იაპონელმა ავტომწარმოებლებმა განაცხადეს, რომ დროებით კეტავენ ევროპასა და აზიაში მდებარე საავტომობილო ქარხნების უმრავლესობას, რადგან კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყნებმა გამოსცეს მითითებები არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიზნესების ოპერირების შეჩერების შესახებ.
სულ უფრო მეტი მსოფლიო ავტომწარმოებელი ხურავს ქარხნებს, ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ, კორონავირუსის აფეთქების გამო ხელისუფლებების მიერ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მიზეზით, რის გამოც კომპანიები მომარაგების ქსელის მოშლას ელიან.
Toyota Motor Corp–მა განაცხადა, რომ შეაჩერა დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის ქარხნების მუშაობა ოთხშაბათიდან, შაბათიდან კი მუშაობას შეწყვეტს თურქეთში მდებარე ქარხანა.
Nissan Motor Co–მ განაცხადა, რომ შეწყვიტა მანქანების გამოშვება ესპანეთის ორ ქარხანაში და ბრიტანეთში მდებარე ერთ ქარხანაში, Honda Motor Co–მ კი განაცხადა, რომ დროებით დახურა ყველა სადილერო ცენტრი იტალიაში, სადაც ვირუსით დაინფიცირების მაშტაბები ყოველდღიურად იზრდება.
Toyota–მ განაცხადა, რომ მისი ქარხანა ფილიპინებში აპრილის შუა რიცხვებამდე მუშაობას შეწყვეტს, მალაიზიური ქარხანა კი მარტის ბოლომდე დაიხურება. ამ ქვეყნებში წარმოება შეაჩერა Honda–მაც.
ოთხშაბათს ევროპული ქარხნების მუშაობა 10 დღით შეაჩერა Volkswagen AG–მ და განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელება მისი მიწოდების ქსელს შეაფერხებს.
ტოიოტა, ნისანი და ჰონდა აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელიც ერთ–ერთი მსხვილი საწარმოო ბაზაა, მუშაობა გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ აშშ–ს და კანადის ხელისუფლებები კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად გადაადგილების შეზღუდვებს აწესებენ.