როგორ მოვიქცეთ, რომ კორონავირუსი ხანდაზმულ ახლობლებს არ გადავდოთ
ასაკი – ერთ–ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირებისას სიკვდილიანობაზე ახდენს გავლენას. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევებმა, სადაც Covid-19–ით დაინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა აჩვენა: რაც უფრო ხანდაზმულია ადამიანი, მით უფრო საშიშია მისთვის კორონავირუსის შედეგები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით სიკვდილიანობა კორონავირუსის დროს 3.5%–ს შედაგენს, მაგრამ ეს ციფრი არ უნდა აღიქვათ, როგორც Covid-19–ით გარდაცვალების ალბათობა. ჩინელი სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ 80 წელს გადაცილებულ ადამიანებში სიკვდილიანობა დაახლოებით 14.8 პროცენტია, იმ დროს, როცა 10–დან 39 წლამდე ადამიანებში 0.4 %–ს შეადგენს.
გარდა ამისა, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის ყველა შემთხვევა აღრიცხული არ არის, რადგან ბევრი მას მსუბუქი ფორმით, ისე გადაიტანს ხოლმე რომ თვითონაც ვერ ხვდება და ექიმებს არც კი მიმართავს.
ამიტომაც დაავადებულებსა და გარდაცვლილებს შორის თანაფარდობა შესაძლოა გაცილებით ნაკლები იყოს, თუ ვირუსის ყველა შემთხვევა აღირიცხება. ბრიტანეთის მთავრობის ექსპერტები მაგალითად ვარაუდობენ, რომ სინამდვილეში ახალი კორონავირუსით სიკვდილიანობა 1%–ს არ აღემატება.
თუმცა ხანდაზმული ადამიანებისთვის რისკი საკმაოდ მაღალია. რა ზომები უნდა მიიღონ ხანდახმულებმა და მათმა ახლობლებმა: პირველ რიგში, არ არის საჭირო პანიკა. მშვიდად უნდა მიუდგეთ შექმნილ ვითარებას.
“არსებობს საკმაოდ მარტივი წესი: თუ 65 წლის ასაკს გადააბიჯეთ, დარჩით სახლში. თავდაცვის მთავარი მეთოდებია: ახლო კონტაქტის შეზღუდვა სხვა ადამიანებთან და ურთიერთობისას დისტანციის დაცვა. კორონავირუსი ორი გზით გადადის: ადამიანიდან ადამიანზე ან ზედაპირზე შეხებისას. როგორც წესი, ადამიანები არ უფიქრდებიან, რა ხშირად ეხებიან სხვადასხვა ზედაპირს საზოგადოებრივ ადგილებში. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ამაზე დაფიქრება. ხშირად კითხეთ საკუთარ თავს: მართლაც გადაუდებლად აუცილებელია სუპერმარკეტში ან ბანკში წასვლა? მუდმივად მიგზავნიან ფოტოებს იტალიიდან: მასზე ჩანს განცხადებები სუპერმარკეტებში, სადაც ნათქვამია: თუ 65 წელზე მეტის ხართ, დარჩით სახლში, დაგვირეკეთ ტელეფონით და ჩვენი მოხალისეები მოგიტანენ საკვებს“ – ამბობს ლონდონის სენტ ჯორჯის უნივერსიტეტის პროფესორი, ვირუსოლოგი ელიზაბეტ გროპელი.
როგორ არ გადავდოთ ვირუსი:
ჯერჯერობით კორონავირუსის ვაქცინა ან წამალი არ გვაქვს. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა ხანდაზმულებზე ვიზრუნოთ. უნდა ვეცადოთ მათ ვირუსი არ გადავდოთ“ – ამბობს დოქტორი გროპელი და აზუსტებს, რომ აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა, თუმცა არ ღირს პანიკაში ან პარანოიაში ჩავარდნა.
ხანდაზმულ ადამიანთან კონტაქტამდე დაფიქრდით და დააზუსტეთ: გაქვთ თუ არა სიცხე, 37.5 გრადუსი ან მეტი. გაქვთ თუ არა მშრალი ხველა.
გახსოვდეთ, რომ იზოლაცია მხოლოდ სახლში გამოკეტვას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს მუდმივად გააზრებულ, დაფიქრებულ ქმედებებს და გადაწყვეტილებებს.
აშშ–ს დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრები გვირჩევენ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი ხანდაზმული ნათესავებისთვის:
• გაიგეთ, რა წამლებს იღებენ თქვენი ახლობლები, დააზუსტეთ, შეგიძლიათ თუ არა მიუტანოთ მათ ეს წამლები საჭიროების შემთხვევაში.
• მიუტანეთ საკვები.
• ხანდაზმულებისთვის ჯობს არამალფუჭებადი პროდუქტები იყიდოთ, რომ მაღაზიაში სიარულის საჭიროება მინიმუმამდე დაიყვანოთ.
რა ვქნათ, თუ ოჯახში ხანდაზმული გვყავს:
ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში საქართველოში ხანდაზმული ადამიანები ხშირად შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობენ. ასეთ სიტუაციაში კონტაქტების თავიდან არიდება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია რისკის შემცირება.
იტალიურმა გაზეთმა La Repubblica–მ ამ კვირაში შეადგინა სპეციალისტების რეკომენდაციების სია, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ სახლში ვირუსით დაინფიცირებული გვყავს. ზოგიერთი რეკომენდაცია მათაც გამოადგებათ, ვისაც სურს ხანდაზმულ ოჯახის წევრს განსაკუთრებით გაუფრთხილდეს.
მაგალითად, ერთ–ერთი რჩევის მიხედვით ხანდაზმულ ადამიანს ჯობს ცალკე ოთახი გამოუყოთ, რომელიც კარგად ნიავდება. მასთან ურთიერთობისას სამდიცინო ნიღაბი გაიკეთოთ, გარდა ამისა, დღეში რამდენჯერმე გააკეთოთ იმ ზედაპირების დეზინფიცირება, რომლებსაც ოჯახის წევრები ეხებიან.