{{ARTICLEIMAGE}}
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი და რიტმი ისეთია, რომ ბევრ მათგანს დამხმარე სამედიცინო პრეპარატების გარეშე არსებობა ვეღარ წარმოუდგენია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები ადასტურებს სამწუხარო ფაქტს, რომ დასავლეთ ევროპის მცხოვრებნი სულ უფრო ხშირად იღებენ პრეპარატებს ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
მუდმივი გადაღლილობა და რეგულარული სტრესი დეპრესიულ აშლილობას და შედეგად უძილობას იწვევს. ადამიანების უმეტესობა უძილობასთან ბრძოლის სწრაფ და ხელმისაწვდომ გზას ირჩევს და საძილე პრეპარატებს იღებს. რა თქმა უნდა, ეს დაძინების ყველაზე სწრაფო და მარტივი გზაა, რომ მძიმე სამუშაო დღის წინ კარგად გამოიძინო. მაგრამ რამდენად უსაფრთხოა უძილობის პრობლემის მოგვარების ეს მეთოდი ადამიანის ორგანიზმისთვის.
ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ საძილე პრეპარატების რეგულარული მიღება ადამიანის ორგანიზმისთვის უვნებელი არ არის. მათ კვლევაში ნათქვამია, რომ საძილე პრეპარატების რეგულარულმა მიღებამ შესაძლოა ორ კვირაში გამოიწვიოს პრეპარატზე დამოკიდებულება, რაც ალკოჰოლურ დამოკიდებულებაზე არანაკლებ მძიმეა.
კიდევ ერთი, საგრძნობი უარყოფითი ეფექტი საძილე პრეპარატის მიღების მეორე დღეს თავის ტვინის ფუნქციონირების დაქვეითებაა. შემთხვევითი არ არის საძილე პრეპარატების ანოტაციებში მითითება, რომ პრეპარატის მიღების შემდეგ ავტოტრანსპორტის მართვა არ არის რეკომენდირებული.