ავტორიტარული ტყვეობისა და რუსეთის მოკავშირეობის წინააღმდეგ-ALDE-ს რეზოლუცია საქართველოზე

„ავტორიტარული ტყვეობისა და რუსეთის მოკავშირეობის წინააღმდეგ ქართველი ხალხის დემოკრატიისთვის ბრძოლის მხარდაჭერა“ — ასე ჰქვია რეზოლუციას საქართველოს შესახებ, რომელიც დღეს ვენაში, ALDE-ს კონგრესზე მიიღეს. „ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“ მიიჩნევს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანა რუსეთის უკანასკნელ სიმაგრედ და სატელიტად აქცია აღმოსავლეთ ევროპაში, განგებ გაწყვიტა კავშირები დემოკრატიულ სამყაროსთან და ანგრევს ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებს. რეზოლუციის თანახმად, ALDE აღიარებს ქართველი ხალხის ურყევ სიმამაცეს, სიმტკიცესა და ერთგულებას საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

ALDE-ს რეზოლუციაში საქართველოს შესახებ წერია:

ALDE მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებსა და ევროპულ სახელმწიფოებს: მიიღონ გადამწყვეტი ზომები და ჩამოაყალიბონ ძალიან ცხადი, უკომპრომისო პოლიტიკა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ; დააწესონ დაუყოვნებლივი მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკური რეპრესიების ორკესტრირებაზე პასუხისმგებელ ინდივიდებზე; აამოქმედონ მკაცრი ფინანსური სანქციები რეჟიმის ხელშემწყობები პირების მიმართ, ასევე მისი დამფინანსებელი და მხარდამჭერი ქსელების მიმართ; მოითხოვონ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ელენე ხოშტარიასთვის ადეკვატური, სისტემური და შედეგებზე ორიენტირებული სამედიცინო მკურნალობა და უზრუნველყოს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლება; გამოიყენონ ყველა არსებული დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტრუმენტი, რათა აქტიური სოლიდარობა გამოუცხადონ ქართველ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში; მკაფიოდ გამიჯნონ რეჟიმი და საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმის ნებისმიერი საყოველთაო შეჩერების წინააღმდეგობით და რეპრესიებისთვის პასუხისმგებელი პირების მიმართ მიზანმიმართულ სანქციებზე ფოკუსირებით; ALDE გმობს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების მიმდინარე ანექსიას და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიერთების მცდელობებს.

რეზოლუციის მიღებამდე ALDE-ს კონგრესის ფარგლებში საქართველოს შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა. მას ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ელენე ხოშტარიასთვის განკუთვნილი სკამი ცარიელი იყო. პარტნიორებმა დაპატიმრებული ოპოზიციონერის მიმართ სოლიდარობა ამ ფორმით გამოხატეს.