გერმანელმა მეცნიერებმა დაბერების ბიოლოგიის ინსტიტუტიდან გაარკვიეს სისხლის ანალიზის რა მაჩვენებლები მიანიშნებს, რომ ადამიანს უახლოეს 10 წელიწადში სიკვდილის რისკი ემუქრება.
მკვლევარების გუნდმა 44 168 ევროპელის სისხლის ანალიზის ნიმუში შეისწავლა, რომელთა ასაკი 18–დან 109 წლამდე იყო. მათგან სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზეზით 5 512 ადამიანი დაიღუპა.
ექსპერიმენტის მონაწილეთა სისხლში 226 მეტაბოლური ბიომარკერის გაანალიზებისას მეცნიერებმა გამოვლინეს 14 , რომლებიც ყველაზე ხშირად ხვდებოდათ იმ ადამიანების სისხლში, რომლებიც მალე გარდაიცვალნენ ასაკისა და ორგანიზმის დაბერების გამო (მათი სისხლის აღებიდან სიკვდილამდე პერიოდი 2–დან 16 წლამდე იყო).
იმის შესაფასებლად, რამდენად კარგად შეიძლება ეს ბიომარკერები მიანიშნებდეს სიკვდილის რეალურ რისკზე, მკვლევარებმა შედეგები ანალოგიური ექსპერიმენტის შედეგებს შეადარეს, რომელშიც 7600 ფინელი პაციენტი მონაწილეობდა.
დაკვირვების პერიოდში მათგან 1213 გარდაიცვალა. ბიომარკერებმა კი უახლოესი 5–10 წლის მანძილზე გარდაცვალება დაახლოებით 83%–ის სიზუსტით “იწინასწარმეტყველეს“.
მკვლევარები ამბობენ, რომ ტესტზე მუშაობას განაგრძობენ და კლინიკურ პირობებში მის გამოყენებამდე ჯერ ადრეა. თუმცა სამუშაოს დასრულების შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება სისხლის ანალიზის ახალი მეთოდის შემუშავება, რომელიც განსაზღვრავს, ემუქრება თუ არა პაციენტს უახლოესი ათი წლის მანძილზე სიკვდილი.