Covid-19–ის ეპიდემიის განვითარების პარალელურად ექსპერტების უმრავლესობა იხრება მოსაზრებისკენ, რომ ადრე თუ გვიან კორონავირუსით პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი დაავადდება. არსებობს მოსაზრებაც, რომ ეს ვირუსი ჩვეულებრივ სეზონურ გრიპებს შორის დაიკავებს მუდმივ ადგილს.
და თუ დაინფიცირება მხოლოდ დროის საკითხია, საფიქრალია არა იმდენად ის, თუ როგორ დავაღწიოთ მას თავი, არამედ ის, როგორ მოვემზადოთ მისთვის.
მოკლედ გთავაზობთ მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას და პასუხებს კითხვებზე, რაც ამდროისთვის SARS-CoV-2–ის შესახებ არსებობს.
რას წარმოადგენს ახალი ვირუსი?
ვირუსი– ეს არის გენეტიკური კოდის პაწაწინა ნამცეცი, რომელსაც დამცავი ცილოვანი გარსი აქვს. მისი ნაწილაკები იმდენად მცირეა, რომ მათი დანახვა ჩვეულებრივი მიკროსკოპით შეუძლებელია.
სწორედ უმცირესი ზომაა ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც ვირუსისგან თავის დაცვა ასეთი ძნელია. ხველისას ინფიცირებული გარემოში ნერწყვის უწვრილეს წვეთებს გამოყოფს, და ყოველ მათგანში შეიძლება ვირუსის მილიონობით ნაწილაკი იყოს.
უჯრედში შეღწევისას ვირუსი მას აიძულებს ნორმალური ცილების ნაცვლად მისი ასლები წარმოქმნას. ასე ვითარდება დაავადება.
საიდან გაჩნდა ახალი კორონავირუსი
მეცნიერებისთვის ათეულობით მილიონი ვირუსია ცნობილი და მუდმივად ხდება ახალი, აქამდე უცნობი სახეობების აღმოჩენა. ამასთან, მათი უდიდესი უმრავლესობა სრულიად უვნებელია ადამიანისთვის. საშიშროებას წარმოადგენს მხოლოდ რამდენიმე ასეული ვირუსი და მათ უმრავლესობასთან ბრძოლას ჩვენი იმუნური სისტემა ევოლუციის განმავლობაში წარმატებით მიეჩვია.
თუმცა, ევოლუციას ვირუსებიც განიცდიან და ზოგჯერ მუტაციის შედეგად ინფექცია, რომელიც ადრე მხოლოდ ცხოველებში არსებობდა, ადამიანის ორგანიზმში აღწევს.
ასეთი ახალი ვირუსები განსაკუთრებით საშიშია, რადგან ჩვენი იმუნიტეტი მას არასოდეს შეჯახებია და ჯერ არ აურჩევია დამცავი მექანიზმი.
შედეგად ვირუსი აქტიურად ვრცელდება ადამიანებს შორის და ეპიდემიას იწვევს. სწორედ ეს მოხდა შიდსთან, SARS, MERS–თან, ამჟამად კი ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით.
რით განსხვავდება ახალი კორონავირუსი წინამორბედი SARS და MERS–ისგან?
ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის დირექტორის, პიტერ პიოტის თქმით, ახალ კორონავირუსს ოთხი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი აქვს:
პირველ რიგში, დაინფიცირებიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ადამიანს არანაირი სიმპტომი არ უვლინდება, თუმცა უკვე შეუძლია სხვებს გადასდოს დაავადება. ეს განსაკუთრებით უსიამოვნო თვისებაა, რადგან მნიშვნელოვნად ართულებს ვირუსის იზოლაციას.
SARS–ის შემთხვევაში მაგალითად ყველაფერი პირიქით იყო: სიმპტომი თავიდანვე ჩნდებოდა, თუმცა გარშემომყოფებისთვის საფრთხეს დაავადებული მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ წარმოადგენდა.
მეორეც: დაავადებულთა 80% მხოლოდ მსუბუქ უსიამოვნებას გრძნობს, ჩვეულებრივი გაციების ან გრიპის მსგავსს. ყოველი მეხუთე, ანუ 18% კი საერთოდ ვერ გრძნობს ვერანაირ სიმპტომებს, მაგრამ ამავე დროს ინფიცირების წყაროა, ისე რომ თვითონაც არ იცის.
მესამე: რადგან Covid19–ის სიმპტომები ძალიან გავს ჩვეულებრივ გრიპს, ბევრი დაავადებული არცკი ეჭვობს, რომ ახალი ვირუსის მატარებელია და გარშემომყოფთა დაინფიცირებას განაგრძობს.
და მეოთხე: დაავადების პირველ ეტაპზე ვირუსი აქტიურად მრავლდება სწორედ ყელში, ამიტომაც ნებისმიერ დაცემინება და წამოხველება ინფიცირებულის გარშემო მილიარდობით ვირუსულ ნაწილაკს გამოყოფს. ხველა კი ინფიცირებულს ყველაზე ადრე ეწყება. ყველა დანარჩენი სიმპტომი, თუ ისინი საერთოდ გამოჩნდა, მხოლოდ მოგვიანებით ჩნდება.
როდის უნდა ველოდეთ ვაქცინას?
მოკლე პასუხია – არ ელოდოთ. თუნდაც უახლოეს მომავალში ვაქცინის შემუშავება მოხერხდეს, თქვენ ალბათ აღარ გამოგადგებათ.
მართალია ვაქცინის პირველი კლინიკური კვლევები უკვე დაიწყო, თანაც სხვადასხვა ქვეყნებში ერთდროულად რამდენიმე ვარიანტს ტესტავენ, მაგრამ საუკეთესო შემთხვევაში ვაქცინის მასობრივი წარმოება 2021 წლის ბოლომდე არ დაიწყება, როცა მათი უდიდესი ნაწილი, ვისაც ვირუსი ემუქრება სავარაუდოდ მას უკვე მოიხდის.
უფრო მეტიც, მართალია ექსპერტების უმრავლესობა ოპტიმისტურად არის განწყობილი, მაგრამ არ გვაქვს გარანტია, რომ ვაქცინის შექმნა საერთოდ მოხერხდება. პიტერ პიოტი მაგალითად გვახსენებს, რომ შიდსის ვაქცინის შექმნის მცდებოლობები 35 წელია უშედეგოდ გრძელდება. თუმცა ამ პერიოდის მანძილზე გამოჩნდა უკვე რამდენიმე პრეპარატი დაავადების ეფექტური პროფილაქტიკისთვის.
რამდენად საშიშია ვირუსი სინამდვილეში?
უნივერსალური შკალა ასეთი რისკის შესაფასებლად არ არსებობს. თუმცა არსებობს ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ყოველი დაავადების საშიშობას განსაზღვრავენ: გადამდებობა, ანუ მისი გავრცელების სიადვილე და სისწრაფე და სიკვდილიანობის დონე.
ჩინელი ექიმების თავდაპირველი გათვლებით, უხანში , ანუ კორონავირუსის ეპიცენტრში ყოველი ინფიცირებული საშუალოდ 2.2 ჯანმრთელი ადამიანის დაინფიცირებას ასწრებდა. იმისათვის, რომ ეპიდემია კლებისკენ წავიდეს, ეს მაჩვენებელი 1–ზე დაბალი უნდა იყოს.
თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ უხანი სწრაფად ჩაკეტეს კარანტინში, ასე რომ გავრცელება სინამდვილეში ბევრად მაღალი უნდა ყოფილიყო. როდესაც ვირუსის აფეთქება იტალიაში დაიწყო, იქ ყოველი დაავადებული უკვე საშუალოდ 3–4 ჯანმრთელ ადამიანს გადასცემდა დაავადებას.
და მართალია ახალი ვირუსი ისევე მარტივად ვრცელდება, როგორც სეზონური გრიპი, ის ბევრად უფრო გადამდებია. ჰაერში ის სამი საათის განმავლობაში ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას, პლასტმასის და ფოლადის ზედაპირებზე – სამ დღემდე.
სიკვდილიანობა
მეცნიერები ახალი კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელს დაავადებულთა 1–2%–ის დონეზე აფასებენ. ეს დაახლოებით 20–ჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი სეზონური გრიპის მაჩვენებელი, თუმცა ახლოსაც ვერ მივა წინა კორონავირუსების SARS–ის (10%) და MERS–ის (35%) მაჩვენებლებთან.
ყველაზე დიდ საფრთხეს ვირუსი ხანდაზმულებისთვის წარმოადგენს, რომლებსაც დასუსტებული იმუნიტეტი და ქრონიკული დაავადებები აქვთ. 70 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფში სიკვდილიანობა 5%–ს აღემატება. 80 წლის ასაკის ზევით კი ვირუსისგან ყოველი მეათე იღუპება.
არსებობს თუ არა სპეციფიური თერაპია ვირუსის წინააღმდეგ
მოკლე პასუხია – ჯერჯერობით არა. დაავადებულებს მხოლოდ სიმპტომატურად მკურნალობენ, ანუ ებრძვიან არა თვითონ დაავადებას, არამედ მის გამოვლინებებს.
თუმცა, ექიმები ხაზს უსვამენ, რომ ეს პანიკის საფუძველი არ არის. დაავადებულთა უმრავლესობას – 80%–ზე მეტს ექიმების დახმარება საერთოდ არ ჭირდება. ისინი სახლში, გრიპის ჩვეულებრივი საშუალებებით მკურნალობენ და იკურნებიან, როგორც წესი ერთ კვირაში ან ცოტა მეტ დროში.
ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ ყოველ მეხუთე ან მეექვსე ინფიცირებულს ჭირდება, ძირითადად ასაკოვან ადამიანებს და მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ.
თუ დაავადება ვირუსულ პნევმონიაში გადადის და პაციენტს სუნთქვის პრობლემები ეწყება ის რეანიმაციაში გადაყავთ. ასეთი ავადმყოფების რიცხვი დაახლოებით 4%–ს შეადგენს ყველა დიაგნოსტირებულიდან.
რა უნდა ვქნათ დაინფიცირების შემთხვევაში?
როგორც მრავალრიცხოვანი კვლევები და მოდელები აჩვენებს, ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა კარანტინია, რათა გარშემომყოფები არ დააინფიცირო.
პირველივე ეჭვისას , ანუ ხველისა და დაბალი ტემპერატურისას თვითიზოლირება უნდა მოახდინოთ ოჯახის წევრებთან ერთად და სრულ გამოჯანმრთელებამდე გარეთ არ გამოხვიდეთ.
არ მიიღოთ ანტიბიოტიკები. ისინი ვირუსთან ბრძოლაში მაინც ვერ გიშველით.
ნებისმიერი პირადი ურთიერთობისას ქირურგიული ნიღაბი ატარეთ. პროფილაქტიკის თვალსაზრისით ის უსარგებლოა, თუმცა საკმაოდ კარგად იცავს გარშემომყოფებს დაავადებულისგან, რადგან მის ნერწყვს აკავებს.
იმის გათვალისწინებით, რა სწრაფად და ადვილად გადაეცემა ახალი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანს, სავარადოთ ამ ვირუსით ადრე თუ გვიან პლანეტის მნიშვნელოვანი ნაწილი, ან შესაძლოა უმრავლესობაც დაავადდება.
1918–1919 წლებში ე.წ. “ესპანური ვირუსი“ პლანეტის თითქმის ყოველ მესამე მაცხოვრებელს მიწვდა, ახალ ვირუსს კი ბევრად უფრო ეფექტური გადაადგილების საშუალებები აქვს და ის გადამდებობით ესპანურ ვირუსს არ ჩამოუვარდება.
ამიტომაც პიტერ პიოტი გვაფრთხილებს: მზად უნდა ვიყოთ დაავადებისთვის, მათ შორის ფსიქოლოგიურად. უახლოეს კვირებში , და შესაძლოა თვეების განმავლობაშიც დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი მხოლოდ გაიზრდება, განსაკუთრებით, როცა მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყება.
მთავარია პანიკაში არ ჩავარდეთ. არ არის გამორიცხული, რომ თქვენ უკვე მოიხადეთ კიდევაც ვირუსი და მხოლოდ მსუბუქი ხველით გადარჩით, ისე რომ არც ტემპერატურა მოგმატებიათ და არცკი შეგიმჩნევიათ “საშიში ვირუსი“.