საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters სტატიას უძღვნის ქართული ოცნების ლობისტს შეერთებულ შტატებში, რომელიც ცდილობს ქართულ ოცნებაზე ზეწოლისთვის განკუთვნილი კანონპროექტები შეაფერხოს. სააგენტოს ინფორმაციით რესპუბლიკელი დონორი სტივ ნიკანდროსი კონგრესში მოქმედებდა იმ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს ზეწოლას საქართველოს მმართველ პარტიაზე და ამას წერილი ადასტურებს, რომელიც სააგენტოს ხელში ჩაუვარდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთში მწვავე კრიტიკის ქვეშაა დემოკრატიის უკუსვლისა და მოსკოვთან დაახლოების გამო. ინიციატივის ავტორი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი კი აღშფოთებულია ნიკანდროსის ქმედებებით.– წერს Reuters.
გთავაზობთ სტატიის სრულ თარგმანს:
ვაშინგტონი, 23 ოქტომბერი (Reuters) — ამერიკელი ბიზნესმენი და რესპუბლიკელი დონორი, რომელსაც საქართველოში ბიზნესინტერესები აქვს, ბოლო კვირების განმავლობაში კონგრესის წევრებთან ლობირებდა კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელმაც ზეწოლა უნდა მოახდინოს ქვეყნის ანტიდასავლურ მმართველ პარტიაზე. ამან გააღიზიანა გავლენიანი რესპუბლიკელი კონგრესმენი და კიდევ უფრო გაამწვავა კაპიტოლიუმში არსებული დაპირისპირება საქართველოს – რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორის მიმართ პოლიტიკის საკითხზე.
კანონმდებელთა ორპარტიული ჯგუფი იბრძვის კანონპროეტის მისაღებად, რომელიც დასჯის თბილისის სულ უფრო ავტორიტარულ და მოსკოვზე ორიენტირებულ მთავრობას. ამასობაში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე ზრდის ზეწოლას კრემლზე უკრაინაში ომის გამო — ოთხშაბათს მას რუსულ ნავთობურ კომპანიებზე ფართომასშტაბიანი სანქციები დააწესა.
ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც დიდწილად შეუზღუდავდა აშშ-ის მთავრობას „ქართული ოცნების“ მთავრობის ლეგიტიმაციის შესაძლებლობას.
თუმცა ტეხასელი ნავთობის მაგნატი და რესპუბლიკელი დონორი სტივ ნიკანდროსი 30 სექტემბრით დათარიღებულ წერილში მადლობას უხდის რესპუბლიკელ კონგრესმენებს, რომლებმაც ამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.
როიტერსის ხელში არსებული წერილი ასევე მოუწოდებს მათ, რომ შეეცადონ კანონის საბოლოო ჩაგდებას – მას შემდეგ, რაც ის უკვე გავიდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში და პლენარულ კენჭისყრას ელოდება.
კანონპროექტის ავტორმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია ნიკანდროსის მცდელობით ჩაშალოს ინიციატივა.
ნიკანდროსმა როიტერსს კომენტარის თხოვნაზე არ უპასუხა.
წერილში, რომელიც კომპანია TXN Energy-ის ხელმძღვანელის ხელმოწერილია, ნიკანდროსი ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნება“ დემოკრატიულად არჩეული ძალაა, ხოლო მსგავსი კანონპროექტი საქართველოს კიდევ უფრო მიუახლოვებს რუსეთს და დააზიანებს ამერიკულ ბიზნესინტერესებს, მათ შორის მის კომპანიასაც. TXN Energy საქართველოში 1997 წლიდან ოპერირებს.
„ჩვენნაირი კომპანიებისთვის, რომლებიც ინვესტიციებს ახორციელებენ და ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებენ, სტაბილური ორმხრივი ურთიერთობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,“ — აღნიშნულია წერილში.
ნიკანდროსის ლობირება და უილსონის პროტესტი კაპიტოლიუმში მიმდინარე ხანგრძლივი დავის ბოლო მაგალითია. ორივე პარტიის წარმომადგენლები მწვავედ აკრიტიკებენ თბილისის ხელისუფლებას ავტორიტარული მეთოდების გაძლიერებისა და რუსეთისთვის ეკონომიკური არხის გახსნის გამო.
2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველო რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სატრანზიტო მარშრუტად იქცა, რის შედეგადაც ორმხრივი ვაჭრობა საგრძნობლად გაიზარდა. ამერიკელი კანონმდებლების შეფასებით, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აშორებს საქართველოს დასავლეთს და ამყარებს კავშირებს მოსკოვთან, თეირანთან და პეკინთან.
თუმცა საქართველოს მიმართ სანქციების ან ზეწოლის კანონპროექტები ხშირად ჩერდება საკანონმდებლო პროცესში, რაც კონგრესში იმედგაცრუებას იწვევს. ერთი ასეთი ინიციატივა, რომელიც სანქციებს აწესებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, სენატში ჩარჩა, მიუხედავად იმისა, რომ წარმომადგენელთა პალატამ ის მაისში დამაჯერებლად – 349 ხმით 42-ის წინააღმდეგ – დაამტკიცა.
დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოჰენმა სექტემბერში საჯარო მოსმენაზე აღნიშნა:
„საოცარია, რომ ასეთი ფართო მხარდაჭერის მიუხედავად, ეს კანონპროექტი ვერ წინ მიდის. ვერ ვხვდები რატომ.“
უილსონის ინიციატივის საბოლოო დამტკიცების გზაც საკმაოდ მყიფეა, რადგან სენატში მას ანალოგი კანონპროექტი არ აქვს. ნიკანდროსის წერილი Reuters-ს გადასცა ერთ-ერთმა მაღალი რანგის რესპუბლიკელმა თანაშემწემ, რომელიც შეშფოთდა, რომ ნიკანდროსის ქმედებები კიდევ უფრო დაასუსტებსკანონპროექტის მიღების შანსებს.
სხვადასხვა კონგრესმენი მოითხოვს მაქსიმალურ ზეწოლას რუსეთსა და მის სავაჭრო პარტნიორებზე, რათა პუტინი აიძულონ მოლაპარაკებას დაუბრუნდეს უკრაინის საკითხზე. სხვები კი უჭერენ მხარს უფრო შერბილებულ პოლიტიკას მოსკოვისადმი — ტრამპი კი, როგორც ცნობილია, ორივე მიდგომას შორის მერყეობს.
უილსონმა განაცხადა, რომ საკითხს განიხილავს ასევე აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის რანგში:
„როგორც კომისიის თანათავმჯდომარე, რომელსაც აქვს საგამოძიებო უფლებამოსილება, ვაპირებ უფრო დეტალურად გავარკვიო ამ პირის საქმიანობა,“ — მოგვწერა ვილსონმა ელექტრონული ფოსტით.
საქართველოს ელჩმა ვაშინგტონში, თამარ ტალიაშვილმა, განცხადებაში აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნიკანდროსი „ პიონერ ბიზნესმენს“ წარმოადგენს, საქართველოს მთავრობას არანაირი ლობისტური კავშირი არ აქვს აშშ-ში.
Open Secrets-ის მონაცემებით, ნიკანდროსმა რესპუბლიკელ კონგრესმენებსა და მათთან დაკავშირებულ კომიტეტებს 200,000 დოლარზე მეტი შესწირა. როიტერსს ვერ დაუდგენია, ჰქონია თუ არა ამ შემოწირულობებს გავლენა კანონმდებლების გადაწყვეტილებებზე.
ტალიაშვილმა წერილში ასევე აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობები გაუარესდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პერიოდში, თუმცა, მისი თქმით, ტრამპის პირობებში გაუმჯობესების შანსი არსებობს.
„ბატონი სტივენ ნიკანდროსი ამერიკელი ბიზნესმენია, რომელიც ფართოდ არის აღიარებული, როგორც ერთ-ერთი პირველი ინვესტორი, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში ამერიკული კაპიტალი შემოიტანა,“ — წერს ელჩი.
ავტორი: გრემ სლეიტერი















