შხამიანი ტანსაცმელი, რომელიც ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის

ეკოლოგები ამტკიცებენ, რომ მოდურ მაღაზიაში შეძენილ კაბასა და მთელ რიგ დაავადებებს შორის შესაძლოა უშუალო და პირდაპირი კავშირი არსებობდეს. მსოფლიოში ცნობილი ბრენდებიც კი ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების წარმოებისას საშიშ ქიმიკატებს იყენებენ.
100 მილიონი ქიმიკატი

ცოტამ თუ იცის, რატომ არ იწვის საჭმელი ტაფაზე, ქურთუკი რატომ არ ატარებს წყალს, რატომ არის კაბა კაშკაშა წითელი ან რატომ არის, რომ ქაღალდის ჭიქაში ჩასხმული ყავა არ ჟონავს. ეს ყველაფერი ქიმიური ნივთიერებების საშუალებით მიიღწევა, რომლებსაც საქონლის და ტანსაცმლის წარმოებაში იყენებენ. “გრინფისის“ ექსპერტების თქმით, დღეისათვის 100 მილიონი დასახელების ქიმიკატია ცნობილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ზოგიერთი მათგანის ზემოქმედებამ ინვალიდობის, სიკვდილიანობის ზრდა და საბოლო ჯამში 5 მილიონამდე ადამიანური სიცოცხლის დაკარგვა გამოიწვია. ზოგიერთმა ნივთიერებამ შესაძლოა კიბოს უჯრედების განვითარება, რეპროდუქციული სისტემის მოშლა და სხვა დაავადებები გამოიწვიოს.
პირველ რიგში საუბარია საშიშ პერფტორირებულ და პოლიფტორირებულ ნაერთებზე, რომლებიც გარემოში არ იხრწნება, მრავალი ასეული წლის მანძილზე ნარჩუნდება და ცოცხალ ორგანიზმებშიც გროვდება. მათ ყველაზე შორეულ მთებში მდებარე ტბებში და ჩრდილოეთ პოლუსზე დაავადებული თეთრი დათვების ღვიძლშიც კი პოულობენ.
სამწუხაროდ პოლიფტორირებულ ნაერთებს ტანსაცმლის ბევრი მწარმოებელი იყენებს – იაფფასიანი ახალგაზრდული ბრენდებიდან დაწყებული ძვირადღირებული ბრენდებით დამთავრებული. რამდენიმე წლის წინ ლაბორატორიულმა კვლევებმა მავნე ნივთიერებები ისეთი ცნობილი ბრენდების ტანსაცმელსა და ფეხსაცმელშიც კი აღმოაჩინეს, როგორებიც არიან: Puma, Adidas, Nike, Benetton, H&M, Mango, Zara, Burberry, Armani, Dizel, Gap, Versace, Luis Viutton, D&G, Hermes, Valentino და სხვები. თუმცა მას შემდეგ ტანსაცმლის მწარმოებლები საქმეს უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ. უკვე ასამდე ბრენდმა და რითეილერმა პირობა დადო, რომ 2020 წლისთვის მთლიანად უარს იტყვიან საშიში ნივთიერებების გამოყენებაზე, გაასაჯაროებენ ინფორმაციას საკუთარ საწარმოებში მავნე ნარჩენების გამოყოფის შესახებ. ცნობილი სპორტული ტანსაცმლის და ნივთების მწარმოებელი ბრენდებისთვის წაყალგაუმტარი მასალების მიმწოდებელმა კომპანიამ კი პირობა დადო, რომ 2020 – 2023 წლებში მთლიანად იტყვიან უარს პოლიფტორირებული ნაერთების გამოყენებაზე.
ეკოლოგები დიდი ხანია იბრძვიან იმისთვის, რომ ბრენდებმა თავისი კოლექციების რაოდენობა შეამცირონ და გამოუყენებელი ტანსაცმლის უტილიზაცია სწორად მოახდინონ.
გრინფისის ექსპერტების განცხადებით, მწარმოებლები ყოველწლიურად ზრდიან გარდერობის განახლების სიჩქარეს და დღეისათვის ადამიანები ტანსაცმელს ორჯერ უფრო სწრაფად ცვლიან და აგდებენ, ვიდრე 20 წლის წინ. მაგალითად, ჰონკონგში წუთში 1400 მაისურს აგდებენ. დღევანდელი ტრენდული ტანსაცმელი ხვალისთვის უკვე ნაგვად იქცევა. ამბობენ, რომ ნახმარი ტანსაცმლის გადამუშავება შესაძლებელია,თუმცა ბევრ ქვეყანაში დღემდე არ არსებობს ნარჩენების დახარისხების სისტემა, საქართველოს მსგავს ქვეყნებში კი მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები სავსეა ტანსაცმლით, რომელიც არავის ჭირდება. “ევროკავშირში ყოველდღიურად 1.5 დან 2 მილიონ ტონამდე ნახმარ ტანსაცმელს აბარებენ, თუმცა ადგილზე მხოლოდ მათი 10 % იყიდება. დანარჩენი ექსპორტზე მიდის. ამასთან, აფრიკის, სამხრეთ ამერიკის და აზიის 42 მა ქვეყანამ უკვე შემოიღო შეზღუდვები და აკრძალვები ასეთი საქონლის შეტანაზე. პლანეტა ვეღარ ერევა ამხელა მოცულობას! განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ რომ წარმოებისთვის მეტისმეტად ბევრი მტკნარი წყალი გამოიყენება და წყალსაცავების ქიმიკატებით დაბინძურება ჯერ კიდევ ამ ტანსაცმლის წარმოების პრცესში ხდება. პრობლემის ერთადერთ გადაწყვეტად ექსპერტებს მოხმარების შემცირება მიაჩნიათ.

როგორ გავიგოთ, შეიცავს თუ არა ტანსაცმელი ქიმიკატებს
ამის შესახებ ეტიკეტებზე ფაქტიურად არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. ზოგიერთი ბრენდი წერს, რომ სამოსი პოლიფტორირებულ ნაერთებს შეიცავს, თუმცა ეს ნებაყოფლობითია. როგორც წესი, საშიში ქიმიური ნივთიერებები ქსოვილებისთვის სპეციფიური თვისებების მისანიჭებლად გამოიყენება – მაგალითად, წყალგაუმარობის, ან კაშკაშა ფერისთვის. ამიტომაც ჯობს ნატურალური ფერის ტანსაცმელი, რეზინისა და პლასტიკის ჩანართების გარეშე. ნებისმიერ სინთეტიკაში დიდია გარკვეული ქიმიური ელემენტების არსებობის ალბათობა. განსაკუთრებით ეს ეხება სპორტული და ტურისტული ტანსაცმლის უმრავლესობას.