მედიკოსები სხვადასხვა ქვეყანაში ინტენსიურად მუშაობენ Covid19–ის ვაქცინის შექმნაზე და ტესტირების ახალ პროცედურებზე. ვინ ატარებს ცდებს ვაქცინებზე და შეიძლება თუ არა იმედი გვქონდეს, რომ ახლო მომავალში ადვილად ხელმისაწვდომი წამალი გვექნება?
მარტის შუა რიცხვებში ჯანმომ ჩამოთვალა “კანდიდატი–ვაქცინების“ 41 ვარიანტი.
მათ შემმუშავებლებს შორის დასახელებულები არიან მსოფლიოს მსხვილი ფარმაცევტული ჰოლდინგები და ცნობილი უნივერსიტეტები– ოქსფორდის უნივერსიტეტი ინგლისში, პასტერის ინსტიტუტი საფრანგეთში.
ბოლო კვირის განმავლობაში რამდენიმე მათგანმა განაცხადა, რომ კლინიკური ტესტირება ადამიანებზე დაიწყო.
რა ვაქცინები იტესტება ამჟამად და რომელ ქვეყნებში:
ბოლო დღეებში აშშ–ს რამდენიმე ქალაქში დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ცდები მოხალისეებზე.
სან დიეგოში მდებარე კვლევითი ცენტრის, Inovio-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცდებს რამდენიმე თვე დაჭირდება, თუმცა თუნდაც სრული წარმატების შემთხვევაში მასობრივად ხელმისაწვდომი ვაქცინა მხოლოდ მომავალი წლის შუა პერიოდში იქნება.
პარასკევს Covid19- ის საწინააღმდეგო ვაქცინის ცდების დაწყების შესახებ განაცადა რუსულმა როსპოტრებნადზორმა. ისინი ამბობენ, რომ ვაქცინა 2020 წლის მეოთხე კვარტალში ექნებათ მზად. მას ცხოველებზე ცდიან.
მანამდე პოტენციური ვაქცინის ადამიანებზე ტესტირების შესახებ განაცხადა ბოსტონის ორმა საავადმყოფომ. მასაჩუსეტსის ცენტრალური საავადმყოფოს პროგრამაში სამი მოხალისე მონაწილეობს, თუმცა მათი ნაწილი პლაცებოს მიიღებს.
სიეტლში Kaiser Permanente–ის კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ექსპერიმენტული დოზით აცრა გაუკეთეს ოთხ მოხალისეს. ამის შესახებ 17 მარტს სააგენო ასოშეითედ პრესმა განაცხადა.
გასული კვირის სამშაბათს ჩინურმა კომპანიამ CanSino Biologics განაცხადა, რომ ვაქცინის მის მიერ შემუშავებული ვერსია მოწონებულია კლინიკური ცდების პირველი ფაზისთვის. ვაქცინა ვირუსის გენეტიკური კოდის ფრაგმენტს შეიცავს.
კორონავირუსის ტესტირების მეთოდების ოპტიმიზაცია ეპიდემიასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი ასპექტია. ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და აშშშ ტესტირების კომპლექტების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდნენ.
ბრიტანეთის პრემიერმა ჯონსონმა ამ კვირაში პირობა დადო, რომ ბრიტანეთში ვირუსზე ტესტირებას დღეში 25000 ადამიანს ჩაუტარებენ. მაგრამ ოთხშაბათს ბრიტანეთის თერაპევტთა კოლეგიის თავმჯდომარემ, მარტინ მარშალმა აღიარა, რომ ბრიტანეთს ტესტების დეფიციტი აქვს.
დეფიციტზე ჩივის ჩრდილოეთ იტალიაც, რომელიც ევროპის ყველაზე დაინფიცირებული რეგიონია.
პარალელურად მუშავდება ვირუსის ტესტირების ახალი მეთოდები. ხუთშაბათს მეთოდის პირველი წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა ისრაელის მეცნიერთა ჯგუფმა. ეს არის მოლეკულური ტესტირების მეთოდი, რომლითაც ერთდროულად რამდენიმე ნიმუშის დამუშავება შეუძლია.
ევროპასა და აშშ–ში ერთდროულად რამდენიმე კომპანიამ გამოუშვა გასულ კვირას სწრაფი ტესტები, რომლის გაკეთება ადამიანებს სახლის პირობებში შეუძლიათ, თუმცა ამერიკაში პრობლემა შეიქმნა ლიცენზირებასთან დაკავშირებით. აშშ–ს სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის მიერ ჯერჯერობით არცერთი არ არის ლიცენზირებული.
პრიტანეთის პრემიერიც პირობას დებს, რომ შეიძენს ტესტებს ანტისხეულებზე, რომლებიც ორგანიზმში კორონავირუსის საპასუხოდ გამოიყოფა. ეს ტესტები ფეხმძიმობის ტესტს გავს. მათი გაკეთება ადამიანებს თავად შეუძლიათ, რათა დაადგინონ, ხომ არ გადაიტანეს უკვე Covid 19.
ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი ამ დაავადებას უსიმპტომოდ იხდის და ვირუსის გადამტანია. ადამიანები, რომლებმაც ის უკვე გადაიტანეს და იმუნიტეტი გამოიმუშავეს, შეძლებენ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ ისე, რომ გარშემომყოფებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდნენ.