევის დასაწყისში და ბოლოს.
შედეგად, სისხლის მაჩვენებლები ცხრავე მონაწილეს გაუუმჯობესდა, შვიდი მათგანის ორგანიზმში კი რეალურად მოხდა თიმუსის ჯირკვლის ქსოვილების რეგენერაცია.
ფახის ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა.
მხოლოდ ამის შემდეგ მოუვიდა მეცნიერს თავში აზრად თავისი კვლევის შედეგები სტივ ხორვატისთვის ეჩვენებინა, რომელიც ბიოლოგიური ასაკის განსაზღვრის ყველაზე ზუსტი მეთოდების შემმუშავებელია.
ზორვატმა თავისი კვლევა ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ ექსპერიმენტის ყველა მონაწილის ბიოლოგიური ასაკი მნიშვნელოვნად შემცირდა. მათ შორის ექვსი მოხალისის, რომლებმაც ბოლო სისხლის ანალიზი პრეპარატების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ ჩააბარეს, ანუ ირკვევა, რომ თერაპიის “ასაკობრივი ეფექტი“ განგრძობადი აღმოჩნდა.
ახლა აუცილებელია მიღწეული შედეგის ტესტირება სპეციალური, უფრო მაშტაბური კვლევის ფარგლებში მოხდეს.
“შესაძლოა გარკვეულ ეფექტს მივაღწიეთ, მაგრამ ეს შედეგები არ შეიძლება სრულიად საიმედოდ ჩაითვალოს, იმიტომ რომ კვლევის მაშტაბი ძალიან მცირე იყო და კვლევის დროს კონტროლი არ ყოფილა საკმარისი. “ – ამბობს უჯრედული ბიოლოგიის პროფესორი ვოლფგანგ ვაგნერი.
თავად ხორვატი ოპტიმისტურად არის განწყობილი, რადგან მისი თქმით “გაახალგაზრდავების “ ეფექტი კვლევის აბსოლუტურად ყველა მონაწილეში იმდენად ძლიერი და თვალშისაცემი იყო, რომ შემდგომი კვლევები დიდი ალბათობით წარმატებული იქნება.