ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის ახალი გამოცემა დაამტკიცა, რომელშიც ტრანსგენდერობა განიხილება არა როგორც ფსიქიური აშლილობა, არამედ როგორც “სექსუალურ ჯანმრთელობასთან“ დაკავშირებული საკითხი.
უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch ამას მთელ მსოფლიოში ტრანსგენდერების თავისუფლებისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვან ნაბიჯად თვლის.
დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის ბოლო გამოცემა ტრანსგნდერობას განსაზღვრავს, როგორც ადამიანის შეუთავსებლობას იმ სქესთან, რომელიც მას დაბადებით განესაზღვრა.
წინა გამოცემაში ტრანსგენდერება იდენტობის მოშლად ითვლებოდა და “ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის“ ფარგლებში განიხილებოდა.
“ჩვენ უკეთ გავაცნობიერეთ ეს საკითხი და დავასკვენით, რომ ეს არ არის ფსიქიური ჯანმრთელობის საკითხი. სანამ ტრანსგენდერობა ფსიქიკური აშლილობების განყოფილებაში რჩებოდა, ეს საზოგადოებაში ამ ადამიანების სტიგმატიზებას უწყობა ხელს“ – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი ლეილ სეი.
Human Rights Watch –ის წარმომადგენელი, გრემ რიდი ყველა ქვეყნის მთავრობებს მოუწოდებს უსწრაფესი რეფორმები ჩაატარონ ნაციონალურ ჯანდაცვის სისტემებში და მიიღონ კანონები, რათა ეს “მოძველებული დიაგნოზი“ თავიდან მოიშორონ
ბიბისის კორესპონდენტი, მეგი მონაჰი წერს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებამ ერთის მხრივ სიხარული, მეორეს მხრივ კი ბევრი კითხვები გამოიწვია მათი მხრიდან, ვინც დიდი ხნის მანძილზე სქესობრივ იდენტობასთან დაკავშირებულ დისკუსიებს ადევნებდა თვალს.
პირველ რიგში, ჩნდება კითხვა, რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება პრაქტიკული თვალსაზრისით და მოუტანს თუ არა ეს ზომა მეტ თავისუფლებას ტრანსგენდერებს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც აქტივისტები არასწორ დიაგნოზებზე და გენდერული იდენტობის საკითხის განხილვისას სამედიცინო პერსნალის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ.
დაეხმარება თუ არა ეს ნაბიჯი მარგინალიზებული ჯგუფების სტიგმატიზაციის დაძლევას, და შეცვლის თუ არა დამოკიდებულებას ტრანსგენდერების მიმართ.
გარდა ამისა, ტრანსგენდერი ადამიანების აღწერისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლავ იყენებს ტერმინს “გენდერული მიუღებლობა“, ანუ სურვილი მიეკუთვნებოდე იმ სქესს, რომელიც შენი დაბადებისას მოცემული სქესისგან განსხვავდება.
ეს ფორმულირებები მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გენდერს ეხება. ბიბისი წერს, რომ სწორედ ტერმინების გამო ადანაშაულებს ბევრი უფლებადამცველი აქტივისტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არაპროგრესულ შეხედულებებში.
დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მიმართ სხვა პრეტენზიებიც არსებობს. 50–ზე მეტმა ორგანიზაციამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელშიც დაგმო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიცია, რომელიც სქესობრივი განვითარების ვარიაციებს “სქესობრივი განვითარების მოშლილობას“ უწოდებს.