HBO-მ ”სამეფო კარის თამაშებში” შემთხვევით მოხვედრილ ყავის ჭიქაზე კომენტარი გაკეთა

”სამეფო კარის თამაშები” დღევანდელობის ყველაზე პოპულარული სერიალია და მასში მომხდარ სცენებს არაერთხელ მოჰყოლია დიდი გამოხმაურება სოციალურ ქსელებში. თუმცა ეს შემთხვევა სხვებისგან რადიკალურად განსხვავდება.

კურიოზული შემთხვევა მერვე სეზონის მეოთხე სერიაში მოხდა, სადაც ერთი შეხედვით ყველაფერი ბუნებრივად მიმდინარეობს, მეომრები სერიალის მთავარ პერსონაჟებთან ერთად ვინტერფელის ომში გამარჯვებასა და ღამის მეფის დამარცხებას აღნიშნავენ.

მაგრამ ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ სცენაში რეჟისორებსა და ოპერატორებს ერთი ფაქტი გამორჩათ, რაც, რა თქმა უნდა, მაყურებლების ყურადღების ცენტრში მოექცა და მეორე დღეს ფაქტობრივად ყველა ამაზე საუბრობდა. საქმე იმაშია, რომ დრაკონების დედას, დეინერის ტარგარიენს მაგიდაზე ჩვეულებრივი სასმისის ნაცვლად ”სტარბაქსის” ყავის ჭიქა უდგას. როგორც ჩანს გადამღები ჯგუფიდან ვერავინ ვერ შეამჩნია მაგიდაზე ”განსხვავებული” სასმისის არსებობა.

ამ ფაქტს სერიალის გადამღები კომპანია HBO-ც გამოეხმაურა და მათ ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთეს. მათი თქმით, მერვე სეზონის მეოთხე სერიაში შემჩნეული ლატე შეცდომა იყო, რადგან დეინერისს ბალახის ჩაი ჰქონდა შეკვეთილიო. მოგვიანებით სერიალის სამხატვრო დირექტორმა ჰოუკი რიხტერმა განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტები ძალიან ხშირად ხდება, თუმცა ამ შემთხვევაში გადამღებ ჯგუფს მთლიანად გამოეპარათ ეს ფაქტი.

რასაკვირველია ამ შემთხვევას რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა სერიალის განვითარებაში არ ჰქონია, თუმცა მაინც საინტერესოა შუა საუკუნეების პერიოდზე გადაღებულ სერიალში დრაკონების დედის წინ მაგიდაზე ”სტარბაქსის” ჭიქის არსებობა.