ქალები, რომლებსაც ბედმა გენიოსების გვერდით ცხოვრება არგუნა

გენიოსის ცოლობა ადვილი არ არის. ხანდახან გამორჩეული მამაკაცების მეუღლეებს ოჯახის შესანარჩუნებლად მსხვერპლის გაღება უწევთ: ზოგი საკუთარ ცხოვრებას მთლიანად ქმარს უძღვნის. დღეს რამდენიმე გამორჩეული მამაკაცის ცოლების შესახებ გიამბობთ:

უნა ო’ ნილი და ჩარლი ჩაპლინი
უნა ო’ნილი ბოჰემურ ოჯახში გაიზარდა. მამა დრამატურგი იუჯინ ო’ ნილი იყო, დედა კი მწერალი აგნეს ბოულტონი. გოგონას ერთადერთი ნაკლი ტრუმენ კაპტეს თქმით მისი სრულყოფილება იყო. უნა ჩაპლინთან მსახიობობის სურვილმა მიიყვანა. მათ ერთმანეთი ფილმ Shadow and Substance –ს კასტინგზე გაიცნეს, სადაც უნა ბედის საცდელად მივიდა. გოგონა 18 წლის იყო, ჩარლი ჩაპლინი კი 54 წლის. მართალია ეს ფილმი საბოლოოდ აღარ გადაიღეს, მაგრამ მან ორივეს ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

“მან გაიღიმა და ჩემი ცუდი განწყობა მაშინვე გაქრა. მისმა სილამაზემ და უნიკალურმა მომხიბვლელობამ მაშინვე გამიტაცა“ – იხსენებდა მოგვიანებით ჩაპლინი ამ შეხვედრას.
იმ მომენტიდან დაიწყო მათი სიყვარულის ისტორია, რომელიც უსასრულოდ გაგრძელდა და მხოლოდ 1977 წელს, ჩაპლინის სიკვდილთან ერთად დასრულდა. ამ ურთიერთობების გამო უნამ სამსახიობო ამბიციებზე უარი თქვა, ცნობილი ქმრის ჩრდილში ყოფნა ამჯობინა და თავი მთლიანად ოჯახს მიუძღვნა. მითუმეტეს, რომ სხვ აღარც არავინ დარჩა. მამა ჩაპლინზე მისმა გათხოვებამ იმდენად გააბრაზა, რომ გოგონა მისი ცხოვრებიდან წაშალა და არც მემკვიდრეობა დაუტოვა.
ცოლ–ქმარმა შვეიცარაში, ჟენევის ტბასთან მდებარე სახლში რვა შვილთან ერთად ბევრი ბედნიერი წუთი გაატარა. თუმცა მათ ცხოვრებაში უსიამოვნებებიც იყო. მაგალითად ჩაპლინის დადანაშაულება “საიდუმლო კომუნისტურ ორგანიზაციასთან“ კავშირში და აშშ–ში შესვლის აკრძალვა. თუმცა უნა ყოველთვის მოსიყვარულე და ერთგული ცოლი იყო. მან ამერიკიდან ოჯახის მთელი დანაზოგი და ქონებაა გაიტანა და ქმრის გულისთვის ამერიკის მოქალაქეობაზე უარი თქვა.
მათი ქორწინება 34 წელს გაგრძელდა, რომლის განმავლობაში ერთმანეთს მხლოდ ერთხელ დაშორდნენ. უნა ქმრის სიკვდილიდან 14 წლის შემდეგ, 66 წლის ასაკში კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნისგან გარდაიცვალა. ჩაპლინის გარდაცვალების შემდეგ ის კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და სახლიდან ნაკლებად გამოდიოდა.

“მან მე ზრდასრულ ადამიანად მაქცია, მე კი მასში ახალგაზრდობას ვინარჩუნებდი. ის ჩემი სამყარო იყო. მის გარდა ვერაფერს ვხედავდი და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა“
ამბობდა უნა.

გალა და სალვადორ დალი
გალა, იგივე ელენა დიაკონოვა ნამდვილი საბედისწერო ქალის სახელით არის ცნობილი. განათლებული, ლამაზი, ვნებიანი, ამაყი, აქტიური ქალი მამაკაცებს ფაქტიურად პირველივე ნახვაზე აჯადოებდა. ასე დაემართა სალვადორ დალისაც.  ისინი ერთმანეთს გალას მაშინდელმა ქმარმა, პოლ ელიუარმა გააცნო, რომელმაც ელენას გალას ფსევდონიმი მოუგონა. მაშინ გალა 35 წლის იყო. დალი ათი წლით უმცროსი. მათ შორის მაშინვე გაჩნდა დაუძლეველი ლტოლვა. შემდეგ კი ეს დიდ სიყვარულში გადაიზარდა.
არც არის გასაკვირი: სალვადორ დალი გამოცდილ, ჭკვიან ქალს ეძებდა, რომელსაც თაყვანს სცემდა. გალას კი მუდმივი ზეიმი და ფეიერვერკი სურდა. მათ ერთმანეთში ის იპოვნეს, რაც ჭირდებოდათ. ერთხელ, ურთიერთობის დასაწყისში სეირნობისას გალამ დალის უთხრა: ჩემო ბიჭო, ჩვენ უკვე აღარასოდეს დავშორდებით.


გალა არა მხოლოდ დალის მუზა იყო, არამედ ყველა ყოფითი პრობლემის და პრაქტიკული საკითხების მოგვარება საკუთარ თავზე აიღო. ის იყო დაკავებული ნახატების გაყიდვით, თუ არ იყიდებოდა, აიძულებდა დალის ქუდების, საფერფლეების მოდელები შეექმნა, მაღაზიების ვიტრინები გაეფორმებინა, რეკლამები დაეხატა. გალას საქმიანმა ალღომ გადააწყვეტინა წყვილს აშშ–ში გადასვლა, სადაც დალის საოცარი წარმატება ელოდა. გალა დალის კარიერის და შემოქმედების ერთგვარი კატალიზატორი იყო . მისი სახის ნაკვთები დალის პორტრეტების უმრავლესობაში გამოსჭვივის.

თუმცა მოგვიანებით ცოლ–ქმარმა ერთმანეთისგან შინაგანი დისტანცირება დაიწყო, ბოლოს კი ტერიტორიულადაც მოშორდნენ ერთმანეთს: გალა დროის დიდ ნაწილს ქმრის მიერ ნაჩუქარ პუბოლის ციხე სიმაგრეში ატარებდა, სადაც მრავალრიცხოვან საყვარლებს იღებდა.
“სალვადორისთვის მაინც სულერთია. ყოველ ჩვენგანს თავისი ცხოვრება აქვს“ – ამბობდა ის.

“გალას უფლებას ვაძლევ იმდენი საყვარელი ყავდეს, რამდენიც უნდა. ამაში ხელსაც კი ვუწყობ, იმიტომ რომ ეს აღმაგზნებს“
– ამბობდა დალი, თუმცა თავად ამ დროს სხვა ქალებთან ურთიერთობა არ ქონია.
გალა თეძოს მოტეხილობის შემდეგ 1982 წელს კლინიკაში გარდაიცვალა. დალიმ ის პუბოლაში დამარხა, თვითონ კი კიდევ შვიდი წელი იცოცხლა.

ჯულიეტა მაზინა და ფედერიკო ფელინი
ფელინისა და ჯულიეტა მაზინას ურთიერთობა სრულიად განსხვავებული ტემპერამენტის და ხასიათის ადამიანების ერთობა იყო. ფელინი მუდმივად ქალების ყურადღებით ტკბებოდა, მაზინა კი მორცხვი და თავშეკავებული იყო. ამას ხელი არ შეუშლია მათთვის 50 წელი ერთ ოჯახად ეცხოვრათ.

ჯულიეტა იმედისმომცემი მსახიობი იყო და შეიძლებოდა ნამდვილი ვარსკვლავიც გამხდარიყო, განსაკუთრებით ფილმების – “კაბირიის ღამეები“ და “გზა“ –ს შემდეგ. თუმცა მისი არჩევანი ოჯახზე შეჩერდა . საკუთარი თავი ქმარს და მის კარიერას მიუძღვნა. ჯულიეტა სცენარებს არედაქტირებდა, მსახიობებს არჩევდა და ყველაფერს აკეთებდა ქმრის ცხოვრების შესამსუბუქებლად.
ქორწინების შესახებ ჯულიეტა ამბობდა:

“მე და ფედერიკოს არ შეგვიქმნია ის, რასაც სიტყვა “ოჯახი“ შეეფერება. ჩვენ არ გვყავს შთამომავლობა, არ გვყავს ახლო ნათესავები. ჩვენ ალბათ უფრო წყვილი უნდა გვერქვას. ადამიანების კავშირი, რომლებიც ერთად თავისუფალი არჩევანის გამო რჩებიან. ყოველთვის მეკითხებიან, რთულია თუ არა გენიოსთან ცხოვრება. ამაზე ვპასუხობ, რომ სულელთან ცხოვრება უარესად გამაღიზიანებდა. მე და ფედერიკოს ერთი უპირატესობა გვაქვს: ძალიან ახალგაზრდები დავქორწინდით და აქედან გამომდინარე ერთად მოვმწიფდით, პიროვნებებად ერთად ჩამოვყალიბდით. ვაღიარებ, რომ ძალიან განსხვავებულები ვართ. მე ლაქლაქი მიყვარს. მას ჩუმად ყოფნა. მე ყველაფერს უმნიშვნელო დეტალებში აღვწერ, მას განსაკუთრებული გემოვნება აქვს და სინთეზის აღქმა. მე მოგზაურობა მიყვარს. მას ეზიზღება. მე ცეკვა მიყვარს, მას კი არასდროს უცდია. მე მუსიკის მოსმენა მიყვარს, მას კი საათობით კითხვა. თუმცა მთავარი საერთო გვაქვს: ორივეს გვიყვარს კვირა დღის გატარება მშვიდ, ოჯახურ გარემოში და ორივეს ძალიან გვიყვარს სანახაობა“.

კლემენტინა და უინსტონ ჩერჩილი
კლემენტინა არ ყოფილა “კომფორტული“ ცოლი, რომელიც ქმრის ახირებებს უსიტყვოდ აკმაყოფილებდა. მას გამოკვეთილი ხასიათი და ბრწყინვალე გონება ჰქონდა. თუმცა მეუღლის სისუსტებს მშვიდად ხვდებოდა, მათ შორის სიგარებისა და ვისკის სიყვარულს.

მთავარი პრინციპი, რასაც კლემენტინა ოჯახური ცხოვრებისას იცავდა ასეთია:


“არასოდეს აიძულოთ ქმარი თქვენ დაგეთანხმოთ. მეტს მიაღწევთ, თუ მშვიდად და წყნარად დარჩებით საკუთარ პოზიციაზე და მას თავს არ მოახვევთ. დროთა განმავლობაში დანახავთ, როგორ მიდის ქმარი შეუმჩნევლად დასკვნამდე, რომ მართალი ხართ“
. კლემენტინამ მოახერხა საკუთარი თავის პატივისცემა და ქმრის სიყვარული ერთმაენთთან შეეთავსებინა. მისი ზომიერი სიჯიუტე და სიბრძნე მისი და უინსტონ ჩერჩილის 57 წლიანი ბედნიერი ოჯახური ცხოვრების საფუძველი გახდა.
მართალია ისინი პიროვნული თვისებებით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულები იყვნენ და სხვადასხვა საძინებლებშიც ეძინათ, ამას ხელი არ შეუშლია ერთმანეთთან თბილი ურთიერთობა ჰქონოდათ, 5 შვილი გაეზარდათ და 1700 სასიყვარულო ღია ბარათი დაეწერათ.
თავად ჩერჩილი ამბობდა: “ჩემი დაქორწინება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი და სასიხარულო მოვლენა იყო.“