გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმიდან “აეროპორტების გაერთიანებაში” გადავიდა

{{ARTICLEIMAGE}}
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი ჩოგოვაძე “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა.

თუ ვინ შეცვლის ჩოგვაძეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე, ამ დროისთვის 2 კანდიდატურა განიხილება.

მათ შორის ერთ-ერთია ჟან ფრედერიკ პოლსენი, რომელსაც როგორც საერთაშორისო საკითხებში, ასევე, სამინისტროს რიგ სხვა ინიციატივებთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უფროსი მრჩევლის პოზიცია უკავია.

აღსანიშნავია, რომ პოლსენი დიმიტრი ქუმსიშვილის და გიორგი გახარიას მრჩეველიც იყო; უფრო მეტიც, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ბიზნესმენ ჟან ფრედერიკ პოლსენის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხულში გავრცელდა, თუმცა მაშინ ეკონომიკის იმდროინდელმა მინისტრმა გიორგი გახარიამ საკადრო ცვლილება ბოლომდე ვერ მიიყვანა და გიორგი ჩოგოვაძემ პოსტი შეინარჩუნა.

BM.ge-ის ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე განიხილება მარიამ ქვრივიშვილიც კანდიდატურაც.

ქვრივიშვილი ამჟამად კომპანია “ვოიაჟერის” დირექტორია, რომელიც საქართველოში ხუთი ავიაკომპანიის გენერალური დისტრიბუტორია; წინა მთავრობის პერიოდში მარიამ ქვრივიშვილს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი ეკავა.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ბმ.გე მარიამ ქვრივიშვილს და ჟან ფრედერიკ პოლსენს დაუკავშირდა; ამ უკანასკნელმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურში გადაგვამისამართა, სადაც აღნიშნული ვერსია არ დაადასტურეს.

სააგენტო მარიამ ქვრივიშვილსაც ეკონტაქტა, მაგრამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მის დანიშვნაზე შესაძლო განხილვები, არც მან დაადასტურა.

შეგახსენებთ, კანონის თანახმად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვნელი კონკურსის გზით შეირჩევა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო გამოაცხადებს. 

წყარო-BM.ge