როგორ გავუფრთხილდეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას კორონავირუსის პანდემიის პირობებში

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომელიც კორონავირუსის პირობებში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის მოსახლეობისთვის გაიცა.

როგორც რეკომენდაციაშია აღნიშნული, იმის გამო, რომ COVID-19 ბევრ ქვეყანაში გავრცელდა, მოსახლეობას მიმართავენ, არ დააკავშიროთ ვირუსი რომელიმე ეთნიკურ ჯგუფსა თუ ეროვნებასთან, გამოიჩინონ თანაგრძნობა მათ მიმართ, ვისაც ეს პრობლემა გაუჩნდა, მიუხედავად რეგიონისა და ქვეყნისა.

გთავაზობთ ფსიქოლოგ, ჯანა ჯავახიშვილის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების თარგმანს :

მოსახლეობისთვის

1. COVID-19 გავრცელდა ბევრ ქვეყანაში. ამიტომ, გთხოვთ, არ დააკავშიროთ ის რომელიმე ეთნიკურ ჯგუფსა თუ ეროვნებასთან. გამოიჩინეთ თანაგრძნობა მათ მიმართ, ვისაც ეს პრობლემა გაუჩნდა, მიუხედავად რეგიონისა და ქვეყნისა. მათ, ვინც ავად გახდნენ, არაფერი დაუშავებიათ.

2. ნუ უწოდებთ დაავადებულ ადამიანებს „კორონავირუსის შემთხვევებს”, „მსხვერპლებს” „კორონავირუსიან ოჯახებს” ან „ავადმყოფებს”. ისინი არიან „ადამიანები, ვისაც აქვს კორონავირუსი”, „ადამიანები, რომლებიც გადიან მკურნალობას კორონავირუსის გამო”, „ადამიანები, რომლებიც არიან კორონავირუსისგან განკურნების პროცესში” და COVID19-სგან განთავისუფლების შემდგომ დაუბრუნდებიან თავიანთ სამსახურებს, ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს.

3. თავი აარიდეთ იმგვარი ახალი ამბებისა თუ გადაცემების ყურებას, რომლებიც თქვენში შფოთვას გაამძაფრებს. ინფორმაცია, ძირითადად, მოიძიეთ იმ მიზნით, რომ განახორციელოთ პრაქტიკული ნაბიჯები თქვენი და თქვენ გარშემო მყოფი ადამიანების თავდაცვის მიზნით. ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დღეში ერთხელ ან ორჯერ. უეცარი და თითქმის უწყვეტი ახალი ამბების ნაკადი ვირუსის გავრცელებაზე ნებისმიერს შეაშფოთებს. გაამახვილეთ ყურადღება ფაქტებზე. შეაგროვეთ ინფორმაცია რეგულარული ინტერვალებით, ჯანმოს ვებგვერდიდან და სხვა ავტორიტეტული და სანდო პლატფორმებიდან – იმისთვის, რომ ფაქტები ჭორებისგან განასხვაოთ.

4. თავი დაიცავით და სხვებსაც გაუფრთხილდით. სხვისი დახმარება ამგვარი კრიზისის დროს ეხმარება როგორც იმას, ვისაც ეხმარებიან, ასევე თავად დამხმარეს.

5. ეცადეთ გააზიაროთ პოზიტიური ამბები (მაგალითად – გამოჯანმრთელების თაობაზე) და პოზიტიური იმიჯები ადგილობრივი ადამიანებისა, რომლებმაც გამოიარეს დაავადება და გამოჯანმრთელდნენ, ან მათი, ვინც თავის ახლობლებს თანადგომას უწევს.

6. აღნიშნეთ იმ ადამიანების ღვაწლი, ვინც ეხმარება დაინფიცირებულ ადამიანებს და ზრუნავს თემის/საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვაზე.

ჯანდაცვის მუშაკებისთვის

7. ჯანდაცვის მუშაკები ამჟამად იღებენ ისეთ გამოცდილებას, რომელიც იწვევს სტრესს. ამიტომ, მოცემულ ვითარებაში აბსოლუტურად ნორმალურია იგრძნოთ სტრესი. სტრესი და მასთან დაკავშირებული შეგრძნებები/გრძნობები არ არის იმის მანიშნებელი, რომ თქვენ არ შეგიძლიათ საქმის კეთება, ან რომ სუსტი ხართ. პირიქით. საკუთარი სტრესის მართვა ასეთ დროს იმდენადვე მნიშვნელოვანია, როგორც თქვენი ფიზიკური მდგომარეობის მართვა.

8. დაუკვირდით და შეეცადეთ, დაიკმაყოფილოთ თქვენი საბაზო საჭიროებები და გამოიყენოთ სტრესთან გამკლავების კონსტრუქციული სტრატეგიები: აუცილებლად მიეცით თავს დასვენების საშუალება – როგორც მუშაობისას, ასევე მორიგეობებს შორის ინტერვალში; იკვებეთ ჯანსაღად, იყავით ფიზიკურად აქტიური, იყავით კონტაქტში მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. თავი აარიდეთ სტრესთან გამკლავების საზიანო სტრატეგიებს: თამბაქოს, ალკოჰოლს და სხვა ნარკოტიკებს. გრძელვადიანი პერსპექტივით ამას თქვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაუარესება შეუძლია. ეს უნიკალური და უპრეცენდენტო გამოცდილებაა ჯანდაცვის ბევრი მუშაკისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, თუ მათ არ აქვთ მსგავსი კრიზისის მოგვარებაში მონაწილეობის გამოცდილება. მიუხედავად ამისა, ძალიან დაგეხმარებათ წარსულში გამოცდილი კონსტრუქციული გამკლავების სტრატეგიების გამოყენება.

9. ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლოა საკუთარ თავზე გამოსცადოს ახლობლების, ოჯახის წევრების, მეზობლების მხრიდან თავის არიდების ქცევა – სტიგმისა და შიშის გამო. ამან შესაძლოა, კიდევ უფრო დაგიმძიმოთ სტრესული გამოცდილება. თუ შესაძლებელია, იყავით კავშირში თქვენს საყვარელ ადამიანებთან დიგიტალური საშუალებების გამოყენებით. ასევე, ეძიეთ სოციალური მხარდაჭერა კოლეგების წრეში, თქვენს მენეჯერთან ან სხვა სანდო ადამიანებთან – თქვენი კოლეგები, შესაძლოა, იმავე სირთულეებს განიცდიან, რასაც თქვენ, და ერთმანეთის მხარდაჭერა დაგეხმარებათ, უკეთ იგრძნოთ თავი.

10. განსაკუთრებული (ინტელექტუალური, შემეცნებითი, ფსიქოსოციალური) საჭიროებების მქონე ადამიანებთან კომუნიკაციისას ვირუსზე გამოიყენეთ მარტივი და გასაგები ენა. თუ ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხართ, არ შეიზღუდოთ თავი კომუნიკაციის მხოლოდ წერილობითი ფორმით.

ჯანმრთელობის დაცვის და სამკურნალო ორგანიზაციების მენეჯერებსა და ლიდერებს

11. შეეცადეთ დაიცვათ თქვენი თანამშრომლები ქრონიკული სტრესისგან და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისგან – ამ შემთხვევაში ისინი უკეთ შეძლებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას.

12. იზრუნეთ თანამშრომლებთან კომუნიკაციის მაღალ ხარისხსა და ინფორმაციის რეგულარულ განახლებაზე. გააკეთეთ მუშაკების როტაცია მუშაობის მაღალი სტრესისა და დაბალი სტრესის პირობების მონაცვლეობით. ნაკლები გამოცდილების თანამშრომლები ამუშავეთ პარტნიორობაში უფრო გამოცდილ კოლეგებთან. ორგანიზაციაში/გუნდში წაახალისეთ უერთიერთდახმარების კლიმატი – ეს უზრუნველყოფს მხარდაჭერას, ერთმანეთის სტრესის მონიტორინგსა და უსაფრთხოების პროცედურების დაცვას. ადამიანები, ვინც თემში გადიან სამუშაოდ, აუცილებლად უნდა მუშაობდნენ წყვილებში. წაახალისეთ, მონიტორინგი გაუწიეთ და თავად გააკეთეთ ინიცირება სამუშაო შესვენებებისა, საჭიროების მიხედვით. გააკეთეთ მოქნილი გრაფიკი იმ თანამშრომლებისთვის, ვინც უშუალოდ ექვემდებარება სტრესულ მოვლენებს, ან ვისი ოჯახიც ამგვარ მოვლენებს დაექვემდებარა.

13. თუ გუნდის ან სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი ხართ – უზრუნველყავით, რომ საჭიროების შემთხვევაში თქვენს თანამშრომლებს ჰქონდეთ ფსიქოლოგიური და ფსიქოსოციალური მომსახურების მიღების შესაძლებლობა. მენეჯერებიცა და გუნდის ხელმძღვანელებიც სტრესორთა იმავე სისტემის ზემოქმედებას განიცდიან, რასაც მათი თანამშრომლები, და ზოგჯერ – გამომდინარე მაღალი პასუხისმგებლობიდან, უფრო მეტსაც კი. ამიტომ, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, და მეორე მხრივ – მენეჯერებმა პირადი მაგალითით უჩვენონ თანამშორმლებს სტრესთან გამკლავების კონსტრუქციული სტრატეგიები.
14. გაათვიცნობიერეთ პირველადი ემოციური და ფსიქოლოგიური დახმარების მეთოდებში და პრაქტიკულ ხერხებში მედპერსონალი, სასწრაფოს მძღოლები, მოხალისეები, მასწავლებლები; ისინი, ვინც შემთხვევებს ავლენენ და კარანტინის მუშაკები.

ბავშვებზე მზრუნველ პირთათვის

15. დაეხმარეთ ბავშვებს, რათა გამონახონ პოზიტიური გზები (მაგ., ხატვის საშუალებით და სხვ.), რათა გამოხატონ შემაწუხებელი გრძნობები – მაგ., შიში და სევდა. თითოეულ ბავშვს გამოხატვის თავისი გზა აქვს. ზოგჯერ ამის ხელშემწყობია ისეთ შემოქმედებით აქტივობებში ჩართვა, როგორიცაა თამაში, ხატვა, და ა.შ.. შემაწუხებელი გრძნობების გამოხატვა/კომუნიკაცია უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში ეხმარება ბავშვებს, გაუმკლავდნენ სტრესს.

16. ამყოფეთ ბავშვები ახლოს თავის მშობლებთან და ოჯახთან, თუ ეს უსაფრთხოა ბავშვებისთვის, და რამდენადაც შესაძლებელია, თავი აარიდეთ ბავშვებისა და მათზე მზრუნველი ადამიანების (მშობლების, ძიძების და ა.შ.) დაცილებას. თუ აუცილებელი გახდა ბავშვის დაშორება მის ძირითად მზრუნველთან, მაშინ დარწმუნდით, რომ მას კარგ ალტერნატიულ ზრუნვას უწევენ და სოციალური მუშაკი ან მისი ექვივალენტი რეგულარულად შეამოწმებს ბავშვის კეთილდღეობას. ამასთან, დაშორების პერიოდში, უზრუნველყავით ბავშვის რეგულარული კონტაქტი მისი ოჯახის წევრებთან/მზრუნველებთან – იქნება ეს დღეში ორჯერ სატელეფონო საუბარი, ან ვიდეო ზარი, თუ სხვა, ასაკისთვის შესაფერისი კომანუნიკაციის ფორმატი (მაგ, სოციალური მედია).

17. მაქსიმალურად შეინარჩუნეთ ჩვეული რუტინა, განსაკუთრებით, როცა ბავშვი სახლშია იზოლირებული. ჩართეთ ბავშვი ასაკისთვის შესაფერის აქტივობებში. რამდენადაც შესაძლებელია, წაახალისეთ ბავშვი, ურთიერთობა ჰქონდეს და ითამაშოს სხვებთან – თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრებთან, თუ ოჯახი იზოლაციის მდგომარეობაშია.

18. სტრესისა და კრიზისის პერიოდში, ბავშვებს მეტი ურთიერთობა სჭირდება და ისინი ითხოვენ კიდევაც მშობლების ყურადღებას. განიხილეთ კორონავირუსი თქვენს შვილებთან გულწრფელად და მათი ასაკისთვის შესაბამისი ფორმით. თუ შეატყობთ, რომ ბავშვი წუხს, განიხილეთ მისი წუხილი ერთობლივად, ამან შესაძლოა, შეამსუბუქოს მისი მდგომარეობა. ბავშვები აკვირდებიან ზრდასრულთა ემოციებსა და ქცევას და მათგან სწავლობენ რეაგირებას და ემოციების მართვას განსაცდელის დროს.

მათთვის, ვინც ხანდაზმულებზე ზრუნავს

19. ხანდაზმულებმა, განსაკუთრებით მათ, ვინც იზოლაციაში არიან, ან ვინც დემენციის მდგომარეობაშია, შესაძლოა მეტად იშფოთონ, ჰქონდეთ მეტი ბრაზი, სტრესი, იყვნენ აჟიტირებული ან გაითიშონ ამგვარი კრიზისის/კარანტინის დროს. გაუწიეთ პრაქტიკული და ემოციური დახმარება არაფორმალური კავშირებისა (ოჯახის) და პროფესიონალების დახმარებით.

20. გაუზიარეთ მარტივი ფაქტები იმის თაობაზე, რა ხდება, და მკაფიო ინფორმაცია იმაზე, როგორ არის შესაძლებელი ინფიცირების რისკის დაქვეითება – ისეთი ფორმით, რომ ადვილად გასაგები იყოს შემეცნებასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე მოხუცებისთვისაც. რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გაუმეორეთ ინფორმაცია. ინსტრუქციები უნდა იყოს არტიკულირებული მკაფიოდ, მოთმინებითა და პატივისცემის გამოხატვით. შესაძლოა, დავეხმაროთ, ასევე, წერილობითი ფორმით, ან ნახატებით. ჩართეთ ოჯახის წევრები და სხვა დამხმარეები ინფორმაციით უზრუნველყოფის პროცესში და აგრეთვე, თავდაცვითი ქცევის გამომუშავებაში (მაგ., ხელების დაბანის).

21. წაახალისეთ ხანდაზმულები (მაგ., კეთილდღეობაში მცხოვრები პენსიონერები), რომ მოხალისეობრივი აქტივობები ჩაატარონ თემში – დაეხმარონ თანატოლებს, გადაამოწმონ მეზობლების მდგომარეობა, იზრუნონ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის შვილებზე და ა.შ.

 

მათთვის, ვინც იზოლაციაშია

22. იყავით აქტიური სოციალურ ქსელებში. იზოლაციაშიც კი შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ თქვენი პირადი საყოველდღეო ჩვეული რუტინა. თუ რეკომენდებულია, რომ ფიზიკური კონტაქტი შეზღუდოთ, რათა გადადების საფრთხე შემცირდეს, შეგიძლიათ იაქტიუროთ სოციალური ქსელებში, იმეილზე, ვიდეოკონფერენციებსა და სატელეფონო საუბრებით.

23. სტრესის დროს, მიაქციეთ ყურადღება თქვენს საკუთარ საჭიროებებსა და გრძნობებს. ჩაერთეთ ჯანსაღ აქტივობებში, რომელიც გსიამოვნებთ და მარელაქსირებელია. ივარჯიშეთ, შეინარჩუნეთ ძილის ჩვეული რუტინა, იკვებეთ ჯანსაღად. შეხედეთ მოვლენებს პერსპექტივაში. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტოები და ექსპერტები ყველა ქვეყანაში მუშაობენ, რათა უზრუნველყონ საუკეთესო ზრუნვის ხელმისაწვდომობა მათთვის, ვინც ინფიცირებულია.

24. თითქმის უწყვეტი ახალი ამბების ნაკადმა ინფექციის გავრცელების შესახებ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება აგრძნობინოს შფოთვა და დისტრესი. ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დროის კონკრეტულ/გარკვეულ პერიოდებში ჯანდაცვის პროფესიონალებისგან და ჯანმოს ვებგვერდზე, და თავი აარიდეთ ჭორების მოსმენას, რაც დისკომფორტს იწვევს.