გიორგი მარგველაშვილი კენჭს მაჟორიტარად იყრის

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ადასტურებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს მაჟორიტარ კანდიდატად იყრის. ის კონსულტაციებს მართავს ოპოზიციურ პარტიებთან და სავარაუდოდ ოპოზიციის ინიციატივას შეუერთდება, რომელიც არჩევნებში საერთო და შეთანხმებული კანდიდატების დასახელებას გულისხმობს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მარგველაშვილი კენჭს დუშეთში იყრიდა, თუმცა ბოლო ინფორმაციით სავარაუდოდ ის კანდიდატურას დიდუბეში წარადგენს. 

მარგველაშვილი უკვე შეხვდა ლელოს, ევროპულ საქართველოს, ბურჯანაძეს, ნაციონალურ მოძრაობას, ვაშაძის პარტიას. ის არ აკონკრეტებს, რომელ ოლქში იქნება მაჟორიტარი, თუმცა ამბობს რომ კონსულტაციები გრძელდება:“ ჩამოვყალიბდები იქიდან გამომდინარე, რაც ჭირდება ერთ მიზანს რომ არ იყოს ერთპარტიული მმართველობა საქართველოში. აქედან გამომდინარე მივიღებ გადაწყვეტილებას.“– აცხადებს მარგველაშვილი.

ოპოზიციური პარტიები მარგველაშვილის პოლიტიკაში გააქტიურებას მიესალმებიან. 

ჯერჯერობით უცნობია შექმნის თუ არა ყოფილი პრეზიდენტი ახალ პარტიას. რამდენიმე კვირის წინ მან განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ერთვება, თუმცა დღემდე არ დაუკონკრეტებია, რომელიმე არსებულ პარტიაში გაერთიანდება თუ საკუთარ პარტიას შექმნის.