მაკბეტის ახალ ეკრანიზაციაში დენზელ ვაშინგტონი ითამაშებს

ჰოლივუდში შექსპირის კლასიკის მორიგი ეკრანიზაცია მზადდება. ჰოლივუდ რეპორტერის ცნობით “მაკბეტის“ მოტივებზე გადაღებულ ფილმში პოპულარული მსახიობები, დენზელ ვაშინგტონი და ფრენსის მაკდორმანდი ითამაშებენ. ფილმის სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი მსახიობის ქმარი, ჯოელ კოენია. ფილმის გადაღებების გრაფიკი ჯერ დადგენილ არ არის.
შეგახსენებთ, რომ მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში დაწერილი პიესის სიუჟეტი შოტლანდიელი ლორდის გარშემო ტრიალებს, რომელსაც ალქაჯები უწინასწარმეტყველებენ რომ მეფე გახდება. ძალაუფლების წყურვილით დაბრმავებული და ცოლისგან გაქეზებული ლორდი მასთან სტუმრად მისულ მეფეს კლავს და მის ტახტს იკავებს, რაც საბოლოოდ მისთვის ცუდად მთავრდება.
ეს ნაწარმოები ეკრანებზე არაერთხელ გადაიტანეს. ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ეკრანიზაცია 1948 წლით თარიღდება. ბოლო კი 2015 წლით. მთავარი როლები მაკბეტის ამ ეკრანიზაციაში მაიკლ ფასბენდერმა, შონ ჰარისმა, მარიონ კოტიარდმა, დევიდ ტიულისმა, ჯეკ რეინორმა და სხვა მსახიობებმა შეასრულეს.