როგორ ვრცელდება ვირუსები ოფისში

კორონავირუსის პანდემიის ფონზე მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს მოუწია საკუთარი ოფისების დატოვება, რადგან მთავრობები კომპანიებს ავალდებულებენ თანამშრომლები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანონ. ეს ზომები კორონავირუსის შესაკავებლად ტარდება და სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ გადავსებული ოფისების დაცლით ვირუსის გავრცელება შეჩერდება.

ცენტრალიზებულ ოფისებში სამუშაოს აკრძალავა ეს არ არის მხოლოდ სიფრთხილის ზომა. ოფისები ვირუსებისა და ბაქტერიების გავრცელების ძირითადი ადგილები იყო ყოველთვის და ახლაც ასეა. ალბათ დაახლოებით წარმოგიდგენიათ როგორ მუშაობს ეს ციკლი: ყოველ სეზონზე ჩნდება ვირუსი. ერთი ადამიანი მიდის ოფისში, ახველებს, აცემინებს და ვირუსს კოლეგებს გადასცემს. და ციკლი გრძელდება. ყოველ სეზონზე ვირუსი ახლიდან დატრიალდება ხოლმე კოლეგების წრეში.


არაერთი მკვლევარი ხსნის იმას, თუ რაოდენ ადვილად ვრცელდება ოფისებში მიკრობები, ბაქტერიები და ვირუსები. მათი თქმით, ადამიანები ყოვლდღიური ცხოვრების დიდ ნაწილს ოფისებში ატარებენ, სადაც საერთო სივრცეებია და დიდია საერთო ზედაპირებზე შეხების ხარისხი, რაც ზედაპირებზე და ჰაერზე მიკრობების რაოდენობას ზრდის.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენს ოფისებში ბერი ადგილი და სივრცე შესაძლოა ვირუსის გავრცელების ვექტორები იყოს.რაც უფრო ხშირად ეხებიან მათ კოლეგები, მით მაღალია დაინფიცირების რისკი.

არიზონას უნივერსიტეტის ჯანდაცვის მკვლევარი ამბობს, რომ ისეთი ადგილები, როგორიც არის მაცივრები, უჯრების სახელურები, ონკანის სახელურები, კარის სახელურები, ყავის აპარატები, როგორც წესი მიკრობების მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევიან.

ეს მიკრობები ძალიან სწრაფად მოგზაურობენ. ამერიკის მიკრობიოლოგიის საზოგადოების მკვლევარება უვნებელი ვირუსი საოფისე შენობებში ერთადერთი კარის სახელურზე და მაგიდის ზედაპირზე განათავსეს. მკვლევარის, ჩარლზ გერბას თქმით ამის შემდეგ, პირველი ადგილი, სადაც მასობრივი დავირუსება მოხდა შესვენებების ოთახი იყო, სადაც თანამშრომლები ყავის დასალევად იკრიბებოდნენ. ამის შემდეგ კი ორ საათში ვირუსი უკვე ისე გავრცელდა, რომ თანამშრომლების 40–დან 60%–ს აღმოაჩნდა, ასევე ოფისის სტუმრებს და ობიექტებს, რომლებსაც ხშირად ეხებოდნენ.

პრობლემა შეიძლება ოფისის თანამშრომელთა მხრიდან ჰიგიენის დაუცველობამ გააღრმავოს. დიდ ბრიტანეთში 2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ოფისის თანამშრომელთა მხოლოდ 61% იბანდა სწორად ხელებს ტუალეტის მოხმარების შემდეგ.

ჭუჭყიანი თითები და ზედაპირები ერთია, თუმცა ვირუსების გარვცელების მთავარი საფრთხე ის არის, რომ ისინი ჰაერში “მოგზაურობენ“. ეპიდემიოლოგი , პროფესორი ალი ჰანი ამბობს, რომ რისკი შენობას კი არა, დაავადებულ თანამშრომლებს უკავშირდება. “თუ ერთი ადამიანი დაავადებულია, მას შეუძლია ხველის, ცემინების, ზედაპირზე შეხების და სხვებთან მჭიდრო კონტაქტის დროს მიკრობები გაავრცელოს. შესაძლოა ეს საკუთარ მაგიდასთან მჯდომმაც მოახერხოს, რადგან მიკრობებს შეუძლიათ მფრინავი წვეთების სახით გავრცელდნენ.“მიკრობების გავრცელებას შესაძლოა ოფისის ცირკულირებადმა ჰაერმაც შეუწყოს ხელი. შენობებში მიკრობები ჰაერში, გათბობის, ვენტილაციის და კონდიცირების სისტემის საშუალებითაც ცირკულირებს.

ჯერჯერობით ზუსტად არ არის დადგენილი ახალი კორონავირუსის ქცევა, რამდენ ხანს ჩერდება ის ზედაპირებზე, ჰაერში და რომელია მისი გადაცემის უფრო ეფექტური გზა. თუმცა ფაქტია, რომ საშინაო ოფისები, საიდანაც ახლა მილიონობით ადამიანი მუშაობს უფრო ადვილად კონტროლირებადი სივრცეა ნაკლები ადამიანით და ნაკლები დაბინძურებული ზედაპირით. თანაც მხოლოდ საკუთარ ჰიგიენურ ჩვევებზე ხართ დამოკიდებული და აღარ გიწევთ დარდი იმაზე, რამდენად კარგად იცავენ მას კოლეგები.

რა თქმა უნდა, ბოლომდე დაცული არც ახლა ხართ, რადგან შეიძლება ვირუსი სახლში ქუჩაში გასვლის შემდეგაც მოიტანოთ. ვირუსი სახლში თავისთავად ვერ აღმოჩნდება. თქვენ ის დაინფიცირებული ადამიანისგან უნდა გადმოგეცეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადებულთან კონტაქტში უნდა შეხვიდეთ, ან დაინფიცირებულ ზედაპირს შეხოთ, შემდეგ კი თქვენს სახლში არსებულ ზედაპირზე გადმოიტანოთ.

თუნდაც ვირუსი თქვენს ხელზე იყოს, ის დაავადებისთვის არ არის საკმარისი. იმისათვის, რომ დაავადდეთ, ის თქვენს ორგანიზმში უნდა მოხვდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც გზით თქვენვე უნდა შეიტყვანოთ თქვენს ორგანიზმში – მაგალითად, სახეზე ხელის ხშირად შეხებით. ეს ეხება ახალ კორონავირუსსაც. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სანიტარული ნორმების დაცვა.

კორონავირუსის პანდემია და ის შიში, რასაც მილიონობით ადამიანი განიცდის ალბათ დაგვეხმარება იმ ჩვევების გამომუშავებაში, რომლებიც სამომავლოდაც გამოგვადგება, რათა უფრო დაცულები ვიყოთ სხვადასხვა ბაქტერიებისა და ვირუსებისგან, რომლებიც ოფისშიც შეიძლება გველოდეს და ქუჩაშიც.