“ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს,“ -„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური „რუსთავი 2-ის“ 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის სარჩელს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.
ეკა გიგაურმა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ის განცხადება გაიხსენა, როდესაც მან ორი კვირის წინ სასესიო დარბაზში აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“ ძველ მფლობელებს უნდა დაუბრუნდეს.
„ეს ფაქტი რომ ახლა ხდება, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს იმიტომ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ვნახეთ, რომ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო და ამ გადაყენებული იქნა თანამდებობიდან აჭარის ტელევიზიის დირექტორი, ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ Facebook პოსტის გამო, გავლენიანი და გამოცდილი პროდიუსერის გათავისუფლებას სამსახურიდან. დღეს უკვე ჩვენ ვხედავთ ამ ფაქტს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ერთ-ერთი წილის მფლობელს გაახსენდა, რომ მას გარკვეული კითხვები აქვს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მენეჯმენტთან. სულ ცოტა ხნის წინ ვნახეთ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, სადაც იგი ვიღაცას მოუწოდებს, რომ შეიცვალოს „რუსთავი 2-ის“ მფლობელები და დაუბრუნდეს „რუსთავი 2“ სხვა მფლობელებს. ეს იყო მისი განცხადება და ვიტყოდი, მოწოდება კიდევაც. შესაბამისად, ეს მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს,“ – განაცხადა გიგაურმა.