მთელი რიგი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ მიღებული ზომების პაკეტმა ფინანსური სისტემის სტაბილურობის მხარდასაჭერად და ეკონომიკის სტიმულირებისთვის ევროპის ბირჟებს ოპტიმიზმი შემატა. უკვე მეორე დღეა ბირჟებზე აღმავალი ტენდენციაა. პარიჟის ბირჟამ 2%–ით მოიმატა, ფრანკფრუტის სავაჭრო პლატფორმამ– თითქმის 3%–ით, დაახლოებით იგივე მაჩვენებელია ლონდონში.
კორონავირუსის ეპიდემიით და ეკონომიკის გაჩერებით გამოწვეული პანიკის შემდეგ, ექსპერტების აზრით ინვესტორებმა ბოლო ბოლო “დაინახეს შუქი გვირაბის ბოლოს“ და განწყობაც შეეცვალათ – ისინი ყველაფერს ყიდულობენ. უნდათ მომენტით ისარგებლონ და ბირჟების ჩამოქცევის შედეგად გაუფასურებული აქციები იყიდონ, სანამ გაძვირდება. ასეთი შესაძლებლობა ხომ შეიძლება ათასწლეულში ერთხელ მიეცეთ.
ტოკიოს Nikkei–ს ინდექსი ოთხშაბათს 8%–ით ავარდა, ასეთი იყო იაპონელი ტრეიდერების რეაცია ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილებაზე ამერიკის ეკონომიკაში თითქმის 2 ტრილიონი დოლარის ჩასხმის შესახებ.
დამკვირვებლები იგივე ტენდენციას ვარაუდობენ ნიუ–იორკის ბირჟაზე.