მეცნიერებმა ისრაელში ადამიანის ქსოვილით შექმნილი გული სამგანზომილებიან პრინტერზე დაბეჭდეს. მკვლევარები ფიქრობენ, რომ დაბეჭდილი ორგანოების ტრანსპლანტაცია რამდენიმე წელში დონორების მიწოდებულ ორგანოებს ჩაანაცვლებს.
სამგანზომილებიან გულში პირველად არის ადამიანის ქსოვილით შექმნილი უჯრედები, სისხლძარღვები, ორი წინა გული და ორი პარკუჭი. თელავივის უნივერსიტეტში დაბეჭდილი გული მართალია მცირე ზომის არის, მაგრამ მას მაინც დიდ გარღვევად მიიჩნევენ მედიცინის დარგში.
თელავივის უნივერსიტეტის მეცნიერები ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა მთელი გული თავისი ყველა უჯრედით და სისხლძარღვით დაიბეჭდა. თანაც პირველი შემთხვევაა, როცა ეს ყველაფერი პაციენტის ქსოვილით დამზადდა.
გუნდმა ბიოფსიით აღებული ქსოვილი ისე დააპროგრამა, რომ მათგან ღეროვანი უჯრედები მიიღეს. მეორე ეტაპზე მოხდა მათი დიფერენციაცია სისხლძარღვების და გულის უჯრედებად.
ბიომასალა, რომელიც ქსოვილშია ისეა დამუშავებული, რომ იღებ ბიომასალას გულისთვის და ცალკე ბიომასალას სისხლძარღვებისთვის. შემდეგ სამგანზომილებიანი პრინტერით მთლიან გულს ბეჭდავ.
ერთი გულის დაბეჭდვას, რომელიც 2.5 სანტიმეტრს არ აღემატება, სამი საათი დასჭირდა. მეცნიერების განმარტებით სრულფასოვნად ფუნქციონირებადი ბუნებრივი ზომის გულის დაბეჭდვას რამდენიმე წლიანი ტექნოლოგიური სამზადისი დასჭირდება. შეიძლება უახლოეს მომავალში არა, მაგრამ არცთუ ძალიან შორეულ მომავალში ეს გასაოცარი საშუალება ბევრ ადამიანს დაეხმარება, განსაკუთრებით გულის დაავადების მქონე პაციენტებს.
მკვლევარებს იმედი აქვთ, რომ 10 წელში ყველა საავადმყოფოს ექნება საკუთარი ტრიდე პრინტერი, რომლითაც ადამიანის ქსოვილით დამზადებულ ორგანოებს დაბეჭდავს პაციენტების ორგანიზმში გადასანერგად.