“დედე” – ეგზოტიკური კარიკატურა

ყველამ ვიცით, რომ ფაშიზმი ევროპაცენტრული რაციონალიზმის მონაპოვარია, თუმცა, ცოტას თუ გვიფიქრია, სად გაქრა ან როგორ სუბლიმირდა ეს საშინელი ევროპული მიდგომა (უკეთესი იქნებოდა, გვეთქვა – სენი). ლენი რიფენშტალის ყველაზე ცნობილი ფოტოალბომი სამხრეთ სუდანის მიუდგომელ მთიანეთშია გადაღებული. იქ რვა ათასამდე ნუბიელი ცხოვრობს და მათი ფიზიკური სრულყოფილება ალბომში ხაზგასმულად გამოკვეთილია. სუზან ზონტაგი რიფენშტალის ეგზოტიკურ დამოკიდებულებას ნუბიელებისადმი მაგიურ ფაშიზმს უწოდებს. აზიური, სამხრეთ ამერიკული თუ სხვა ეგზოტიკურ ლოკაციებზე გადაღებული ფილმები უაღრესად აქტუალური გახდა ევროპულ საფესტივალო სივრცეში. ერთ-ერთმა ევროპელმა კინოკრიტიკოსმა ქართველ სტუდენტებს დედეზე გვითხრა, რომ ძალიან მოეწონა. ჩვენ გაოცებულებმა ვკითხეთ: რატომ? მან კი გვიპასუხა: Because it’s so trash!
 
ფილმი ეძღვნება ჩემს ბებიას და ყველა იმ ბავშვს, რომელიც იძულებით დააშორეს დედებს, სვანეთში არსებული წესების გამო, – ამ სიტყვებით მთავრდება მარიამ ხაჭვანის პირველი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი დინოლა. ეს ფილმი ერთგვარი ესკიზია, დედეს წინაპირობა, თუმცა ბევრად დახვეწილი კინემატოგრაფიული გამოცდილება, ვიდრე დედეს კარიკატურული ეგზოტიკა. შეიძლება ითქვას, ის ფაქტურული სისადავე, რაც პირველ ფილმში იკითხება, მარიამ ხაჭვანმა მომდევნოში სრულიად დაკარგა. ის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ აკლია ბრძოლის უნარი ქართველ რეჟისორს და რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს პროდიუსერსა თუ შედარებით მაღალ ბიუჯეტს ბრძოლისთვის შეუმზადებელ ავტორზე. დინოლაში იკითხება კინემატოგრაფიული ფაქტურა და რეჟისორის აშკარა გემოვნება, დედეში კი იკითხება კინოსთვის გაუმართავი, სცენარის ზედაპირული კომპლექსურობა და კოპროდიუსერების მოთხოვნები. ის ტოვებს შეგრძნებას, თითქოს ქალთა უფლებებზე დაკვეთით გადაღებული ფილმია.

 

სცენარი ძალიან დიდია, ქრონომეტრაჟი კი – ნორმატიული, დაახლოებით საათნახევარი, ამიტომ პერსონაჟების სახიერება იკარგება და ეკრანზე გადმოდის სქემა, რომელიც აგრეთვე გაურკვეველი ნაივურობით შეიძლება დახასიათდეს. გეგი (გიორგი ბაბლუანი) და დავითიომიდან (ვგონებ, აფხაზეთის ომიდან) ჩადიან უშგულში, დავითის ოჯახში. შემდეგ, საუბრიდან ვიგებთ, რომ გეგის დავითი უხსნია სიკვდილისგან, ამიტომ ისინი ძმადნაფიცები გახდებიან. მერე აღმოჩნდება, რომ გოგო (დინა), რომელიც გეგის მოსწონს, დავითის საცოლეა… ხოცვა-ჟლეტა, სისხლის აღება და დრამატული კარნავალი – ვერც სვანეთის მომნუსხველ სურათს ქმნის და ვერც სცენარით გვაჯადოებს.
კინომცოდნეები ქართული კინოს წარმატებას უცხოურ ფესტივალებზე ხშირად ამართლებენ ენის ბარიერით. ხდება ხოლმე, ფილმი ქართული საზოგადოებისთვის ძალიან ყალბი და დეკორატიულია, თუმცა უცხოურ ფესტივალებზე იმარჯვებს, რადგან იქ ენა არ ესმით. დედეში ძირითადად სვანურად საუბრობენ, თუმცა დიალოგის სიყალბე ცხადია, ემოციები კი – არადამაჯერებელი. დინა ნათია ვიბლიანი ვიზუალური რეპრეზენტაცია მარიტასმოგაგონებთ ნატვრის ხიდან რეჟისორი მისი გამოკვეთილი კაბის ფერებით “სამოთხეს” გვიხატავს და გვეუბნება: შეხედეთ, რა ლამაზია ჩემი დინა, და როგორ ჩაგრავენ ეს მუქ ფერებში გამოწყობილი კაცები. ბაბლუანის პერსონაჟის იქ ყოფნა კი ზონტაგის მიერ დეფინირებულ მაგიურ ფაშიზმს ემსგავსება. ამ მსახიობს კარგად იცნობს როგორც ქართული, აგრეთვე ევროპული კინემატოგრაფი. რაც ყველაზე მთავარია, თავად რეჟისორი აღნიშნავს, რომ ბაბლუანის პერსონაჟს არ ათამაშებდა და ნება მისცა, გადასაღებ მოედანზე საკუთარი თავი ყოფილიყო. მისი იქ ყოფნა, შესაძლოა, ძალაუნებურად შემდეგი მესიჯის მატარებელი იყოს: შეხედეთ ამ სევდიან, ევროპული გარეგნობისა და იდენტობის მატარებელ ბიჭს, როგორ ექცევიან ეს მხეცები.
მოუქნელი რეჟისურის გამო, მოუქნელი ხდება მოტაცების, ტრადიციული თუ თანამედროვე რიტუალების სცენები. “ცისფერი მთები” და გათიშული ელექტროენერგია წარსულის ზედაპირულ, სკეტჩურ სურათს უფრო ხატავს, ვიდრე კინოსურათს. მითების დესაკრალიზაცია უმიზნოდ და ბრუტალურად ხდება. მაგალითად, ავი თვალისგან დამცავი ძაფის გაკეთებიდან მეორე დღესვე ტრაგედია ტრიალდება. ღამით გადაღებული სცენები, კამერის ლინზისა და განათების შეუთავსებლობის გამო, ნეო-ნუარის სცენებად გარდაიქმნება, პირობითად, 90-იანი წლების სვანეთში

 

ფილმში ყველა მიზეზი გამოკვეთილია. ზედმიწევნით დალაგებული დრამატურგია სრულიად შთანთქავს კინოს. რეჟისორი გვთავაზობს არა უშუალოდ სვანეთს, არამედ სვანეთის კარიკატურას, სადაც ხაზგასმულად ველურები ჩანან ეგზოტიკური ქვეყნის ეგზოტიკურ მხარეში მცხოვრები გმირები. ნეტა, რა არგუმენტებით გაამართლა დედეს პრიზები დიდი ფესტივალების ჟიურიმ?

რეცენზიის ავტორი: ლევან ცხოვრებაძე