ჰარი და მეგანი საჯარო ღონისძიებაზე სკანდალური გადაწყვეტილების შემდეგ პირველად გამოჩნდნენ

დასავლური მედიის ცნობით სამეფო ოჯახიდან წასვლის და კანადაში გადასვლის შემდეგ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი პირველად გამოჩნდნენ ერთად საჯარო ოფიციალურ ღონისძიებაზე. Page Six წერს, რომ სასექსის ჰერცოგების წყვილმა JPMorgan–ის მიერ მაიამიში,საინვესტიციო სამიტის ფარგლებში ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ჰარი და მეგანი სიტყვითაც გამოვიდნენ. თვითმხილველის მონათხრობის მიხედვით მეგანმა რამდენიმე სიტყვა თქვა ქმრისადმი მის სიყვარულზე, რის შემდეგაც სიტყვა ჰარის გადაეცა. პრინცმა მისი გამოსვლა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს მიუძღვნა. ჰარიმ ილაპარაკა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და იმაზე, როგორ გადიოდა თერაპიას რამდენიმე წლის განმავლობაში, რათა დედის, პრინცესა დაიანას დაკარგვის შედეგად გამოწვეული ტრავმა დაეძლია. მან პუბლიკას უამბო, როგორი გავლენა მოახდინა ბავშვობამ მის ზრდასრულ ცხოვრებაზე. თავის სიტყვაში პრინცმა “მეგზითზეც“ ისაუბრა და თქვა, რომ მან და მეგანმა რთული ნაბიჯი გადადგეს, თუმცა არ ნანობს, რადგან უნდა მისი ოჯახი დაიცვას და არ უნდა მეგნმა და მისმა შვილმა, არჩიმ ის გაიარონ, რაც მან ბავშვობაში გადაიტანა.

როგორც Page Six აღნიშნავს, დარბაზში ბევრი მილიარდერი იყო. კონფერენციაში მონაწილეობისთვის კი ჰარის და მეგანს სავარაუდოდ კარგად გადაუხადეს. გამოცემა ბრენდინგის ბრიტანელ ექსპერტზე, მარკ ბორკოვსკიზე დაყრდნობით წერს, რომ გამოსვლისთვის წყვილს სავარაუდოდ  მინიმუმ 500 000 დოლარი გადაუხადეს, გარდა ამისა აუნაზღაურეს ფრენა კერძო თვითმფრინავით. Page Six ვარაუდობს, რომ წყვილი მეგანის მეგობრის, ჩოგბურთელ სერენა უილიამსის სახლში დაბინავდა, რომელიც პალმ ბიჩში მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ ჰარიმ და მეგანმა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ფინანსურ დახმარებაზე უარი თქვეს, ისევე, როგორც სამეფო პრივილეგიებზე და მოვალეობებზე და განაცხადეს, რომ აპირებენ თვითონ იშოვონ ფული თავის შესანახად.