გრიპი ერთერთი ყველაზე გადამდები ვირუსული დაავადებაა, რომელიც იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ დარღვევებს, რასაც თან ახლავს სამუშაო საათების გაცდენა და შრომის უნარიანობის დაქვეითება.
სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელია უეცარი დაწყება მაღალი ცხელებით, რასაც თან ახლავს ხველა, თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი სისუსტე, ყელის ტკივილი და სურდო. ხველა შეიძლება 2 კვირაზე მეტ ხანსაც გაგრძელდეს. უმეტეს შემთხვევაში პაციენტები გამოჯანმრთელდებიან, თუმცა შესაძლებელია გართულებების განვითრება, რაც იწვევს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილსაც კი.
გრიპის თავიდან აცილების საუკეთსო საშუალებაა ვაქცინაცია. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გრიპის სეზონი ჩვეულებრივ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დგება. შესაბამისად ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით არის.
გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებებს, სწორედ ამიტომ გრიპის ვაქცინის წარმოებისათვის გამოყენებული ვირუსებიც ყოველწლიურად იცვლება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად.
სრულყოფილი დაცვის ჩამოყალიბებისათვის ორგანიზმს აცრის შემდგომ სჭირდება 14-20 დღე. იმუნიტეტი ნარჩუნდება
6-12 თვის განმავლობაში, ამიტომაც საჭიროა ყოველწლიური აცრა.
თუ დაავადდით გრიპით – დროულად მიმართეთ ექიმს, რაც გართულების გარეშე გამოჯანსაღების შესაძლებლობას მოგცემთ.
დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში რეგისტრირებულია გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინები, რომელიც უზრუნველყოფენ დაცვას გრიპის ოთხივე ვირუსის წინააღმდეგ.
ვაქცინაცია მკვეთრად ამცირებს დაავადების გართულებებისა და ჰოსპიტალიზაციის რისკს, მცირდება ქრონიკული დაავადებების გამწვავევების სიხშირეც.