რაზეა დამოკიდებული ქალის სექსუალობა და ლიბიდო?
ქალის ყველაზე მნიშვნელოვანი სქესობრივი ჰორმონი ესტროგენია, რომელიც ქალის სილამაზეზე, სექსუალობაზე, სინაზესა და ქალურობაზეა პასუხისმგებელი. ამ მნიშვნელოვანი ჰორმონის ნაკლებობა ლიბიდოს (სექსუალური ლტოლვის) დაქვეითებას, ასევე სხეულის მასის ზრდას იწვევს. ამიტომაც ქალებისთვის მნიშვნელოვანია ორგანიზმში ესტროგენის დონის დადგენა, მისი შენარჩუნებისთვის ზრუნვა, ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია, რათა ამ უკანასკნელმა სწორი ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია შეარჩიოს, ან ფიტოთერაპია დანიშნოს. ხშირად რაციონში ისეთი პროდუქტების დამატებაც იწვევს ეფექტს, რომლებიც დიდი რაოდენობით ესტროგენებს შეიცავს. ესენია: სელის მარცვლები, სეზამის მარცვლები, ბარდეული, ყავა და გარგარი.
როგორ მოქმედებს ტკბილი საკვები და ზედმეტი წონა სქესობრივ სისტემაზე?
ტკბილი საკვები (ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლები) დიდი რაოდენობით მიღებისას ჩვენს ორგანიზმში გადაუმუშავებელ ენერგიად, შემდეგ კი გლუკოზად იქცევა, კანქვეშა ცხიმოვან უჯრედისში ინაცვლებს და სხეულის მასის ზრდას უწყობს ხელს. ამასთან , იწყება პროცესები, რომლებიც გლუკოზას უტილიზაციას აუარესებს. შედეგად კი იმისათვის, რომ მან უჯრედში გადასვლა შეძლოს, ინსულინის ჰორმონი და ინსულინური რეცეპტორები ესაჭიროება. სხეულის მასის ზრდასთან ერთად ინსულინური რეცეპტორები მგრძნობელობას კარგავს და გლუკოზა უჯრედის შიგნით ვეღარ აღწევს. ამ პროცესს ინსულინრეზისტენტულობას უწოდებენ და სწორედ ამის გამო იზრდება სისხლში გლუკოზის და ინსულინის დონე, რაც ერთ –ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემას – პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომს იწვევს. მაგალითად, სწორედ ეს პრობლემა ითვლება უშვილობის ერთ–ერთ მთავარ ფაქტორად, როცა ოვულაცია (კვერცხუჯრედის მომწიფება) საერთოდ არ ხდება, ან იშვიათად ხდება. როგორც უკვე გითხარით, სწორედ ინსულინის მაღალი დონე იწვევს საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციას და ანდროგენების, ანუ მამაკაცური სასქესო ჰორმონების გამომუშავებას ზრდის, რაც ნაყოფის ჩასახვის ალბათობას ამცირებს.
ჩვენს ორგანიზმში არსებობს სტრესის ჰორმონები: ადრენალინი, ნორადრენალინი და კორტიზოლი, რომლებსაც თირკმლის ჯირკვლები გამოიმუშავებს. სტრესის ხანგრძლივი გავლენით ქალის ორგანიზმში თირკმელების და კუჭნაწლავის ტრაქტის მუშაობა უარესდება, ქვეითდება იმუნიტეტი, იზრდება გლუკოზის გამომუშავების დონე, მცირდება უჯრედული მეტაბოლიზმი, იზრდება სხეულის მასა და ირღვევა მენსტრუალური ციკლი (ანდროგენების ზრდის ხარჯზე). ორგანიზმზე სტრესის გავლენის შესამცირებლად აუცილებელია ნევროლოგის დახმარებით მისი მიზეზი დაადგინოთ და თერაპიის კურსი ჩაიტაროთ. თუმცა მთავარი და აუცილებელი ამ პროცესში ძილის და კვების რეჟიმის მოწესრიგება და სპორტით დაკავებაა.