როცა მარტოხელა დედა სულ დაკავებულია

 

როგორ მოვახერხოთ ბავშვთან სრულფასოვანი ურთიერთობა?

ირველ რიგში, გათავისუფლდით დანაშაულის შეგრძნებისგან. ის კარგს არაფერს მოგიტანთ. თუ ეს შეგრძნება გაწუხებთ, უკვე შეიძლება ითქვას, რომ კარგი დედა ხართ. სხვა ყველაფერი მოგვარებადია.

თუ დიდხანს მუშაობთ და შვილთან ურთიერთობისთვის დრო არ გყოფნით, ეცადეთ ის მინიმალური დრო, რასაც ერთად ატარებთ მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ. ანუ რაოდენობის ნაცვლად ხარისხზე გააკეთეთ აქცენტი.

ფსიქოლოგიაში არსებობს საინტერესო “სამი წუთის წესი“. ის შემდეგში მდგომარეობს: ბავშვთან შეხვედრისას (მაგალითად, როცა ბაღიდან გამოგყავთ) სამი წუთი მთლიანად, განუყოფლად მას დაუთმეთ. არსებობს რამდენიმე წესი, რომ ეს ურთიერთობა ხარისხიანი იყოს და 100% ით ჩაერთოთ ბავშვთან ურთიერთობაში: ბავშვთან შეხვედრისას ბავშვის თვალების დონემდე ჩაიკუზეთ, ჩაეხუტეთ და დაინტერესდით, როგორ გაატარა ის პერიოდი, როცა ერთად არ იყავით. არ დაგავიწყდეთ ამ დროს შეხვედრით გამოწვეული სიხარულის დემონსტრირება, თითქოს ის ძალიან დიდი ხანია არ გინახავთ. მერე რა, რომ დილას ბაღში წაყვანისას ნახეთ. თუმცა, არაბუნებრივი გადამეტებაც არ არის საჭირო.


რა თქმა უნდა, სამი წუთის წესი არ გულისხმობს, რომ ბავშვთან ურთიერთობა ამ სამი წუთით უნდა შემოიფარგლოს, მაგრამ მისი დაცვა დაგეხმარებათ ბავშვისთვის დათმობილი ნაკლები ყურადღების კომპენსირებაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გამოძებნოთ ერთობლივი საქმე, რომელსაც ორივე ერთად სიამოვნებით გააკეთებთ. თუნდაც კვირაში ერთხელ.  ეცადეთ ბავშვის აღზრდაში ახლობლები და ნათესავებიც ჩართოთ, თუ რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია. სასურველია პატარა ბიჭს საკუთარი სქესის ახლობლებთან ქონდეს ურთიერთობა – ბიძა, ბაბუა, თუმცა თუ ისინი არ ყავს, მისთვის ავტორიტეტული ზრდასრული მამაკაცი სხვაგანაც შეიძლება ეძებოთ. მაგალითად მასწავლებელი, ტრენერი.

გახსოვდეთ, რომ ბავშვის აღზრდის საუკეთესო მეთოდი მშობლის მაგალითია. ამიტომაც ბავშვის აღზრდა საკუთარი თავით დაიწყეთ. თუ გინდათ თქვენმა შვილმა წიგნი იკითხოს, თავადაც იკითხეთ. ოცნებობთ რომ ის აქტიური, სპორტული იყოს? თქვენ უჩვენეთ მაგალითი. იარეთ მასთან ერთად მუზეუმებში, გამოფენებზე. იმისათვის, რომ ბავშვი კეთილი და გულისხმიერი გაიზარდოს, თქვენ დაეხმარეთ გარშემომყოფებს, თუნდაც მეგობრებს და მეზობლებს. და რაც მთავარია – თავად გახდით ბედნიერი, რომ შვილმა ამაშიც მოგბაძოთ.