გასაუბრება სკანდალის ფონზე: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეებს ელოდებიან

{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს სამწლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესებული 6 მოსამართლე გასაუბრებას გაივლის. მათ შორისაა ლევან მურუსიძე, რომელიც იუსტიციის საბჭომ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, 2015 წლის დეკემბერში აირჩია.

უზენაესი სასამართლოს ყოფილ წევრს, ლევან მურუსიძეს 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რომლითაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ პირებს სასჯელი შეუმცირდა. თავად მურუსიძის პოზიციია, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.

მურუსიძის გარდა, დღეს გასაუბრებას ასევე გაივლიან ნუნუ ნემსიწვერიძე, პაატა ნოზაძე, ვალერიან ფილიშვილი, პაატა ფხალაძე და ნანა ჯოხაძე. იუსტიციის საბჭოს მიერ გამოსაცდელი ვადით არჩეულ მოსამართლეებს გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, უვადოდ დანიშნავენ. გასაუბრება 16:00 საათზე დაიწყება.

არასამთავრობოთა ნაწილის გარდა, კრიტიკული განცხადება მურუსიძის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე ასევე გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, რომ ლევან მურუსიძე უვადოდ არ დანიშნონ. აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ კონკრეტული კრიტერიუმების ჩამოყალიბებამდე, საბჭომ ამ გადაწყვეტილების მიღებისგან თავი უნდა შეიკავოს. გოგიჩაიშვილის თქმით, მას არ ჰგონია, რომ მურუსიძეს უვადო მოსამართლეობის მორალური უფლება ჰქონდეს.

რაც შეეხება არასმთავრობო ორგანიზაციას, კოალიციამ “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” შეშფოთება გამოთქვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, ყოველგვარი პროცედურების გარეშე ისეთი კანდიდატების წარდგენის გამო, რომელთა უმეტესობა საზოგადოებაში ასოცირდება უკანონო და უსამართლო მართლმსაჯულების განხორციელებასთან. კოალიციის შეფასებით, პარლამენტის მიერ ამ კანდიდატების არჩევა გამოიწვევს სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის გაძლიერებას და მომდევნო ათწლეულების განმავლობაში შეუძლებელს გახდის სასამართლოს დამოუკიდელბლობის მიღწევას.

ამავე თემაზე:

ომბუდსმენი პარლამენტს მოსამართლეების განხილვის პროცესის შეჩერებას სთხოვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ბრალდებებს პასუხობს

პენალტი “ქართული ოცნების” კარში:უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატურები ცნობილია