LGBTQ სამკლაურის გამო აქტივისტი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციიდან გააგდეს

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე “სირცხვილიას” აქტივისტებს ლგბტ სამკლაურის გამო, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.

სალომე ბარკერის თქმით, ფალავანდიშვილის შვილმა მას სამკლაურის მოხსნა მოთხოვა, შემდეგ კი თანამოაზრეებთან აქციიდან გააგდო.

“მეგონა, 12:00 საათზე მხარდაჭერა სჭირდებოდათ ყველა ადამიანის, ვინც აქ მოვიდოდა და მოვედი ზუსტად 12:00-ზე იმიტომ, რომ ულტიმატუმის დრო ჰქონდათ გამოცხადებული და ამათმა აქციიდან გამაგდეს. ჩემთვის წყნარად ვიდექი, მერე მოვიდა გურამ ფალავანდიშვილის შვილი, რომელმაც მითხრა, რომ ეს მოვიხსნა, მე ვუთხარი, არ მოვიხსნი.

ამ ადამიანმა ატეხა ერთი ამბავი, გვეძახეს პროვოკატორები, ვიღაცამ მომიწოდა, რომ ტრუსიკით ნუ ვარ აქციაზე და ჩავიცვა შარვალი. ვიღაცამ დამიძახა, რომ რას ვგავარ. ვიღაცამ ამიკრძალა ლაპარაკი. ახლა თქვენ, რომ გელაპარაკებით, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ მე აქ პროვოკაციას ვდგამ. გამომადგეს აქციიდან, აქ ნუ დგახარო, მითხრეს და ინტერვიუს ნუ აძლევო.

ძალიან მრცხვენია. მე აქ მხარდასაჭერად მოვედი და არაფერი მსგავსი არ მინდოდა, რაც ახლა აქ მოხდა. მოკითხონ იმ ადამიანებს, ვინც იქ ჰყავთ მხარდამჭერებად. აგრესიული ხალხია და რადგან აგრესიულები არიან, გამოვერიდე”,– განაცხადა სალომე ბარკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.