შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს.
შსს–ს ინფორმაციით ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – ინდოეთის, ვიეტნამის, თურქმენეთის, რუსეთის, ყირგიზეთის, სუდანის პაკისტანის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის, იორდანიის, ნიგერიის, ბანგლადეშის, უგანდისა და კენიის მოქალაქეები.
როგორც გავრცელებულ ინფორმაცაშია ნათქვამი, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადაამოწმეს კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.
დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.















