ახალციხეში, მე-5 საჯარო სკოლის პირველკლასელებს ზეიმზე, ანბანის გაცილებაზე საბჭოთა სიმბოლიკის აღმნიშვნელი წითელი ყელსახვევები ეკეთათ. ინფორმაციას ამის შესახებ ახალციხის ადგილობრივი ტელერადიოკომპანია მე-9 არხი ავრცელებს. როგორც მშობლები აცხადებენ მოსწავლეების ვიზუალური მხარე მოთხოვნილი იყო დამრიგებლის მიერ.
„კლასის დამრიგებლის იდეა იყო. აღარ მიკითხავს რატომ გადაწყვიტეს მაინცდამაინც წითელი ყელსახვევები. შევაკერინეთ, ლარნახევარი დაგვიჯდა ერთი ყელსახვევი. მასწავლებელს უნდოდა და ჩვენც დავეთანხმეთ. სხვა კლასებისგან განსხვავებული რომ იყოსო, მოიფიქრა, ვითომ პატარა პიონერები იყვნენ. ყველამ მოიწონა, დირექტორმაც კი. წითელი ყელსახვევი პრობლემაა? მშობლებმა არაფერი ვიცით. მასწავლებელს ან დირექციას არ უნდა სცოდნოდა თუ არ შეიძლებოდა? რასაც გვეუბნებიან ჩვენ იმას ვაკეთებთ“, – ამბობენ მშობლები.
დამრიგებელი ლუიზა მღებრიშვილი უარყოფს, რომ წითელი ყელსახვევებით პიონერებთან მსგავსების ჩვენება უნდოდათ. 27 მაისს გამართული ღონისძიება, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს მიუძღვნეს. მის მოსწავლეებს ყელსახვევები სხვა წლებშიც ჰქონიათ, თუმცა მწვანე და იასამნისფერი.
„თეთრი მაისური და წითელი გეტრები ჩავაცვით. ყელსახვევიც ამას შევუხამეთ. რაღაც ხომ უნდა გაეკეთებინათ? ჰალსტუხი არ მოუხდებოდა, ამიტომ გავაკეთეთ ეს. არ მიფიქრია, რომ პიონერის ყელსახვევად აღიქმებოდა, თორემ ხომ არ გავაკეთებდი? მაშინ სხვა ფერს შევარჩევდი“, – ამბობს დამრიგებელი
„წითელი ყელსახვევების ნაცვლად, შეიძლებოდა საქართველოს სიმბოლიკა გამოეყენებინათ. ეს არის ნოსტალგია საბჭოთა კავშირის მიმართ, განსაკუთრებით შუა ასაკის ხალხისთვის“, – ამბობს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ახალციხის ოფისის წარმომადგენელი ამალია სარქისიანი.
სამოქალაქო ცნობიერების პრობლემა – ასე აფასებს პოლიტოლოგი მეხუთე სკოლის მასწავლებლის გადაწყვეტილებას. გიორგი გობრონიძეს მიაჩნია, რომ პირველკლასელებზე შემოხვეული წითელი ყელსახვევი სხვა არაფერია, თუ არაკრიტიკული აზროვნების ნაკლებობა.
„არ არის ნორმალური, 21-ე საუკუნეში ბავშვი გამოაწყო პიონერივით და ამას განსხვავება დაარქვა. ეს ვიზუალი ადმინისტრაციას ნორმალურად სავარაუდოდ იმიტომ მიიჩნია, რომ თავად იყვნენ პიონერები და უკეთესი არაფერი უნახავთ. აჩვენეთ უკეთესი და ამას აღარ მოისურვებენ“, – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. მისი თქმით, განათლების სამინისტრო მასწავლებლებს ვერ სათავაზობს ინოვაციებს, განსაკუთრებით რეგიონებში.