Facebook და Instagram გაითიშა – კომპანიის სპიკერი, X-ზე წერს, რომ პრობლემის გამოსწორებაზე მუშაობენ

Facebook, Messenger და Instagram მსოფლიოს მასშტაბით გაითიშა –  “ფეისბუკისა” და “ინსტაგრამის” მფლობელი კომპანიის – „მეტას“ – კომუნიკაციების დირექტორი ენდი სტოუნი სოციალურ ქსელ X-ზე (Twitter) წერს, რომ  ისინი პრობლემის გამოსწორებაზე მუშაობენ.

“ჩვენ ვიცით, რომ ხალხს გაუჩნდა ჩვენს პროდუქტებზე წვდომის პრობლემები. ვმუშაობთ ამაზე”, – დაწერა ენდი სთოუნმა სოციალურ ქსელ X-ზე.

სოციალური ქსელებით სარგებლობა ამ დროისთვის შეუძლებელია როგორც აპლიკაციებით, ასევე Desktop ვერსიებით. მომხმარებლები ავტომატურად გამოვიდნენ ანგარიშებიდან და პლატფორმაზე ავტორიზაციას ვეღარ ახერხებენ.

DownDetector-ზე შესული მომხმარებლის 75% ამბობს, რომ Facebook-ზე ავტორიზაციის გავლას საერთოდ ვერ ახერხებს, 17%-ს აპლიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, 8% კი Facebook-ის “დესკტოპ” ვერსიას ვერ იყენებს.

Messenger-ზე ავტორიზაციის გავლას მომხმარებელთა 56% ვერ ახერხებს, 29%-ს აპლიკაციაში შესვლა უჭირს, 15%-ს კი შეტყობინებების გავლა უჭირს.

მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.