ძაღლის ყოლა სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის

ძაღლის ყოლა სიკვდილიანობის რისკს ამცირებს. ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც ამერიკის გულის ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა. მეცნიერებმა დაადგინეს ძაღლის ყოლის კავშირი არტერიული წნევის დაბალ დონესთან, ლიპიდური პროფილის გაუმჯობესებასა და სტრესტზე სიმპატიკური რეაქციის შემცირებასთან. ჯერჯერობით დაუდგენელია, უკავშირდება თუ არა ძაღლის ყოლა ზოგადად სიცოცხლის ხანგრძლივობას, რადგან აქამდე არსებული კვლევები წინააღმდეგობრივ მონაცემებს შეიცავს. თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის გავლენას ახდენს გულ სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით გარდაცვალების რისკის შემცირებაზე.

ნაშრომის მიხედვით, ძაღლის ყოლა სიკვდილიანობის რისკს საშუალოდ 24%-ით ამცირებს. საუბარია მთლიანად სიკვდილიანობის მაჩვენებელზე, თუმცა ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია ადამიანებში, ვინც ინფარქტი (33%-ით), ან ინსულტი(27%–ით) გადაიტანა.

მეცნიერებმა კვლევის ფარგლებში ჯამში 4 მილიონამდე პაციენტის მონაცემები შეისწავლეს აშშ–ს, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის და ევროპის ქვეყნებიდან.

კვლევები მხოლოდ მონაცემებს აანალიზებს და არ ცდილობს მთავარი მიზეზების დადგენას, თუმცა მეცნიერების აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს ის, რომ ძაღლის მეპატრონეთა შორის გაცილებით მაღალია ფიზიკური და სოციალური აქტივობის შანსი. გარდა ამისა, ძაღლთან ურთიერთობა, მასთან თამაში და ფერება, ამცირებს სტრესს და დაბლა წევს სისხლის წნევას.

მეცნიერების აზრით ძაღლის პატრონები ნაკლებად არიან იზოლირებულები და უფრო აქტიური სოციალიზაცია უწევთ, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობისთვისაც მნიშვნელოვანია.

როგორც ცნობილია, ფიზიკური აქტივობა არეგულირებს წნევის და ქოლესტერინის დონეს, სოციალური აქტიურობა კი სტრესების დაძლევის შანსებს ზრდის, რაც საბოლოო ჯამში გულ სისხლძარღვთა დაავადებებით გარდაცვალების რისკს ამცირებს.

ამიტომაც მეცნიერებისთვის მაინცდამაინც მოულოდნელი არ ყოფილა კვლევის შედეგად იმის დადასტურება, რომ ის ხალხი, ვისაც ძაღლი ჰყავს, უფრო დიდ ხანს ცოცხლობს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით მათი დაღუპვის რისკი დაბალია.

დასავლეთის ქვეყნებში ძაღლის, ან სხვა შინაური ცხოველის ყოლა სულ უფრო პოპულარული ხდება. შეერთებული შტატების შინაურ ცხოველთა მფლობელების ეროვნულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ შინაური ცხოველი ამერიკელების 68 პროცენტს ყავს. 48%-ს კი ერთი, ან ერთზე მეტი ძაღლი ყავს. ბრიტანეთში შინაური ცხოველი ყავს მოსახლეობის ნახევარს.