კორონავირუსთან ერთად მთელ მსოფლიოში ვრცელდება არა მხოლოდ პანიკა, არამედ სხვადასხვა რჩევები იმასთან დაკავშირებით, როგორ დავიცვათ მისგან თავი. ამ რჩევებს ყოველთვის კვალიფიციური სპეციალისტები არ იძლევიან და მათგან სარგებელი ხშირად ნულის ტოლია.
ჩამოვთვლით რამდენიმე ხერხს, რომლის გამოყენებასაც ხშირად გვირჩევენ და შემოგთავაზებთ სპეციალისტების აზრს ამ რჩევების შესახებ.
1. ნიორი
სოციალური ქსელების ბევრი მომხმარებელი გვირჩევს ნიორი ვჭამოთ ვირუსის თავიდან ასაცილებლად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მისალმება ნიორს, როგორც ჯანსაღ საკვებს, რომელსაც გარკვეული ანტიმიკრობული თვისებები აქვს, მაგრამ არავითარი მტკიცებულება, რომ ის ახალი კორონავირუსისგან დაგიცავთ არ არსებობს.
ზომიერი რაოდენობით ნიორი არაფერს აშავებს, სანამ ხალხი, რომელიც მას მკურნალობისთვის იყენებს ექიმების რეკომენდაციებს ემორჩილება. თუმცა, თუ ვინმე ჩათვლის, რომ ნიორი და სხვა “ხალხური“ მეთოდები საკმარისია და კვალიფიციური სპეციალისტების რჩევებს უგულებელყოფს, ეს შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდეს. ხილი და ბოსტნეული ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, თუმცა უსარგებლოა ახალი კორონავირუსით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად.
თავისთავად ნივრის დიდი რაოდენობით მოხმარებამაც შესაძლოა პრობლემები გამოიწვიოს. ჩინური გამოცემა The South China Morning Post ამ დღეებში წერდა ქალის შესახებ, რომელიც საავადმყოფოში ყელის ანთებით მოხვდა მას შემდეგ, რაც კილონახევარი ნიორი შეჭამა.
2. „ჯადოსნური დანამატები„
პოპულარული YouTube ბლოგერი, ჯორდან საზერი ამტკიცებს, რომ ჯადოსნური მინერალური დანამატი (MMS – “miracle mineral supplement”) კორონავირუსისგან გვიცავს.
ეს დანამატი ქლორის დიოქსიდს შეიცავს. საზერი, როგორც ზოგიერთი სხვა ინფლუენსერი ამ საშუალების რეკლამირებას ვირუსის აფეთქებამდეც ეწეოდა. ჯერ კიდევ იანვარში ის ტვიტერში წერდა, რომ ქლორის დიოქსიდი ეფექტური საშუალებაა კიბოს უჯრედების გასანადგურებლად, თუმცა მას შეუძლია კორონავირუსით დაინფიცირებაც აგვარიდოს თავიდან.
გასულ წელს აშშ–ს კვების პროდუქტების და მედიკამენტების კონტროლის სამმართველომ უკვე გამოსცა გაფრთხილება, რომ ქლორის დიოქსიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დამტკიცებული კვლევებით და მისმა გამოყენებამ შეიძლება გულის რევა, დიარეა და ორგანიზმის ძლიერი გამოფიტვის სიმპტომები გამოიწვიოს. მას სხვა ქვეყნების მსგავსი სამსახურებიც ეთანხმებიან.
3. თვითნაკეთი ხელის გელი
მთელ მსოფლიოში ხალხი ინტენსიურად ყიდულობს ხელის სადეზინფექციო საშუალებებს. ბევრ მაღაზიაში მარაგები გათავდა, ინტერნეტში კი პოპულარული ხდება ინსტრუქციები, როგორ მოვამზადოთ გელი საკუთარი ხელით.
თუმცა, ზოგიერთი თვითნაკეთი გელი ადამიანის კანისთვის არ გამოდგება. ხელის ჩვეულებრივი გელი, რომელიც მაღაზიებში იყიდება როგორც წესი არა მხოლოდ სპირტს შეიცავს, არამედ შემამსუბუქებელ ნივთიერებებსაც, რათა კანი არ დაზიანდეს. ეს კი სახლის პირობებში მომზადებული საშუალებების უმრავლესობაში გამორიცხულია. . ზოგჯერ ამ რეცეპტებში გვთავაზობენ ალკოჰოლური სასმელების გამოყენებას, მაგრამ ყველაზე მაგარ სასმელებშიც კი სპირტის შემცველობა იშვიათად აღემატება 60%–ს. ექსპერტები გვირჩევენ, ანტისეპტიკი სახლის პირობებში მინიმუმ 60 გრადუსის სიძლიერის სპირტით დავამზადოთ.
4. კოლოიდური ვერცხლი
კოლოიდური ვერცხლის გამოყენება კორონავირუსის წინააღმდეგ საზოგადოებას ჯიმ ბეიკერის ტელეშოუს სტუმარმა ურჩია. სითხე, რომელშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკებია გარეული, მისი აზრით კორონავირუსის ზოგიერთ სახეობას 12 საათის განმავლობაში კლავს. თუმცა, მან აღიარა, რომ Covid-19–თან დაკავშირებით ჯერჯერობით მონაცემები არ აქვს.
ცნობები იმის შესახებ, რომ თხევადი ვერცხლი შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს, მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით ტრადიციული მედიცინის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ საზოგადოებებში. ამ საშუალების მომხრეები ვარაუდობენ, რომ ის სხვადასხვა დაავადებას კურნავს და ანტისეპტიკური მოქმედება აქვს, ასევე იმუნიტეტს ამაგრებს. თუმცა აშშ–ს ხელისუფლება გვაფრთხილებს, რომ ასეთი თვისებები არავის დაუმტკიცებია. უფრო მეტიც, კოლოიდური ვერცხლის გამოყენებამ შესაძლოა სერიოზული უარყოფითი ეფექტები გამოიწვიოს, მაგალითად თირკმელების მუშაობის დარღვევა, კრუნჩხვები და არგირია – კანის ფერის შეუქცევადი შეცვლა.
ექიმები ამბობენ, რომ რკინის და თუთიისგან განსხვავებით ვერცხლი ადამიანის ორგანიზმში არავითარ ფუნქციას არ ასრულებს.
ფეისბუქმა კოლოიდური ვერცხლის შესახებ არაერთი პოსტი უკვე მონიშნა, როგორც არასანდო ინფორმაცია.
5. წყლის სმა ყოველ 15 წუთში
ფეისბუქში პოპულარულია პოსტები ვინმე “იაპონელი ექიმის“ ციტირებით, რომელიც გვირჩევს ყოველ 15 წუთში წყალი დავლიოთ, რათა პირის ღრუდან ვირუსი გამოვრეცხოთ.
მედიკოსები ამ რჩევას სკეპტიკურად უყურებენ. ვირუსი ადამიანის ორგანიზმში სასუნთქი გზებით ხვდება, მაგრამ თუნდაც ის პირში მოხვდეს, წყლის დალევა არ გვიშველის. თუმცა, ზოგადად წყლის სმა, რა თქმა უნდა სასარგებლოა.
6. ცხელი წყლის სმა, ცხელი აბაზანების მიღება და ნაყინზე უარის თქმა
არანაკლებ პოპულარულია ინფორმაცია, რომელსაც იუნისეფს მიაწერენ, თითქოს კორონავირუსისგან დაცვაში ცხელი წყალი დაგვეხმარება: თიქოს ის რაც შეიძლება ბევრი უნდა დავლიოთ, ხშირად ვიყოთ მზეზე და თითქოს ასეთ შემთხვევაში კორონავირუსი ვერ მოგვერევა. არის რჩევები ცხელი აბაზანების მიღების შესახებ იმავე მიზნით.
იუნისეფის წარმომადგენელი, შარლოტა გორნიცკა ამბობს:
“ეს ყველაფერი სრული სიცრუეა. ჩვენ ვიცით, რომ გრიპის ვირუსი ადამიანის ორგანიზმის მიღმა ზაფხულის პერიოდში ვერ ცოცხლოს. თუმცა, ჩვენ არ ვიცით რა ზემოქმედებას ახდენს მაღალი ტემპერატურა ახალ კორონავირუსზე.„
საკუთარი სხეულის ტემპერატურის მომატება და მზის აბაზანების მიღება კორონავირუსისგან ვერ დაგიცავთ – თვლის ლონდონის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის სკოლის პროფესორი სალი ბლუმფილდი. თუ ვირუსი ორგანიზმში შეაღწევს, მას მხოლოდ თავად ორგანიზმი მოერევა.