უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ „არსებობს ამ ომის დასრულების რეალური პერსპექტივა“.
ზელენსკის თქმით, მან ტრამპს აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილე მიულოცა და მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის — „ჯაველინებიდან“ და „პეტრიოტებიდან“ დაწყებული, პოლიტიკური მხარდაჭერით დასრულებული.
„ჩვენ უაღრესად ვაფასებთ იმას, რომ ამერიკა მხარს გვიჭერს ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვაში“, — დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მან და ტრამპმა ფრონტზე არსებული ვითარება და დიპლომატიური პროცესები განიხილეს.
„არსებობს ამ ომის დასრულების რეალური პერსპექტივა და ამერიკის სიმტკიცეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება“, — აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საუბარს პირისპირ გააგრძელებენ ანკარაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე.
პესკოვი ზელენსკის კვლავ მოსკოვში მოლაპარაკებებზე იწვევს
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას უპასუხა და ის კვლავ მოსკოვში მოლაპარაკებებზე მიიწვია.
ზელენსკიმ მანამდე, კრემლის მტკიცების საპასუხოდ, თითქოს რუსეთმა კონსტანტინოვკა აიღო, პუტინს სწორედ ამ ქალაქში შეხვედრა შესთავაზა. პესკოვმა კი გაიმეორა, რომ დონბასის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი რუსეთის კონტროლქვეშ გადავიდა.
„თუ ზელენსკი ამ განცხადებით აჩვენებს მზადყოფნას, ჩავიდეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მაშინ მოსკოვში უნდა ჩამოვიდეს. რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი მაინც მოსკოვია და არა კონსტანტინოვკა“, — თქვა პესკოვმა „კომსომოლსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, ზელენსკის მოსკოვში ჩასვლა შეუძლია მაშინ, როცა „მნიშვნელოვანი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მისაღებად მზად იქნება“.
ზელენსკისთვის მოსკოვში მოლაპარაკებების შეთავაზება პირველი არ არის. უკრაინის პრეზიდენტმა წინა შეთავაზებებზე უარი თქვა.
„ცხადია, შეუძლებელია, რომ პუტინს მოსკოვში შევხვდე. ეს იგივეა, პუტინი კიევში რომ ჩამოვიდეს შეხვედრაზე“, — აცხადებდა ზელენსკი იანვარში.
მისივე თქმით, როცა ვინმეს შეხვედრა არ სურს, მაგრამ ამის პირდაპირ თქმა არ შეუძლია, სწორედ მაშინ ისმის „მოსკოვში მიწვევები“.















