ISFED-ი არასდროს ყოფილა მთავარი არბიტრი, ის ითვლის უკვე არსებულ ოქმებს – ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ISFED-ი მთავარი არბიტრი არასდროს ყოფილა, ის ოქმების ანგარიშს ეწევა.

„ის ითვლის უკვე არსებულ ოქმებს და მის გადათვლებს. თვითონაც ამბობს, რომ იყო დაშინება, ოქმების დისბალანსი, რომელსაც ითხოვდა თავად და მთავრობამ არ დააკმაყოფილა. ასე რომ, ISFED-ი არასდროს ყოფილა მთავარი არბიტრი, ის უბრალოდ უკვე არსებული ოქმების ანგარიშს ეწევა. ამიტომ, აქ ჩვენი მხრიდან დიდად არაფერი შეცვლილა. მთავრობა უფრო აპელირებს ამაზე, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშიც არის დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და „კარუსელები“, რასაც ISFED-ი არ ითვლის“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებითაც, ბიულეტენების ჩაყრას და კარუსელებს პარალელური დათვლა ვერ აჩვენებს.

ცნობისთვის, სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) შიდა აუდიტი ჩაატარა, რის შედეგადაც გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. პარალელური დათვლის შედეგად, ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს. სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.