უკრაინული დრონების მასირებული შეტევა პეტერბურგზე: ნავთობტერმინალს ხანძარი გაუჩნდა

4 ივლისის ღამეს  უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქს შეუტიეს. დილით ცნობილი გახდა, რომ იწვის პეტერბურგის ნავთობის ტერმინალი, რომელიც რეგიონში  ერთ-ერთი უდიდესი ტერმინალია.

შაბათს დილით პეტერბურგის გუბერნატორმა ალექსანდრ ბეგლოვმა დრონების მასირებული შეტევის შესახებ განაცხადა და ქალაქის მცხოვრებლებს და დრონების საფრთხის გაუქმებამდე სახლებში დარჩენა სთხოვა.

„როსავიაციამ“ განაცხადა, რომ პულკოვოს აეროპორტში დროებითი შეზღუდვები დაწესდა თვითმფრინავების მიღებასა და გაშვებაზე. რამდენიმე საათის შემდეგ შეზღუდვები მოიხსნა.

ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:00 საათზე ბეგლოვმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქალაქისა და ოლქის თავზე 72 დრონი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი მათგანი პეტერგოფში ჩამოვარდა.

მოგვიანებით ბეგლოვმა განაცხადა, რომ დარტყმა, მათ შორის, ქალაქის კიროვის რაიონში მდებარე ნავთობის ტერმინალის ტერიტორიასაც მიადგა.

ნავთობის ტერმინალზე დრონებით შეტევა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა.

“წუხელ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინული შორი მოქმედების სანქციები ამ ომში სანქტ-პეტერბურგის მახლობლად მდებარე სამიზნეებს მისწვდა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა დარტყმა მიაყენეს პორტის ნავთობინფრასტრუქტურას, რომელიც რუსეთის ომს შემოსავალს აძლევს. ასევე წარმატებული დარტყმები განხორციელდა კრონშტადტზე — მნიშვნელოვან სამხედრო სამიზნეზე. მანძილი უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან 850 კილომეტრზე მეტია“– დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

პეტერბურგის ნავთობის ტერმინალზე დიდი ხანძარი ერთი თვის წინაც მოხდა — 3 ივნისს დრონებით შეტევის შემდეგ, იმ დღეს, როდესაც ქალაქში პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა. პეტერბურგის ნავთობის ტერმინალი ბალტიის რეგიონში თხევადი ტვირთების გადატვირთვის ერთ-ერთი უდიდესი ტერმინალია.