ფეისბუქმა წიგნ “ვაგინის ბიბლიის“ რეკლამირება დაბლოკა

ამერიკული გამომცემლობა კენსინგტონის მტკიცებით ჯენიფერ გარნერის წიგნის –“ვაგინის ბიბლიის“ რეკლამა ფეისბუქზე, ტვიტერზე და ინსტაგრამზე დაბლოკეს. გამომცემლობაში ამბობენ, რომ სოციალურ ქსელებში არაერთი პოსტი, რომლებიც შეიცავდა სიტყვებს “ვაგინა“ ან “ვაგინალური“ არ იქნა დაშვებული. იმ ტექსტებს კი, სადაც ეს სიტყვები არ ყოფილა ნახსენები პრობლემა არ შექმნია.  სოციალური ქსელების ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა.

“ჩვენ არ ვბლოკავთ სარეკლამო ტვიტებს, რომლებიც შეიცავს გენიტალიების ხსენებას, რადგან ჩვენი წესებით ეს არ არის აკრძალული. კონტენტის ნაწილის ბლოკირება გამოწვეულია ადამიანური ფაქტორით და რეკლამის წესების დარღვევით, მათ შორის არანორმატიული ლექსიკის გამოყენებით და სექს–სათამაშოების გამოსახულებით“– ამბობს ტვიტერის წარმომადგენელი.  ფეისბუქის წარმომადგენელი კი ამბობს, რომ სარეკლამო კაზუსში გარკვევას ცდილობენ.

საბოლოდ გამომცემლობა კენსინგტონის ტვიტები და პოსტები სოციალურ ქსელებში აღადგინეს.

თავად წიგნის ავტორმა ტვიტერის დამფუძნებელს, ჯეფ დორსის მიმართა: “ძვირფასო ჯეკ, ვაგინა ანატომიური ტერმინია და არა სალანძღავი სიტყვა“. ამ მიმართვას ათასობით ხელმომწერმა დაუჭირა მხარი.

როგორც კენსინგტონის გამომცემლობაში ამბობენ ტვიტერში მათ უთხრეს, რომ მათი ტვიტები “სექს მომსახურების რეკლამირებას ეწეოდა და უხამს ლექსიკას შეიცავდა.“

ფეისბუქის სარეკლამო წესებში მართლაც წერია, რომ განცხადება არ უნდა შეიცავდეს “კონტენტს ზრდასრულებისთვის.“ მათ შორის, სხეულის შიშველ ნაწილებს, ადამიანებს მიუღებელ პოზებში, ასევე მეტისმეტად გულახდილ ან სექსუალურად პროვოკაციულ ქმედებებს. ფეისბუქის წესებით რეკლამა, რომელშიც აშკარად აღნიშნულია ან იგულისხმება გაცნობის, დაკავშირების ან კონტენტის ნახვის შესაძლებლობა, არ უნდა პოზიციონირებდეს როგორც სექსთან ან იმ ადამიანთან სექსუალურ ურთიერთობასთან დაკავშირებული, რომელიც რეკლამაშია ნაჩვენები.

ფეისბუქმა დაბლოკა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო რომ “დოქტორი ჯენ გარნერი ესაუბრა ვოგის რედაქიას ვაგინის ჯანმრთელობის შესახებ.“ ფეისბუქმა მიზეზად ის დაასახელა, რომ გამომცემელი “არ უნდა ვარაუდობდეს, რომ მკითხველებს აქვთ მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კითხვები.“

განცხადების შინაარსი გამომცემლობამ რამდენჯერმე შეცვალა, თუმცა მისი გამოქვეყნების ნებართვა ფეისბუქმა მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც სიტყვა “ვაგინა“ ამოიღეს.მეორე განცხადება, რომელიც წიგნის სათაურს შეიცავდა, აღინიშნა როგორც არანორმატიული ლექსიკა, თუმცა ის მოგვიანებით მოიწონეს. მაგრამ წიგნის სათაურის გარეშე.

სოციალურ ქსელებში რეკლამირების პრობლემა შეექმნა ბრიტანეთის ვაგინის მუზეუმსაც. მათი ცნობით მუზეუმის მიერ დაგეგმილი შვიდი სარეკლამო პოსტიდან ფეისბუქმა მხოლოდ ერთის გამოქვეყნების ნებართვა მისცა. მუზეუმის წარმომადგენლების მტკიცებით ფეისბუქმა მათი რეკლამა იმ მოტივით დაბლოკა, თითქოს ისინი “პორნოსაიტებს და ზრდასრულებისთვის განკუთვნილ პროდუქტს არეკლამებდნენ. “ მუზეუმი სულ ახლახანს გაიხსნა და როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, აპირებენ იბრძოლონ ვაგინასა და ვულვასთან დაკავშირებული სტიგმის წინააღმდეგ საზოგადოების განათლების გზით.


ჯენიფერ გარნერი მრავალი წელია აკუშერ–გინეკოლოგად მუშაობს და ქალების ინფორმირებაზე ზრუნავს

წიგნის ავტორი, დოქტორი გარნერი ბიბისისთან საუბარში აღნიშნავს, რომ მისთვის სასაცილოა, როცა გამომცემელი ვერ ახერხებს მისი წიგნის რეკლამირებას იმის გამო, რომ იქ ვაგინაა ნახსენები.
“ნებისმიერი სიტყვა, რომელიც სამედიცინო ლექსიკონში არსებობს საყოველთაოდ უნდა გამოიყენებოდეს. ეს ანატომიური ტერმინია. როცა სიტყვის გამოთქმა გეკრძალებათ, იმას ნიშნავს რომ ის სასირცხვილოა. ეს პატრიარქალური გადმონაშთი ყელში ამომივიდა“ – ამბობს გარნერი.

სოციალურ ქსელებში წიგნის რეკლამის აკრძალვას სერიოზული კრიტიკა მოჰყვა. გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეთა აზრით ასეთი გადაწყვეტილება ქალის ანატომიას პორნოგრაფიას უთანაბრებს და ამყარებს ქალის ფიზიოლოგიასთან დაკავშირებულ ტაბუებს.