“სტრესი იმუნიტეტის მტერია.ნებისმიერ დახველებაზე არ ვინერვიულოთ“–ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ფეისბუქზე სტატუსს წერს და ყველას მოუწოდებს, შიშს ნუ აყვებიან და სტრესს ნუ გაიღრმავებენ:

“უსაყვარლესებო, გარდა იმისა, რომ სტრესი იმუნიტეტის მტერია, გახანგრძლივებული კოლექტიური ტრავმა აძლიერებს შფოთვით აშლილობებს, აძლიერებს ჰიპოქონდრიასაც, – მიუხედავად თვითიზოლაციის ყველა წესის დაცვისა, შეიძლება ბევრს მოეჩვენოს, რომ ახველებს, უშრება და სტკივა ყელი, ემოციურ ფონზე სიცხემაც კი შეიძლება დაიწყოს აწევა… კარგად გავერკვეთ, რა სიმპტომი ახასიათებს კორონას და ნებისმიერ დახველებაზე არ ვინერვიულოთ.

ამავე დროს არ უნდა გამოგვრჩეს ნამდვილი სიმპტომები და რათქმაუნდა, ეს ყველაფერი, რაც ხდება, არც ისე ადვილია, მაგრამ, ვეცადოთ, დავმაგრდეთ იმ კონკრეტულ წამზე, რომელშიც ვარსებობთ, დღეზე, რომელიც გაგვითენდა, ვიცინოთ მეტი, – სიცილის ვიბრაცია ორგანიზმს და ფსიქიკას დადებით მოლოდინებს უქმნის და დავტკბეთ იმით, რომ არსად გვეჩქარება. ჩვენ ხომ სულ ვჩქარობდით, ყოველთვის, მაშინაც, როცა არსად გველოდნენ და მაშინაც, როცა არსად გვაგვიანდებოდა. სახლი მოსაწყენი არაა.

მითუმეტეს სახლი, რომელშიც დიდი ხანია ცხოვრობთ, სავსეა მოგონებებით. გავჩხრიკოთ და დავიწყებული ნივთები აღმოვაჩინოთ, იმ ბედნიერ ამბებთან ერთად რომ დავივიწყეთ მეხსიერების და კარადების უჯრებში, რომელსაც უკავშირდებიან. ველაპარაკოთ ახლობლებს, რომლებთან სალაპარაკოდ ათ წუთსაც კი ძლივს ვპოულობდით დღის განმავლობაში. დრო ხომ ჯადოსნური რამეა, ხან გარბის, ხან ჩერდება, ხოდა ახლა დრო ისე შენელდა, უამრავი სიყვარულის გამოხატვის შესაძლებლობას გვაძლევს. კიდევ ბევრი რამაა ჩვენ ხელში.

დავრჩეთ სახლებში და ვიურთიერთოთ, რომ ჩვენი რისკიც შევამციროთ და რაც მთავარია, სტრესი და რისკი შევუმციროთ მათ, ვისი დროც, ჩვენი დროისგან განსხვავებით, აჩქარდა – ექიმებს, მედპერსონალს, სამართალდამცველებს, დამსუფთავებლებს და მარკეტების თანამშრომლებს, ჩვენი კალათების დაცლაში რომ გავაძრეთ ქანცი. მალე წამალიც იქნება, ყველა სიტყვა მეცნიერებზე და ჩვენს მოთმინებაზეა.“– წერს ნათია ფანჯიკიძე.